მთავარიგადაცემებითვითმხილველიირლანდიის სათევზაო ინდუსტრია ნელ-ნელა კვდება

ირლანდიის სათევზაო ინდუსტრია ნელ-ნელა კვდება

ირლანდიელი მეთევზეები ამბობენ, რომ ისინი მსხვერპლად შესწირეს ე.წ. პოსტბრექსიტულ სავაჭრო ხელშეკრულებას გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის.

ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია „ვაჭრობისა და თანაშრომლობის შეთანხმების“ სახელით და რომელი ძალაში 2021 წელს შევიდა, ევროკავშირს ავალდებულებს, რომ თევზის გარკვეული ჯიშების ჭერაზე არსებული  კვოტის საკუთარი წილი ატლანტის ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაში თანდათან გაერთიანებულ სამეფოს გადასცეს.

კვოტების გადაცემის გამო ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა ირლანდიაა. სამთავრობო კვლევის მიხედვით, 2025 წლისთვის ირლანდიის თევზმჭერი გემები კუთვნილი კვოტების 15 პროცენტს დაკარგავენ, რაც თანხობრივად წელიწადში დაახლოებით 43 მილიონი ევროს დანაკარგს უდრის.

„ეს სასიკვიდლო დარტყმაა,“ – ამბობს ჯონ ნოლანი, ირლანდიის მეთევზეთა ქალაქის კასტელთაუნბერის მთევზეთა კოოპერატივის მენეჯერი. იგი თვლის, რომ მომავალ ორ წელიწადში მის საწარმოს სავარაუდოდ, 25-30 პროცენტით მოუწევს მუშახელის შემცირება.

 

 სათევზაო გემების ჩამოწერა

2022 წლის ზაფხულში ირლანდიის მთავრობამ ევროკავშირის დახმარებით ქვეყნის ოფშორული სათევზაო ფლოტის მესამედის ჩამოწერის სქემა შეადგინა. ამის მიზანი ირლანდიის საზღვაო საქმეთა მინისტრის ჩარლი მაკკონალოგის მიხედვით, არის: „წონასწორობის აღდგენა სათევზაო ფლოტის პოტენციალსა და ხელმისაწვდომ კვოტებს შორის, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით გათვალისწინებული თევზჭერის კვოტების შემცირებიდან გამომდინარე“.

 

როგორც ამბობენ, ირლანდიის ე.წ. თეთრ თევზზე მომუშავე 180 თევზმჭერი  გემიდან 64-მა მოითხოვა ამ სქემაში ჩართვა და აქედან 19 კასტელთაუნბერს ეკუთვნის.

თევზმჭერ Robyn R.J.-ის შკიპერი  დანიელ ჰილიც ერთ-ერთია, ვინც ბარჟის ჩამოწერა მოითხოვა.  მაგრამ მას ჯერჯერობით არ მიუღია მთავრობის შემოთავაზება, თუ რამდენს გადაუხდიან ნავის ჩამოწერის სანაცვლოდ. ზღვაში გატარებული მთელი ცხოვრების შემდეგ, როდესაც კარგი ნადავლით იყო განებივრებული, დანიელი ამბობს, რომ მეთევზეობა „ახლა არ არის კარგ მდგომარეობაში, ის თავდაღმა მიექანება და არავინ უწყის როდის შეაჩერებს ვარდნას. კვოტებს ყოველ წელს  ამცირებენ, ოდნავ გაზარდეს, მერე სულ დაბლა და დაბლა წავიდა, განსაკუთრებით ბრექსიტის მერე“, – განაცხადა დანიელმა.

 

ადგილობრივ ბიზნესზე გავლენა

პესიმისტურ განწყობას  კასტელთაუნბერიში ბევრი იზიარებს. ისინი ღელავენ, რომ გემების ჩამოწერა უარყოფთად აისახება ადგილობრივ ბიზნესზეც იმ დასახლებაში, რომლის მოსახლეობაც 2 ათას სულზე ნაკლებია.

„ჩვენი სანაპირო ზოლის დასახლება ძალიან დაზარალდება. ვნახავთ, როგორ გაანადგურებს ეს ხალხს. აქ თაობიდან თაობას გადაეცემოდა მეთევზეობა ალბათ ასი წლის განმავლობაში და ახლა იმ მეთევზეთა ოჯახებიდან არავინ დარჩება. იძულებული იქნებიან, მიატოვონ ხელობა, რომელიც უყვარდათ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს დანაშაულია მათ წინააღმდეგ,“ – ამბობს პატრიკ მერფი, ირლანდიის სამხრეთისა და დასავლეთის თევზის მწარმოებელთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელმა მეთევზეებმა ქუჩის საპროტესტო აქციებსაც მიმართეს და მათი წუხილი ევროკავშირამდეც მივიდა, კასტელთაუნბერისა და სხვა მეთევზეთა სოფლების ბედი საბედისწეროდ არის მიბმული ბრექისიტის პოლიტიკასა და ევროკავშირის მეთევზეობის ერთიან პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კვოტებს უწესებს.

და მაინც ჯონ ნოლანი თვლის, რომ „ევროკავშირმა რაღაც იმედი უნდა მოგვცეს. მე ვთხოვ ჩვენს ხელმძღვანელ პირებს, ჩვენს პოლიტიკოსებს ირლანდიასა და ევროპაში, რომ უფრო სამართლიანად მოექცნენ ირლანდიას.“

 

ავტორი: ბრაიან კარტერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend