მთავარიამერიკააშშაშშ-ში ფსიქოდელიურ ეკლესიებში წევრთა რაოდენობა იზრდება

აშშ-ში ფსიქოდელიურ ეკლესიებში წევრთა რაოდენობა იზრდება

აშშ-ში ხალხის რაოდენობა სულ უფრო იმატებს ისეთ რელიგიურ ორგანიზაციებში, სადაც უძველეს ფსიქოაქტიურ სასმელს აიაჰუასკას სვამენ და ფსიქტროპული თრობის ქვეშ გარკვეულ რიტუალებს ატარებენ. ამ ეკლესიების შამანები და ფასილიტატორები ამბობენ, რომ ამაზონის ჯუნგლებიდან წარმოშობილი ეს ნივთიერება ადამიანებში შფოთვას, დეპრესიას და შიშებს კურნავს და მათ რიტუალებთან ერთად ღმერთთან დაახლოებაში ეხმარებათ. ამ ეკლესიების წინამძღვრები ამბობენ, რომ აიაჰუასკა ადამიანებს სპირიტუალურად განწმენდაში ეხმარებათ და აქ საშიში არაფერია.

„ამ სასმლის და ჩვენი რიტუალის დახმარებით, ვცდილობთ ადამიანებს დავეხმაროთ შინაგანად განწმენდაში. აქ, ისინი შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას იღებენ და თავისუფლდებიან ნეგატიური ემოციებისგან. ჩვენ მათ, განწმენდილი სულით ღმერთთან დაკავშირებაში ვეხმარებით. აიაჰუასკა, მუსიკა და ტაიტა, ერთად შეკრებილ ხალხში ნამდვილ ზეიმს ქმნის. რიტუალის დასრულების შემდეგ ყოველთვის ვამბობ – იმედია აქ აღარ გნახავ. თუ აღარ გნახავ, ე.ი. ყველაფერი კარგად გაქვს. ესაა ჩემი საქმე“, – ამბობს კოლიბრის ეკლესიის დამაარსებელი კორტნი ქლოუზი.

სრულიად განსხვავებულია მედიკოსების და ფსიქიატრიული ცენტრების სპეციალისტების მოსაზრება. მათი განცხადებით, ბრაზილიის ამაზონის ჯუნგლებიდან ორი მცენარის საშუალებით მიღებული ფსიქოდელიური ნივთიერება, სათანადოდ არ არის შესწავლილი და არავინ იცის რეალურად რა სახის ზემოქმედებას ახდენს ის მის მომხმარებელზე. მედიკოსები ამ ნივთიერებას, რომელსაც მისი მომხარებლები წამალს უწოდებენ, რეკომენდაციას არ აძლევენ და მის სათანადოდ შესწავლასა და კვლევას ითხოვენ.

„ამ სასმელს ბრაზილიური ტომები იყენებდნენ სპირიტუალური და სამედიცინო მიმართულებით. ჩვენი მცირე კვლევის შედეგები არ მიუთითებს იმაზე, რომ აიაჰუასკას მიღება შფოთვებს, შიშებს და დეპრესიას კურნავს. ის აჩერებს ამ ფსიქოდელიურ პროცესებს მხოლოდ მისი მოხმარებისას. თუმცა, ადამიანები საუბრობენ ამ სასმლის და რიტუალების სიკეთეებზე. თუ ასე გავყვებით, ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერება ან ნარკოტიკი, მისი მოხმარების პროცესში ადამიანებში გარკვეულ სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, თუმცა პერსპექტივაში მათი მოხმარება ფატალური შედეგებით სრულდება. მეტი და უფრო სიღრმისეული კვლევაა საჭირო“, – აცხადებს ნიუ-იორკის სახელმწიფო ფსიქიატრიული ინსტიტუტის მკვლევარი, დოქტორი სალინა სუბაია.

70-80-იან წლებში აიაჰუასკას მოხმარება მთელ მსოფლიოში დაიწყო. ის პოპულარული ცნობადი ფიგურების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ გახდა. მათ შორის, მსახიობი უილ სმიტი ერთ-ერთია აიჰუასკას მომხმარებელთა შორის. რელიგიური თავისუფლების კანონით, ამ ფსიქოდელიური ნივთიერების მოხმარების უფლება ორ ეკლესიას აქვს აშშ-ში. მკვლევრები კი მის მომხმარებლებს, ემოციური რისკებისა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების გამოწვევის შესახებ აფრთხილებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend