მთავარისაქართველოფინანსური განათლების ახალი ეროვნული სტრატეგია ეროვნული ბანკისგან

ფინანსური განათლების ახალი ეროვნული სტრატეგია ეროვნული ბანკისგან

მოქალაქეების ფინანსური განათლების ახალი სტრატეგია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარადგინა და საზოგადოებას ამ მხრივ შვიდწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო.

ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური სტრატეგია მიზნად ისახავს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ფინანსურ ინსტიტუტებთან მათ გაცნობიერებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

„დღეს, პირველი სტრატეგიის მიღებიდან 6 წლის შემდეგ, ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური განათლების არსსა და მნიშვნელობას განმარტება და დასაბუთება აღარ სჭირდება. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იმ არსებითი კომპეტენციების ერთობლიობაა, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებლები მოქმედებენ ისე, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობის დონე. იმავდროულად, ფინანსური განათლების მაღალი დონე მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორისთვისაც, რამდენადაც მისთვის გაცილებით ხელსაყრელი და ნაკლებად სარისკო იქნება გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ურთიერთობა. საბოლოო ჯამში კი, ქვეყანაში  ყალიბდება ჯანსაღი ტიპის ისეთი გარემო, რომელშიც, როგორც ინდივიდები, ისე ფინანსური სექტორი გონივრულად მოქმედებს და ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ გზაზე ეროვნული ბანკი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად მოდიოდა და ყველა მიღწევის უკან ერთობლივი ძალისხმევა დევს“, – განაცხადა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო სტრატეგია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძესა და გერმანიის ელჩ ერნსტ პეტერ ფიშერთან ერთად წარადგინა.

თანაპრეზენტატორების განცხადებით, ფინანსურ საკითხებზე სწორად ინფორმირებული საზოგადოების არსებობა, წარმატებული ეკონომიკის წინაპირობაა.

ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის პრეზენტაციას, სამთავრობო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილი საზოგადოება თანხმდება, რომ ფინანსური აქტივობების, გეგმების ორგანიზებისა და უსაფრთხოების მხრივ, მოქალაქეების ინფორმირება აუცილებელია.

ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ახალი ფინანსური განათლების სტრატეგია, finedu.gov.ge-ს პლატფორმის ნაწილია, სადაც მოქალაქეებს აქამდეც შეეძლოთ მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. ქვეყნის მთავარი ფინანსური უწყება ამ პროექტის ფარგლებში აპირებს რომ უფრო მეტად სკოლის ასაკის მოზარდებთან მოაწყოს შეხვედრები, რათა ფინანსურ საკითხებში გათვითცნობიერებული ახალი თაობა წამოვიდეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend