მთავარიგადაცემებიCULT„უზბეკეთის ოაზისის ბრწყინვალება“ ლუვრში

„უზბეკეთის ოაზისის ბრწყინვალება“ ლუვრში

პარიზის ლუვრის მუზუმი დამთვალიერებელს დიდი აბრეშუმის გზის დიდებულ ეპოქაში  მოგზაურობას სთავაზობს. გამოფენა სახელწოდებით „ უზბეკეთის ოაზისის ბრწყინვალება – საქარავნო მარშრუტების გზაჯვარედინზე“ დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს იმ ბრწყინვალე ეპოქაში გადაინაცვლოს, როდესაც შუა აზიაში ქარავანი ქარავანს მისდევდა…ეპოქაში,  რომელიც 1900 წელზე მეტს ითვლის.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების უმეტესობა უზბეკეთიდან პირველად გაიტანეს. ერთ-ერთი ასეთი  განძია ქალაქ სამარყანდში მდებარე თემურლენგის  საგვარეულო მავზოლეუმ გურ-ემირიდან წამოღებული კარი.

გაიანე უმეროვა, უზბეკეთის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:

“შევძელით და თავი მოვუყარეთ საუკეთესო ნამუშევრებს მთელი უზბეკეთის მუზეუმებიდან. აქ 13 მუზეუმია წარმოდგენილი და გამოფენილია ისეთი ექსპონატები, რომლებსაც ძალიან დიდხანს უტარდებოდათ რესტავრაცია უზბეკეთში და რომლებზეც ფრანგი რესტავრატორები მუშაობდნენ.  ამ გამოფენისთვის 4 წელი ვემზადებოდით და 70 ექპსონატი აღადგინეს.“

 

უზბეკური „მონა ლიზა“

გამოფენის გამორჩეული მარგალილიტია „ელჩების ნახატი“ რომელსაც უზბეკეთის „მონა ლიზას“ უწოდებებენ.  ეს ნახატი მოგვითხრობს დიპლომატიური ურთიერთობის  ამბებს  სამარყანდის სამეფოს ოაზისში, რომელიც შუა აზიაში მდებარე საქარავნო მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარობდა. ნახატზე გამოსახულია სამარყანდის მეფის წინაშე წარმდგარი ელჩები.

ფრანც გრენეტი, COLLEGE DE FRANCE-ის წინარე-ისალმური შუა აზიის ისტორიისა და კულტურის კათედრის ხელმძღვანელი:

„იმ დროს, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა, სავარაუდოდ 660 წლის 21 ივნისს, ერთმანეთს დაემთხვა სამარყანდის ზოროასტრული ახალი წლის დღესასწაული, დიდი დრაკონის ნავების ფესტივალი ჩინეთში და ზაფხულის ბუნიობა. სამი სხვადასხვა ხალხის  ახალი წლის დღესასწაულის დამთხვევამ საშუალება მისცა სამარყანდის მეფეს ეჩვენებინა, რომ  აზიაში გამავლი ყველა გზა მის ხელში იყო.“

უზბეკეთიდან ჩამოტანილი კიდევ ერთი უაღრესად ძვირფასი ექსპონატია კუფური ყურანის ფურცლები,  რომელიც მეშვიდე -მერვე საუკუნით თარიღდება.

“ეს ერთ-ერთი უძველესი ყურანია მსოფლიოში, ალბათ 100 წელიც არ იყო გასული ისლამის დამკვიდრებიდან, როცა ის დაიწერა. ვიცით, რომ უზბეკეთში მისი ასლი გადაიწერა, ის ახლა კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურს ეკუთვნის,“ – განმარტავს  იანიკ ლინცი,  გამოფენა „უზბეკეთის ოაზისის ბრწყინვალების“ კურატორი, პარიზის გიმეს მუზეუმის პრეზიდენტი.

ქუშანის სამეფოს დინასტიის მეფის ქანდაკება ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით თარიღდება, ეს ბუდისტური ქანდაკებები დალვერზინ-ტეპეს დასახლებაში აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი წელთაღწიცხვის მეორე-მესამე საუკუნეს ეკუთვნის. ყველა ქანდაკება გამოუწვავი თიხისგან არის დამზადებული.

გამოფენის ფარგლებში ლუვრში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციის  ერთ-ერთი თემა უზბეკეთის ბუდიზმის ისტორია  იყო.

