6 თებერვალს გამთენიისას, 4 საათსა და 17 წუთზე თურქეთში ქალაქ გაზიანთეფთან, სირიის საზღვართან, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით, მას მოჰყვა 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მახლობლად არსებულ ქალაქ ქაჰრამანმარაში. ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია 2000-მდე ადამიანი.
გავრცელებულ კადრებზე ჩანს დანგრეული კორპუსები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები. სამაშველო ოპერაციებს ართულებს ამინდი, ორშაბათსა და სამშაბათს წვიმა და თოვლია გამოცხადებული, ჰაერის ტემპერატურა კი ნულს დაბლაა.
დაზიანებულია საკომუნიკაციო და ენერგოინფრასტრუქტურა, შეფერხებულია ინტერნეტიც. ნანგრევებში კი ასობით ადამიანს ეძებენ.
ძლიერად დაზარალდნენ ლტოლვილებიც, თურქეთის ამ რეგიონში ასობით ათასი სირიელი იმყოფება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში არსებულ სამოქალაქო ომს გამოექცა.
მდგომარეობა ურთულესია სირიაშიც.
“ოთხი შვილი და ცოლი მყავს. სახლში მშვიდად გვეძინა. მიწისძვრა ვიგრძენით და იმწამსვე ავდექით, იმდენად ძლიერი იყო. ოთხსართულიან სახლში ვცხოვრობთ, მესამე სართულზე. ცოლთან და ბავშვებთან ერთად გასასვლელისკენ გამოვიქეცით. როცა გასასვლელს მივაღწიეთ, მთელი სახლი თავზე ჩამოგვენგრა. ღმერთმა გვიშველა. ხის კარი დაგვეცა და ამან გადაგვარჩინა. ჩემი სამი შვილი აქაა, თავზე და სახეზე აქვთ ჭრილობები. მეოთხე უვნებელი გადარჩა. ჩემი ცოლიც დაზიანებულია. დარჩენილი სამი სართულიდან ვერავინ გადარჩა”, — ამბობს დაზარალებული ოსამა აბდელჰამიდი.
თურქეთს სოლიდარობას უცხადებს ნატო, ევროკავშირი და ათეულობით ქვეყანა. თურქეთში რამდენიმე ქვეყანამ უკვე გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, მეძებარი ძაღლები და სპეცტექნიკა. გააქტიურებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს სამაშველო ჯგუფები.
თურქეთში დაზარალებულთა დასახმარებლად მაშველები გაემგზავრნენ საქართველოდანაც. თურქეთის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმაც. სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის ისრაელიც, მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული დაპირისპირებისა და გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებისა.
ბოლოს თურქეთში ამ სიძლიერის მიწისძვრა 1939 წელს, ერზინჯანის პროვინციაში მოხდა, რომლის დროსაც 32 968 ადამიანი დაიღუპა.