რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ქალაქ ბახმუტიდან 9 კილომეტრით დაშორებული დასახლება კლიშჩივკა დაიკავეს.
ინფორმაცია სხვა წყაროებით არ დასტურდება, უკრაინული მხარე კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
სოფელ კლიშჩივკას დაკავებას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ კრემლი რამდენიმე თვის განმავლობაში ფრონტის ხაზებზე მიღწეულ იშვიათ წარმატებად შეაფასებს.
ბახმუტი, მეორე მხრივ დიდი სტრატეგიული ღირებულების მქონე დასახლებაა. ქალაქის ცენტრი თითქმის მთლიანად განადგურებულია და სავსეა უკრაინული სამხედრო ტექნიკით.
ბახმუტის დაპყრობის შემთხვევაში, უკრაინულ არმიას დონეცკში მომარაგების თვალსაზრისით პრობლემები შეექმნება.
„ჯერჯერობით პოზიციებს ვინარჩუნებთ. ტანკების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებით ვიბრძვით. საბრძოლო განწყობას ვინარჩუნებთ და ბრძოლა გრძელდება“, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი დმიტრო.
მოსახლეობის უმრავლესობამ ქალაქი დატოვა. ის კი ვინც ქალაქში დარჩა, ამბობს, რომ არსად აქვს წასასვლელი.
„ზოგი დნიპროში მიდის, მაგრამ დნიპროც იბომბება, ხალხი დნიპროშიც იხოცება. აქ კი ვერსად დაიმალები, დაბომბვის შედეგად ბევრი იღუპება, სად წავიდეთ? უსაფრთხოდ თავს ვერსად იგრძნობ“, – წუხს სვეტლანა რიკოვა.
უკრაინელი სამხედროების თქმით, მტერი ქალაქის მისადგომებთან არის.
„შეიარაღება დღესვე გვჭირდება, ხვალ შეიძლება ამ ქალაქმა აღარც იარსებოს. თუ ცდა მოგვიწევს დავიღუპებით, მე დავიღუპები, არადა სიცოცხლე მსურს, ჩემი ქვეყნის მხარდაჭერა მსურს. ხვალ რუსები შეიძლება პოლონეთში იყვნენ უკვე, ერთ თვეს, ერთ წელიწადს ვერ მოვითმენთ. არ ვიცი დრო რამდენ ხანს გვეყოფა, რუსეთი ახლა თუ არ შევაჩერეთ, მათი შეჩერება თქვენ მოგიწევთ“, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი ანდრიი ნებიჟენკო.