ბრიტანული და ამერიკული წყაროების თანახმად უკრაინაში ვაგნერის დროშის ქვეშ 50 ათასი ჯარისკაცი და პატიმარი იბრძვის, მათგან 5 ათასამდე ლიკვიდირებულია, 10 ათასზე მეტი კი დაჭრილი და დასახიჩრებულია.
ვაგნერის დაჯგუფებისა და მისი მეთაურის შესახებ სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ანალიტიკური ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი, კატერინა სტეპანენკო მოიწვია.
ჟურნალისტი : ქალბატონო სტეპანენკო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის
კატერინა სტეპანენკო, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი : დიდი მადლობა მოწვევისთვის
ჟურნალისტი : უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტია, როგორ შეაფასებდით ამ ომში რუსულ არმიას?
კატერინა სტეპანენკო, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი : დღევანდელ რუსულ არმიას ბევრი ნაკლი აქვს, ეს ნათელი იყო ომის პირველივე დღეებიდან. გვაქვს ბევრი ცნობა როგორც რუსული, ასევე უკრაინული წყაროებიდან, რომელთა მიხედვითაც, რუსულ მხარეს ოპერატიული უსაფრთხოების თვალსაზრისით უჭირს, არის ტყვია-წამლის, ჭურვების ნაკლებობა, ოფიცერთა სიმცირე და მართვის სისტემის გაუმართაობა. დისციპლინა დარღვეულია, რუსული მხარე ამ პრობლემების გადაჭრას ცდილობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანა სამხედრო მიმართულებით რეფორმების გატარება. პროცესში ჩართულია თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც. რუსული მხარის შესაძლებლობა – რამდენად გამოასწროებს არსებულ ჩავარდნებს – უცნობია, ვინაიდან გამოცხადებული რეფორმების მასშტაბი დიდია და კომპლექსური ხასიათის მატარებელი. შესაბამისად, შედეგს მხოლოდ დრო გვაჩვენებს.
ჟურნალისტი : ევგენი პრიგოჟინი ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა, რას გვეტყოდით მისი ამბიციისა და მიზნების შესახებ?
კატერინა სტეპანენკო, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი : ევგენი პრიგოჟინის ზედმეტსახელი გახლდათ „პუტინის შეფმზარეული“. ის ერთ დროს პატიმარიც იყო, მაგრამ შეიწყალეს. მას ყოფილი პატიმრის სტატუსი, ვაგნერისთვის პატიმრების რეკრუტირებაში, გარკვეულწილად ეხმარება. რამდენიმე თვის წინ მან საჯაროდ აღიარა, რომ ვაგნერის დაჯგუფების დამფინანსებელია. იქამდე კი მას, სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ბევრი ჟურნალისტის წინააღმდეგ აქვს სარჩელი შეტანილი. ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებულ ომში ადრეულ ეტაპზე ჩაერთო, თუმცა ღიად არა. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. კრემლს დონბასში შეტევითი ოპერაციების წარმოების მიზნით ეწურებოდა კონვენციური ძალები. სწორედ ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინმა ევგენი პრიგოჟინს პატიმრების რეკრუტირებისთვის ძალაუფლება მიანიჭა, რათა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში რუსული შტურმი გაგრძელებულიყო, ხოლო ევგენი პრიგოჟინის განსაკუთრებული ყურადღება ბახმუტის მიმართულებას დაეთმო. სწორედ ამ მიზეზთა გამო, ევგენი პრიგოჟინს გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციები და გავლენები რუსულ მთავრობაში. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი რუსულ სამართლებრივ სივრცეში ვაგნერის ლეგალიზაცია გახდა.
ჟურნალისტი : უკრაინაში მიმდინარე ომი ვაგნერის პირველი კონფლიქტი არ არის, რომელ სხვა ომებში მიუღია ამ ორგანიზაციას მონაწილეობა და რითი განსხვავდება ვაგნერი სხვა სამხედრო შენაერთებისგან?
კატერინა სტეპანენკო, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი : სხვადასხვა წყაროს თანახმად, დაჯგუფება ვაგნერი 30-მდე სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედებს. რიგ შემთხვევებში ამის დადასტურება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით მათ მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციების შესახებ. მაგალითად, 2014 წელს უკრაინაში, ყირიმის ანექსიისას, ასევე ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ვაგნერი ჩართული იყო შიდა გარჩევებში. ის იბრძოდა სირიაშიც, სულ ცოტა ხნის წინ მალიში, ასევე მსოფლიო მასშტაბით, რამდენიმე კონფლიქტშიც იყო ჩართული – მათ შორის, აფრიკაში, სამხრეთი ამერიკაში და ა.შ.
ის, თუ რა ხდის ვაგნერს საინტერესოს, კერძო სამხედრო კომპანიების შესწავლის თვალსაზრისით, არის ამ ორგანიზაციის კავშირი კრემლთან. ვაგნერი დამოუკიდებელი ორგანიზაცია არ არის, ის კრემლის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოებული პოლიტიკის ინსტრუმენტია, მაგრამ ამავე დროს კრემლს საჯაროდ არასდროს უღიარებია ვაგნერთან კავშირი. ახლა კი ჩვენ ვხედავთ ევგენი პრიგოჟინის მცდელობას, რომ მოხდეს ვაგნერის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლავს შიდა კონფლიქტიც.
ჟურნალისტი : რა როლს თამაშობს ვაგნერი უკრაინის ომში? რა სამხედრო შესაძლებლობების მატარებელია ეს სამხედრო შენაერთი?
კატერინა სტეპანენკო, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი : უკრაინის ომში ვაგნერის მონაწილეობა დაიწყო ინტერვენციის პირველივე დღეს, გასულის წლის 24 თებერვალს. საწყის ეტაპზე ვაგნერი მონაწილეობდა როგორც ერთგვარი სპეციალური დანაყოფი, რიგი ცნობების თანახმად, მათ ევალებოდათ კიევში მოქმედებაც, მაგრამ დროთა განმავლობაში ვაგნერის როლი ამ ომში შეიცვალა. ზაფხულში ლისიჩანსკისთვის სისხლიანი ბრძოლების წარმოების შედეგად, რუსულ კონვენციურ ძალებში ნაკლებობის გაჩენის ფონზე, ვაგნერი გადაიქცა მთავარ შემტევ ძალად. ვაგნერის ძირითადი მიზანი ფრონტალური შეტევის მიტანა და დონეცკის ოლქში სტრატეგიული პუნქტების დაკავება გახდა და ამ ეტაპზეც სოლედარისა და ბახმუტის მიმართულებაზე სწორედ ამით არის ვაგნერი დაკავებული. მათი მთავარი მიზანი – რეგულარული არმიის წინსვლისთვის ფრონტის გასუფთავებაა. ვაგნერის ძალების უდიდეს ნაწილს, დაახლოებით, 40 ათასს პატიმრები შეადგენენ. ისინი არ არიან პროფესიონალი სამხედროები, ისინი არ არიან დისციპლინირებულნი. ბევრი მათგანი ბრძოლის ველიდან გარბის, ვაგნერელებს შორის დიდი დანაკარგებია როგორც დაჭრილების, ასევე დაღუპულების სახით. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით, ვაგნერის დაჯფუგება დიდად არ აღემატება რეგულარულ რუსულ არმიას, რიგ შემთხვევებში ვაგნერის დაჯგუფებები ნაკლები დისციპლინითაც გამოირჩევიან.
ჟურნალისტი : ვაგნერსა და რუსულ გენერალიტეტს შორის დაპირისპირებაა, რამ გამოიწვია ეს კონფლიქტი?
კატერინა სტეპანენკო, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი : ჩემი აზრით, კონფლიქტის მიზეზი გახლავთ ის, რომ ევგენი პრიგოჟინი, რომელიც აქამდე კულისებიდან მოქმედებდა, მიიჩნევდა, რომ მისი ინტეგრაცია რუსულ საინფორმაციო სივრცეში და მისი გავლენა ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მას გარკვეულ პოლიტიკურ გავლენას აძლევს. სწორედ ამ საფუძვლებზე ევგენი პრიგოჟინი ცდილობს, ვაგნერის დაჯგუფების ლეგალიზაციას. მან შექმნა ვაგნერის ცენტრი, ის კონფლიქტშია ტრადიციულ რუსულ თავდაცვის სისტემასა და არმიასთან. მიმაჩნია, რომ ევგენი პრიგოჟინი ზედმეტად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. მან ჩათვალა, რომ შეუძლია გადაფაროს ან ჩაანაცვლოს ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან: თავდაცვის მინისტრი შოიგუ, გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი. სწორედ აქედან წარმოიშვა კონფლიქტი, ევგენი პრიგოჟინი ბევრ ყურადღებას იქცევს. ხშირად ეკონტაქტება მედიას, ხშირად აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს, კრემლს, საპრეზიდენტო ადმინისტრაციას. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მისი მონაწილეობა ომში მას რუსულ საზოგადოებაში უფრო დიდ პოლიტიკურ როლს მოუტანდა.
ჟურნალისტი : როგორ უყურებს რუსული საზოგადოება ვაგნერის დაჯგუფებას?
კატერინა სტეპანენკო, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი : ეს საინტერესო საკითხია. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს რუსეთის ფედერაციის რიგითი მოქალაქე ვაგნერის დაჯგუფების შესახებ. ზოგი საერთოდ არ ადევნებს თვალს ომს. ამავე დროს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკვე გარკვეული პერიოდია აწარმოებს საქმიანობას რუსი სამხედრო ბლოგერების შესწავლის მიმართულებით. სოციალურ სივრცეში არსებული ბევრი ჯგუფი დადებითად არის განწყობილი ევგენი პრიგოჟინის მიმართ, ხშირად აზიარებენ მის მიერ გამოქვეყნებულ მასალას და ამაყობენ ვაგნერის მიღწევებით ფრონტის ხაზზე. ამ ჯგუფებს, რუსეთი ფედერაციაში, საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს, რაც გვაფიქრებს, რომ ვაგნერის დაჯგუფებას აქვს გარკვეული საინფორმაციო გავლენა სახელმწიფოში. ევგენი პრიგოჟინს ხელი მიუწვდება ბევრ მედია საშუალებაზე, როგორიცაა, მაგალითად, “Russia Today”. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ვაგნერის დაჯგუფებას ჰყავს საკმაო რაოდენობით მხარდამჭერი, მათ შორის ვინც ინტერესდება უკრაინაში მიმდინარე ომით და მხარს უჭერს ამ ომს.
ჟურნალისტი : ქალბატონო სტეპანენკო დიდ მადლობა, დრო რომ დაგვითმეთ, გისურვებთ საუკეთესოს.
კატერინა სტეპანენკო, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი : დიდი მადლობა