შვედეთში ანტი-ისლამური დემონსტრაციის დროს ყურანის დაწვას, საპროტესტო აქციები მოჰყვა თურქეთში, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.
სტამბოლში შვედეთის საკონსულოს წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც დანიელი ანტი-ისლამისტი აქტივისტის რასმუს პალუდანის სურათები დაწვეს.
სწორედ პალუდანია ის აქტივისტი, რომელმაც შაბათს სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ისლამის წმინდა წიგნი დაწვა. კვირას აქციაზე, დემონსტრანტებს ისლამური რწმენის ამსახველი მწვანე დროშები ეჭირათ. მათ ასევე გამოიტანეს ბანერები წარწერით: „ჩვენ ვგმობთ შვედეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ისლამოფობიას“.
„ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, რომ შვედეთის მთავრობისთვის ეს სისასტიკე მისაღებია. ჩვენ ამ ქმედებას ლეგიტიმურად ვერ ჩავთვლით. ასეთი თავდასხმა ნებისმიერ რწმენაზე არის პირდაპირი პროვოკაცია. ის რომ შვედეთის მთავრობას ამ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია, პალუდანის დანაშაულის ღიად მხარდაჭერას ნიშნავს. ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ“, – ამბობს აქციის მონაწილე რიდვან კაია.
თურქმა ოფიციალურმა პირებმა შვედეთის მთავრობა გააკრიტიკეს. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა შაბათს გვიან ტვიტერზე დაწერა, რომ დემოკრატიისთვის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება გადამწყვეტია, თუმცა ასევე დაწერა: „რაც კანონიერია, არ ნიშნავს, რომ სწორია.“
თურქეთში პროტესტის მონაწილეები კი მიიჩნევენ, რომ ყურანის დაწვა სიტყვის თავისუფლების გამოხატულება არ არის.
მომხდარმა გააძლიერა ის ეჭვები, რაც თურქეთს შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით ჰქონდა.
თურქეთს სკანდინავიური ქვეყნების სამხედრო ალიანსში გაწევრებისთვის მხარი კვლავ არ დაუჭერია.
ოფიციალური ანკარის განცხადებით, შვედეთმა თურქეთში არსებული უსაფრთხოების პრობლემები მეტად უნდა გაითვალისწინოს.