“უზბეკეთის სამხრეთით ისლამის შემოსვლამდე ბუდისტური რელიგია გავრცელდა. ბუდისტური ცენტრიდან –  ძველი თერმეზიდან –  წამოსული ბუდიზმი აღმოსავლეთით  უპირველეს ყოვლისა ჩინეთსა და დასავლეთ პართიაში გავრცელდა,“ – განაცხადა შოკირ პიდაევმა, უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორმა.

გამოფენაზე დაახლოებით 180 ექსპონატია წარმოდგენილი მათ შორის რამდენიმე დასავლური კოლექციებიდან, როგორიცაა მარკო პოლოს კარნახით დაწერილი „საოცრებათა წიგნი“. მის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია.

„ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი და განასაკუთრებულია ლუვრის მუზეუმში მოსული დამთვალიერებლისთვის, რომელიც აბრეშუმის გზის ცნობილი საქარავნო გზაჯვარედინის გასაცნობად მოვიდა…ეს არის მოგზაურობა 2 ათასწლოვან ისტორიაში, აქ 19 საუკუნეა წარმოდგენილი,“ – განმარტავს როკო რანტე, ლუვრის  გამოფენის კურატორი და არქეოლოგი.

აბრეშუმისა და ოქროს უნიკალური ოსტატობა

დაინტერესებულმა ადამიანს შეუძლია უზბეკეთის წარსულში მოგზაურობა პარიზის არაბული სამყაროს ინსტიტუტში გააგრძელოს. გამოფენა სახელწოდებით „სამარყანდის გზებზე: აბრეშუმისა და ოქროს საოცრებანი“ წარმოადგენს მეცხრამეტე საუკუნის ემირების კარის ოსტატების უკვდავ ნამუშევრებს.

“ეს სრულიად განსაკუთრებული ნაქარგია, რომელიც მთელ ქსოვილს ფარავს. იგი უჩვეულოა იმით, რომ ხელუხლებლად შემოინახა და რესტავრაცია არ დასჭირდა,“ – ამბობს   იაფა ასულინე, გამოფენის „სამარყანდის გზებზე: აბრეშუმისა და ოქროს საოცრებანი“ მთავარი კურატორი. „იმიტომ რომ მთელი ქსოვილი ოქრომკერდითაა ნაქარგი და ოქრო არ ფუჭდება. ქსოვილზე გამოსახულია წურბელა, ასეთ ნაქარგს ფაქტობრივად სამკურნალო დანიშნულება აქვს, სამოსმა წურბელასავით უნდა ამოწოვოს ბოროტება.“

ეს საგანძურიც პირველად გაიტანეს  უზბეკეთიდან.

“უზბეკეთში ისევ ცოცხალია ყველა ის ტქნიკა, რომლითაც ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატებია შესრულებული,“ –  ამბობს გაიანე უმეროვა, უზბეკეთის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ არ დაგვიკარგავს ჩვენი ტრადიციები, რომ ჩვენი ოსტატები აგრძელებენ მუშაობას ამ ტექნოლოგიით და რომ გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციები ცოცხალია.“

ამ ორი გრანდიოზული გამოფენის გახსნით უზბეკეთი კულტურული დიპლომატიის ახალ გზას ადგას. უზბეკეთის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის მესვეურნი მზად არიან საკუთარი ქვეყნის კულტურის ისტორია მთელ მსოფლიოს გაუზიარონ. ამ ფონდის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ საიდა მირზიოევამ ამ გამოფენებს ისტორიული უწოდა.

“მივესალმები ყველა დამსწრე სტუმარსა და პარტნიორს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გამოფენების გახსნაზე,“ – განაცხადა საიდა მირზიოევამ, უზბეკეთის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ გახსნის ცერემონიაზე.

პარიზში გამართული ორივე გამოფენა ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა, რათა უკეთ გაიცნო უზბეკეთის ისტორია, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელია.

გამოფენა „ უზბეკეთის ოაზისის ბრწყინვალება – საქარავნო მარშრუტების გზაჯვარედინზე“გამოფენა ლუვრის მუზეუმში 6 მარტამდე გაგრძელდება, ხოლო გამოფენა  „სამარყანდის გზებზე: აბრეშუმისა და ოქროს საოცრებანი“ პარიზის არაბული სამყაროს ინსტიტუტში  – 4 ივნისამდე.

ავტორი : გალინა პოლონსკაია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend