უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მთავარია ტანკების გადმოცემის ტემპი და მოცულობა. უკრაინელი სამხედროების გაწვრთნისთვის საჭირო დრო, ტანკების მიწოდების სისწრაფე და რაოდენობა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ უნდა შეკრან სატანკო მუშტი, თავისუფლების მუშტი, რომელიც ტირანიას არ მისცემს ფეხზე წამოდგომის შესაძლებლობას.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ისინი ძალიან მალე დაიწყებენ უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნას, სანამ რუსული შეტევა დაიწყება.
თეთრის სახლის სპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს ესმის, რომ ამ ტანკების ადგილზე ჩასვლას რამდენიმე თვე დასჭირდება, თუმცა დასძენს, რომ უკრაინა ლეოპარდებს უფრო მალე მიიღებს, ვიდრე აბრამსებს.
ჯონ კირბის თქმით მოკავშირეები არ აპირებენ დრო დაკარგონ, პენტაგონი ძალიან მალე დაიწყებს უკრაინელი ტანკისტებისა და სამხედროების გაწვრთნას.
კიევში სჯერათ, რომ დასავლური ტანკების ბრძოლის ველზე გამოყენება გარდამტეხი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თუმცა, კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ეს ტანკები სხვა დანარჩენივით განადგურდება.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა უკიდურესად სახიფათოა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას აფერხებს.