მთავარიკუბიშეიარაღებულმა პირმა საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

შეიარაღებულმა პირმა საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

საგარეჯოში სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია. ადგილზე მისულმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პირი, რომელიც მოქალაქეებსა და პოლიციას თავს დაესხა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

„სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულადაც დაგვიდასტურეს, რომ 2006 წლიდან მუშაობდა. 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს. მანამდე მუშაობდა, ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია, როგორც დაგვიდასტურეს”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გომელაურის ცნობით,  შეიარაღებული ძალები თავდამსხმელმა 2021 წელს დატოვა.

თავდამსხმელმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, სახლიდან დაიწყო სროლა, რა დროსაც მასთან ერთად სრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. შვილმა გაქცევა მოახერხა, ხოლო როდესაც სპეცდანიშნულების რაზმმა ბინაში შეაღწია  თავდამსხმელი დაღუპული დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 5 და დაჭრილია 5 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია.

“გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა. ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში “ჯეო ჰოსპიტალის” თანამშრომელმა გაავრცელა, ის აღნიშნავდა პოსტში, რომ მედპერსონალი ცდილობდა დაჭრილებთან მისვლას ეზოში, თუმცა ვერ ახერხებდნენ, რადგან სროლა არ წყდებოდა. არსებული ინფორმაციით დაჭრილებიდან 4-ს ოპერაცია საგარეჯოში უტარდებათ, ხოლო ერთის მდგომარეობა დამძიმდა და ის თბილისში გადაიყვანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend