მთავარიეკოლოგიამყინვარები დნება

მყინვარები დნება

მიჟ ახწად – ასე ამბობენ მესტიაში მზის ამოსვლისას… წლების წინ იშვიათი იყო ნოემბერი თოვლის გარეშე სვანეთში. აქ ზამთარი ბევრად ადრე იწყებოდა. წელიწადის ყველა დროს თეთრად მოჩანდა შხარა, თეთნულდი, უშბა, ლაჰილი. აქ ამბობენ, რომ ბუნებამ თითქოს სახე იცვალა, და ძველებურად აღარაფერია. წლებია, სახეს იცვლიან მყინვარები – უკან იხევენ… და არამხოლოდ უკან იხევენ, ზოგჯერ შუაზე იხლიჩებიან, ან სულაც ქრებიან.

ამ ვიწრო ბილიკებს ჭალაადის მყინვართან მივყავართ. 20 წელია მეკლდეური და სამთო გამყოლი მიშა მჭედლიანი სვანეთის მყინვარებსა და მთებში დადის. მიშა ვეღარც ითვლის, რამდენჯერ გაუვლია ეს გზა წელიწადის ყველა დროს, მზესა და თოვლში. ამბობს, რომ ყოველ ჯერზე შეცვლილი ხვდება ბუნება. ეს ხეობაც ორი საუკუნის წინ მყინვარით იყო დაფარული. ახლა კი გზადაგზა მის კვალს ვხვდებით.

„ახლა ჩვენ სადაც ვართ, ხედავთ ქვანაყარს – ეს არის მყინვარის დანატოვარი ქვები. როდესაც მყინვარი უკან იხევს, ტოვებს ასეთ ქვას, ქვის ნაყარს, რომელსაც მორენა ჰქვია. ახლა უკვე დიდი ხანია მყინვარი გამდნარია, ამიტომაც აქ ხეებიც არის, ბალახიც…  აქაურობა სახეცვლილია, თუმცა გარემო მიგვითითებს იმაზე, რომ აქ მყინვარი იყო“ – გვიყვება სამთო გამყოლი.

თოვლიც კი შეიცვალაო, ამბობს მიშა. ისეთი თოვლი აღარ მოდის, როგორიც უწინო.

„მაგალითად, იანვარში თოვლის ხარისხი ძალიან მაღალი იყო ხოლმე სასრიალოდ, ახლა უკვე ის ხარისხი აღარ აქვს თოვლს. შარშან მაგალითად, ძალიან გვიან წამოვიდა თოვლი, რომელიც იყო აბსოლუტურად სველი და ძალიან უხარისხო, სრიალისთვის. ესაც მყინვარის დნობასთან არის დაკავშირებული. ეს მარტო ჩემი დასკვნა არ არის, ეს მოსმენილი მაქვს იმათგან, ვისაც ეს საკითხი ესმის“ – ამბობს მიშა.

კლდე იშლება ჭალაადზე… კვლევები ადასტურებს, რომ მხოლოდ ეს მყინვარი ყოველწლიურად თითქმის 20 მეტრით იხევს უკან. კავკასიონის სხვა მყინვარების საშუალო წლიური უკანდახევა კი 10-დან 15 მეტრამდეა. და რა ადნობს ამ უზარმაზარ ყინულებს? როგორ იცვლება კლიმატი ისე, რომ  ყინულის ეს უდიდესი კლდეები თვალსა და ხელს შუა ქრებიან? აქ, სვანეთში, ამის ბევრ მიზეზს ხედავენ.

„როდესაც მესტიაში ამოდიოდით, თქვენ ალბათ ნახავდით გზაზე ძალიან ბევრ მოჭრილ ხეს. განადგურებულია ხე-ტყე. ბუნების ერთ-ერთ მთავარ ნაწილს ხომ ხე-ტყე წარმოადგენს. ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს კლიმატზეც, ჰაერზეც, მყინვარზეც, ნიადაგზეც და ატმოსფეროზე. დღესდღეობით რასაც ვხედავთ, ამ ტყის გაჩანაგება ხდება“ – ამბობს მიშა მჭედლიანი.

ტყე ბევრი მიზეზით იჩეხება… მაგალითად იმიტომ, რომ სვანეთში ბუნებრივი აირი არ არის და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზამთარში სწორედ შეშით თბება. ასეა გულედანების ოჯახშიც. შალვა გულედანი ამბობს, რომ ყველა ხე ენანება, რომელსაც ჭრიან, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს. მას და მის მეუღლეს, ნარგიზ ნიგურიანს მთელი ცხოვრება სვანეთში აქვთ გატარებული. კლიმატის ცვლილებას კარგად ამჩნევენ და იმასაც ხედავენ, რომ მათი ბავშვობის მთავარი მოგონება – უზარმაზარი მყინვარები მათ თვალწინ ქრებიან. სწორედ მყინვარების დნობას უკავშირებენ ნიადაგის ცვლილებას, წელს განსაკუთრებით უჩივიან მოსავალს.

„მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ყველაფერი ერთმანეთთან, თუკი ნიადაგი გამშრალია, რა მოსავალზეა ლაპარაკი? წელს რომ გვალვა იყო სვანეთში, ასეთი არ გვახსოვს. ორთვიანი გვალვა იყო. ადრე ბუნება თითქოს სარწყავის ფუნქციას ითავსებდა ჩვენთან. არც კი გვჭირდებოდა ბოსტნეულის მორწყვა. ერთი კვირა თუ მშრალი ამინდი იქნებოდა, აუცილებლად იმას მოჰყვებოდა 3 დღე მაინც წვიმა. ახლა ეს რადიკალურად შეიცვალა და ეს აისახა მოსავალზეც. მე შემიძლია გაჩვენოთ ვიზუალურადაც, როგორი მოსავალი ავიღეთ წელს. როცა კაცის თავებისხელა კარტოფილებს ვიღებდით, წელს თხილისოდენა მოვიდა. ლობიო ფაქტობრივად ვერ მოვიყვანეთ. სიმინდი სულ დაიწვა“ – გვიყვება ნარგიზ ნიგურიანი.

შალვა გულედანი კლიმატის ცვლილებას უკავშირებს, სვანეთში სასმელი წყლის რესურსების შემცირებასაც.

„ძალიან ბევრი წყალი დაიკარგა ჩვენს სოფელში – სასმელი წყალი. აი პირდაპირ დავასახელებ – პალოს წყალს ვეძახდით ბავშვობაში, პალოს წყალი დაიკარგა. რა ცივი წყალი იყო. ჭიქაში რომ ჩაასხამდი, გარედან ყინულს იკეთებდა. ასევე, გაყულდი ერქვა წყაროს, ისიც დაიკარგა. ახლა რაღაც ნაკადულები შემოვიყვანეთ და იმ წყლით არის მთელი სოფელი. ძირითადი სასმელი წყლები, რაც სოფელში ამოდიოდა მიწიდან, ისინი დაკარგულია“ – ამბობს შალვა გულედანი.

მესტიის მთავარი მდინარე, მესტიაჭალა, ადგილობრივებს უფრო დიდი ახსოვთ, ვიდრე ახლაა. თუმცა 2019 წლის 25 ივლისს ისე ადიდდა, რომ ახლოს მდებარე შენობა სრულად დაანგრია. ეს სწორედ იმ შენობის ნანგრევებია… წაიღო ავტომობილებიც, თუმცა, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სპეციალისტებმა ეს მოვლენა შეაფასეს, როგორც გლაციალური, ანუ მყინვარული ღვარცოფი. მაშინ ამავე მდინარეზე მდებარე მესტიაჭალაჰესიც დაიტბორა. ადგილობრივების ნაწილი ამ სტიქიას ჰესის მშენებლობას უკავშირებს.

მსხვერპლით დასრულდა 2014 წელს 17 მაისს ყაზბეგში მომხდარი სტიქია. მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მყინვარული ღვარცოფის მოვარდნას მაშინ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მყინვარების დნობის შედეგად გამოწვეული სტიქიის რისკები საქართველოში კვლავ მაღალია.

„საფრთხეები აბსოლუტურად ყველა მყინვარზეა. მე გამოვყოფდი დევდორაკის მყინვარს, გავიხსენოთ 2014 წელი და ვხედავთ, როგორი კატასტროფული შედეგი მივიღეთ და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ისტორიულად დევდორაკის მყინვარზე ძალიან ბევრჯერ გვქონდა შემთხვევები, როდესაც გლაციალური ღვარცოფის შედეგად, მოხდა ჩამოშლა, ჩახერგვა, შეგუბება. გავიხსენოთ 2019 წლის შემთხვევა, მესტიაჭალის ხეობაში. ეს პროცესი ფაქტობრივად შეუქცევადია. კლიმატის ცვლილებას თან ახლავს მყინვარული კატასტროფები. ამას ჩვენ ვეძახით პერიგლაციალურ საფრთხეებს. სწრაფი დნობის შედეგად, მთელი ეს მორენული მასა, რომელიც აკუმულირდება მდინარის ხეობაში, არის საფრთხის და ძალიან დიდი რისკის შემცველი, ფაქტობრივად ბომბი, რომელსაც პროვოცირებას უწევს ძლიერი ნალექი, რაც სამწუხაროდ ნეგატიური შედეგებით სრულდება“ – აცხადებს ირაკლი მეგრელიძე.

საქართველოში ჯერ ისევ ჭირს მყინვარების მასის ბალანსის კვლევა, რაც სპეციალისტებს მისცემდა საშუალებას, რომ დაედგინათ, თუ როგორია თანაფარდობა, მოსულ ატმოსფერულ ნალექებსა და მყინვარების დნობას შორის. ეს საჭიროა იმისთვის, რომ კარგად განისაზღვროს რისკები, განსაკუთრებით დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა, მაგრამ მდინარე დევდორაკის გარდა, ჯერ ისევ არსად არის ადრეული გაფთრხილების სისტემები, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ სისტემების დანერგვაზე ახლა მუშაობენ.

„დიდი პროგრამა გვაქვს, რომელიც დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოს მთავრობის, ასევე შვეიცარიის მთავრობის მიერ, ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავების კუთხით. ყველა მოწყვლადი მდინარის აუზში იქნება გამართული ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე საადაპტაციო ღონისძიებები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, აგრო-სატყეო მიმართულებები, იმისთვის, რომ  წყლის ნაკადები რამენაირად შეაკავოს. ძალიან ბევრი სხვადასხვა კომპონენტის განხორციელება მიმდინარეობს ამ ერთი პროგრამის ქვეშ, და უახლოეს რამდენიმე წელიწადში ალბათ სრულად გამართული ადრეული გაფრთხილების სისტემა გვექნება, რითიც შევძლებთ, რომ თავიდან ავიცილოთ ეკონომიკური ზიანი და ადამიანების სიცოცხლე უფრო მეტად შევინარჩუნოთ“ – აცხადებს მაია ცხვარაძე.

გამოცდილ მთამსვლელს, ნაზო ხერგიანს, არაერთი მწვერვალი და მყინვარი უნახავს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. ამბობს, რომ ზოგჯერ ვეღარც ცნობს ბევრი წლის წინ გადაღებულ ფოტოებზე ასახულ ბუნებას. ადამიანს ბუნება უნდა უყვარდესო – ამბობს 70 წლის მთამსვლელი.

„უნდა გაუფრთხილდე ბუნებას, ამ ყველაფერს… აი თუნდაც ნაგვის დაყრაც არ შეიძლება, რაც სამწუხაროდ ბევრგან გვხვდება. შემოსული ტურისტი უფრო მეტს უფრთხილდება. ზოგჯერ ტომრებით ნარჩენები აქვთ აკრეფილი, ამდენ ნაგავს რომ ხედავენ“ – ამბობს ნაზო ხერგიანი.

როგორც ჩანს, აქ ყველა ასე არ ფიქრობს. ისტორიული კოშკებიდანაც კარგად მოჩანს სახელდახელოდ მოწყობილი ნაგავსაყრელი, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. აქ დიდი ტერიტორიაზეა მიმოფანტული სამშენებლო ნარჩენები, ძველი ტანსაცმელი, პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები… ვიღაცას წარწერაც გაუკეთებია, რომ ნაგავი ამისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე დაყარონ. უადგილოდ დაყრილ ნაგავს მხოლოდ აქ არ შეხვდებით. გადაყრილ ნარჩენებსა თუ გამოუსადეგარ ნივთებს მესტიისკენ მომავალ გზაზეც დაინახავთ, გაჩეხილი ხეების გასწვრივ.

მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი გარემოს სათბურის აირებით დაბინძურებაა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მონაცემებით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის, ანუ ერთ-ერთი მთავარი სათბურის აირის დონე, ინდუსტრიულ რევოლუციამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, ახლა გაორმაგებულია. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში სათბურის აირების ემისიები ყოველწლიურად 47 მილიარდ ტონას აღწევს – ამას  სპეციალისტები აფასებენ, როგორც საგანგაშოს. მკვლევრები ამბობენ, რომ თუ კაცობრიობა სასწრაფოდ არ მიიღებს ზომებს, 2100 წლისთვის, მთის მყინვარების უმრავლესობა  შესაძლოა, უბრალოდ გაქრეს.

მყინვარების მკვლევარი, გლაციოლოგი ლევან ტიელიძე ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე რთული ვითარება აღმოსავლეთ კავკასიონზეა. რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციას – მეცნიერი მყინვარული საფარის უდიდეს დანაკარგებზე საუბრობს.

„ბოლო კვლევების მიხედვით, 1960-დან 2016 წლამდე მყინვარებმა დაკარგეს 600 მილიონი გეგატონა ყინული. ეს დაახლ. ისეთი მაჩვენებელია, ჩილეს ზომის ქვეყანა რომ დავფაროთ 15-მეტრიანი ყინულით, ეს არის ძალიან დიდი ციფრი და კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ იყო გათვალისწინებული გრენლანდია-ანტარქტიდის ძირითადი მყინვარული ფარები, ეს იყო ძირითადად მთის მყინვარები. თუ ამას დავუმატებთ ანტარქტიდას და გრენლდანდიას, უკვე რამდენიმე ათეულ მეტრზე ადის მსოფლიო ოკეანის დონის მატება. რაც ნიშნავს იმას, რომ გაჩნდება აუცილებლობა, მოხდეს სანაპირო ქალაქების მიგრაცია, მილიარდობით ადამიანზეა საუბარი. გაჩნდება ასევე საკვების პრობლემა, მტკნარის წყლის პრობლემა და ა.შ.“ – აცხადებს ლევან ტიელიძე.

„მე ყოველთვის ვაკვირდები, როგორ დნება თუნდაც ანტარქტიდა. სიგიჟე მემართება ამხელა კლდესავით ყინულები რომ ტყდება. რომ ვამბობ, რა სამწუხაროა-მეთქი, ზოგს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს. მე არ მოვესწრები, მაგრამ ჩემი შვილები და შვილიშვილები მოესწრებიან ამ სავალალო მდგომარეობას“ – ამბობს ნაზო ხერგიანი.

ეს სავალალო მდგომარეობა შესაძლოა სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში დადგეს და ნაზო ხერგიანის შვილიშვილებმა მართლაც ვეღარ დაინახონ – როგორ მიცურავს მზე საუკუნოვანი მყინვარების თავზე…

მიჟ ჩვესხრი – ასე იტყვიან სვანეთში მზის ჩასვლისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მზე უკვე მყინვარს მოეფარა…

ავტორები: ნანუკა მეშველაშვილი, დავით კეკენაძე

ოპერატორები: ვახო ლეკიაშვილი, გიორგი ცოფურაშვილი

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend