როგორ ასრულებს საქართველო იმ 12 მოთხოვნას, რომელიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად მისცა და სად იმყოფება საქართველო პრიორიტეტების შესრულების პროცესში – სწორედ ამ თემაზე მოამზადა „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ შუალედური მოხსენება.
„ხელისუფლებამ თვეში ერთხელ მაინც უნდა წარმოადგინოს ღია ანგარიში. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს იმის შესახებ, თუ რა პროგრესი გვაქვს ან რაში გვაქვს ჩამორჩენა, რომ უფრო აქტიური იყოს საზოგადოებაც. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ხელისუფლება რა შედეგებს დებს, მათ შორის რა ანგარიშებს აგზავნის ევროკავშირის ინსტიტუტებში. ევროკომისია ანგარიშისთვის მზადებას დაიწყებს გაზაფხულზე და დაამთავრებს სექტემბრისთვის, როდესაც მთავარი შეხვედრა შედგება, რომელიც შეაფასებს პროგრესს გაფართოების არეალში. დრო არის, მაგრამ საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა“, – განაცხადა „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა.
ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი პუნქტი ნაწილობრივ ან მეტწილად შესრულდა. მათ შორისაა, საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა… შეუსრულებელ ვალდებულებებს შორის ერთ-ერთია ახალი სახალხო დამცველის არჩევა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს პარლამენტმა ომბუდსმენი ვერ აირჩია. ასევე შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან გახშირდა კრიტიკული, ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მიმართ აგრესიული რიტორიკის გამოყენება. ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლომდე არ მისულა არც 2021 წლის 5-6 ივლისს ძალადობის, არც 2019 წლის 20 ივნისს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და არც ჟურნალისტების უკანონო მოსმენის საქმეები. სწორედ ამ საკითხების შეუსრულებლობამ გამოიწვია მხარეებს შორის პოლარიზაციის გაღრმავება.
„სამწუხაროდ, ჩანს, რომ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის დეპოლარიზაცია, მედიის მდგომარეობა, დეოლიგარქიზაცია, პროგრესი არ არის და ეს მიმართულებები არ სრულდება. სხვა მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმას, ინსტიტუციურ რეფორმებს, ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება ეს მოთხოვნები, ნაწილ მოთხოვნებზე, როგორიც არის, მაგალითად, ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გადმოტანა მეტწილად სრულდება. მარტივი დასკვნა არის ის, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, რიგი ინსტიტუციური რეფორმები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, „ქართული ოცნება“ ან არ აკეთებს შეგნებულად, ან არ აპირებს, რომ გააკეთოს. ამიტომ, ეს პრობლემად რჩება. ჩვენი მოწოდება და მთავარი გზავნილი არის ის, რომ ამ მნიშვნელოვანი თავების შესრულების გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება, კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – აღნიშნა საქართველოს რეფორმების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად ამ პრობლემებისა, არის შანსი, რომ ევროკომისიამ საქართველოს დადებითი შეფასება მისცეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აჩვენებს პოლიტიკურ ნებას, მიდიოდეს წინ, დემოკრატიის გზაზე.
„დრო საკმარისზე მეტია, თუკი იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ 12 რეკომენდაცია რეალურად შესრულდეს. ჯერჯერობით, არ არის შესრულებული ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როცა საქმე ეხება, მაგალითად, დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, უკეთესი მედიაგარემოს შექმნას და ა.შ. ჯერჯერობით ძალიან სერიოზული პრობლემებია, მაგრამ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ყველა ამ პირობის დინამიკაში ისე მოქცევაა შესაძლებელი, რომ ჯამში, ეს ყველაფერი ევროკომისიამ დადებითად შეაფასოს და კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს. ამ 12 პრიორიტეტის მიღმა, მთავარია, ქვეყანამ აჩვენოს პოლიტიკური ნება, აჩვენოს ის, რომ მას აქვს დადებითი ტრაექტორია იმისათვის, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ დემოკრატიის გზაზე და არ იყოს რეგრესი. თუკი ამის ჩვენებას საქართველო შეძლებს, დამერწმუნეთ, რომ ევროკომისიის შეფასება დადებითი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს 12 პუნქტი შესაძლოა იქცეს ე.წ. მუდმივად მოძრავ მიზნად, რომელიც შეიძლება, საბოლოოდ არ დაკმაყოფილდეს და დროში გაიწელოს“, – განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა.
რამდენად საკმარისი იქნება საქართველოს ძალისხმევა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს, სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.
ანა ალელიშვილი