2023 წლის პირველივე დღეებიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეზობელი ღარიბი ქვეყნების მიმართ, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა აამოქმედა.
მარკოს მარზოს კუბის დედაქალაქ ჰავანის საერთაშორისო აეროპორტიდან ოჯახის წევრები და მეგობრები აცილებენ იმ ავიარეისზე, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
25 წლის ახალგაზრდა კუბელი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც აშშ-ის ახალი საიმიგრაციო პროგრამით ისარგებლა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ამოქმედებული პროგრამის საშუალებით, ყოველთვიურად კუბის 30 000 მოქალაქეს, აშშ-ში ორი წლით, ჰუმანიტარული მიზნით ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიეცემა. იგივე პოლიტიკა ამოქმედდა ნიკარაგუას, ვენესუელასა და ჰაიტის მოქალაქეებისთვისაც.
მარკო და პროგრამის სხვა მონაწილეები ამბობენ, რომ ეს შეთავაზება მათ ცხოვრებაში წარმატების ახალი კარია, რომელიც ათასობით ახალგაზრდას უიმედობიდან გამოიყვანს.
„პროგრამის აპლიკაციის შევსების პერიოდი მხოლოდ 7 დღე გაგრძელდა. დიდი იმედებით შევავსე და გამიმართლა, რომ საშუალება მომეცა ჩემი ცხოვრება მკვეთრად შევცვალო. რა თქმა უნდა უკეთესობისკენ. როდესაც შტატებში ჩავალ და ვნახავ იქ როგორი ცხოვრება მექნება, ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავბრუნდე თუ არა კუბაში“, – ამბობს მარკოს მარზო.
პროგრამა მიზნად ისახავს მიგრაციის ნაკადების რეგულირებას და საშიში ქმედებების, მაგალითად ისეთის, როგორიცაა საზღვრის უკანონო კვეთა, თავიდან აცილებას. 2021 და 2022 წლებში ასეთი შემთხვევები კუბიდან განსაკუთრებით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებაა.
„კუბიდან ნამდვილად არის მაღალი მიგრაციის პრობლემა. აშშ დიდი ხანია ცდილობს მართოს მიგრაციული ნაკადი, თუმცა ეს მარტივი არ არის. იმის გარდა, რომ ეს პროგრამა მათთვის კარგი სიახლეა, ის ასევე პრობლემის მომტანიც შეიძლება გახდეს აშშ-სთვის. რადგან, არ ვიცით, კარგი ცხოვრების ნახვის შემდეგ, დაბრუნდებიან თუ არა პროგრამის მონაწილეები თავიანთ ქვეყნებში. მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე 6 თვეში აუცილებლად გამოჩნდება. ჰუმანიტარული მიზნების მიუხედავად, საფრთხეებიც უნდა განვსაზღვროთ“, – აცხადებს პოლიტოლოგი და ექსპერტი კუბის საკითხებში ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში უილიამ ლეოგრანდი.
ახალმა საიმიგრაციო პროგრამამ საფრთხეც გააჩინა. პოტენციური ექსპლოატატორების მიერ სოციალურ მედიაში გავრცელდა რეკლამები, სადაც აპლიკანტებს პირდებიან, რომ 10 000$-ის სანაცვლოდ ამ პროგრამაში ჩასვამენ. როგორ მოხდება ამ საფრთხის თავიდან არიდება, ეს ჯერ უცნობია.