ირანის ხელისუფლებამ 30 ევროპელ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს სანქციები დაუწესა. თეირანმა ეს ნაბიჯი გადადგა ევროპის მიერ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რომელიც ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
სანქცირებულ პირთა შორის მოხვდნენ დიდი ბრიტანეთის გენერალური პროკურორი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. ასევე რამდენიმე ევროპარლამენტარი და სამხედრო პირი.
სანქციების სამიზნე ასევე გახდა ფრანგი ინტელექტუალი ბერნარ-ანრი ლევი და ფრანგული სატირული გამოცემა შარლი ებდო. ევრონიუსი ჰოლანდიელ ევროპარლამენტარს ესაუბრა, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა.
ევროპარლამენტარის, თაის რუტენი აზრით, ირანში გრძნობენ, რომ ძალიან სუსტები არიან და სწორედ ამიტომ მიიღეს ასეთი ზომები და მისი თქმით, უცნაურია ის ფაქტი, რომ რეჟიმს ჰგონია, რომ ამით ევროპარლამენტის გაჩუმება შეუძლიათ.
თაის რუტენი ამბობს, რომ ახლა უფრო მოტივირებულია გააგრძელოს მუშაობა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. „ირანის ხელისუფლება არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის შიგნით თავის ხალხს ატერორებს და მხარს უჭერს ტერორისტებს საზღვარგარეთ.“
ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ თეირანის სანქციები უფრო მეტ ძალას მატებს, რომ ირანელებს რეჟიმთან ბრძოლაში მხარი დაუჭიროს.
ამავდროულად ირანში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული ბოლო სანქციები გაეროს წესდებას ეწინააღმდეგება.
ირანის რეჟიმს მას შემდეგ აპროტესტებენ, რაც 22 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო 2022 წლის სექტემბერში დააკავა.