ალბანელები მსოფლიოში სიდიდით ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიასპორას ქმნიან. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი და რა შედეგი მოჰყვება ამას? ამ კითხვებზე პასუხის საპოვნელად „ევრონიუსი“ ალბანეთის ჩრდილოეთით მდებარე ერთ პატარა ქალაქ კუკესში ჩავიდა, რომელიც ემიგრაციამ ძალიან დააზარალა.
ამ ადგილს ხშირად მოჩვენებათა ქალაქს უწოდებენ. 1991 წელს კომუნიზმის დამხობის შემდეგ ამ ქალაქის მოსახლეობის 40 პროცენტი ემიგრაციაში წავიდა. ისინიც კი, ვინც უკან დაბრუნდა, ისევ წასვლას აპირებენ. ბიზნესმენმა ლულ ნეგრუტმა ალბანეთი 20 წლის ასაკში დატოვა. იგი გაერთიანებულ სამეფოში დასახლდა და ბრიტანული პასპორტიც აიღო. როდესაც ლულის დედა ავად გახდა, იგი უკან დაბრუნდა და ფული სამშენებლო მასალების წარმოებაში ჩადო. მისი ბიზნესი ახლა გაკოტრების პირასაა. ლული ამბობს, რომ 8 თვეა, არცერთი შეკვეთა არ მიუღია. იგი ნანობს რომ დაბურნდა.
ლულ ნეგრუტი, ბიზნესმენი:
„ვნანობ. ძალიან მწყდება გული. ხანდახან ვფიქრობ, ყველაფერი მივატოვო და წავიდე. მნიშვნელობა არ აქვს, სად წავალ, უბრალოდ წავიდე. ვერ ვეუბნები ხალხს, რომ ლონდონში ვცხოვრობდი, რადგან მეტყვიან: რას ჩამოდიოდიო აქ? იცით, როცა ლონდონში ვიყავი, ბორის ჯონსონს შევხვდი. პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, ალბანეთიდან ვარ-მეთქი. და მითხრა: „წარმატებები მეგობარო!“, მე კუკესიდან ვარო. აქ, კუკესში, თუ მინდა ვინმეს შევხვდე, ოფისში სამჯერ მაინც უნდა დავურეკო, რომ შემხვდეს. ძალიან რთულია“.
ლული თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა რთულია ცხოვრება რეგიონში, რომლის მოსახლეობის 20 პროცენტიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ბევრი თვლის, რომ გამოსავალი მხოლოდ მიგრაციაა. ნაკლები ხალხი კი ნაკლებ ბიზნესს ნიშნავს, ამიტომ მოსახლეობის შემცირებას ეკონომიკის, სოციალური და დემოგრაფიული პირობების გაუარესება მოსდევს შედეგად.
„2021 წელს თითქმის 600 ბავშვი დაიბადა. 2022 წელს – 500. ეს ნიშნავს, რომ შობადობა იკლებს,“ – ამბობს ვენზი დოჩი, კუკესის საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. „ ახალგაზრდები წავიდნენ, დატოვეს აქაურობა. აქ, ფაქტობრივად, მხოლოდ უფროსი ასაკის ხალხი დარჩა.“
როგორც ჩანს, ამ არემარეში, პენსიონერების თავშეყრის ადგილია ყველაზე ხალხმრავალი. პენსიონერი აგიმ სულა ამბობს, რომ მისი ოთხი შვილიდან სამი უცხოეთშია:
„მათ არ აქვთ სამუშაო, საარსებო სახსრები, ამიტომ იძულებული არიან, წავიდნენ. მხოლოდ ახალგაზრდები კი არა, ოჯახებიც მიდიან, ჩვილებიც მიჰყავთ“.
ახალგაზრდების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, ამიტომ ზოგიერთი ალბანელი შეშფოთებულია, მათ არ იციან, რა ბედი ელის ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის სისტემასა და მათ პენსიებს მომავალში.
„ყველა, ვინც წასვლა არჩია, სამუშაო ძალის ნაწილია,“ – ღელავს პენსიონერი ჰამდი სოკოლი. „ისინი ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები არიან. ისინი უნდა წავიდნენ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარ ქვეყანას ააშენებენ და არა გერმანიასა და იტალიას“.
ლავდრიმ შეჰუ იურიდიული ექსპერტია მიგრაციის საკითხებში. იგი მოხალისედ მუშაობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ახალგაზრდებს გარკვეულ პირობებს უქმნის, რათა ქვეყანაში დარჩნენ. იგი შიშობს, რომ ქვეყანა რეალურად საათის მექანაიზმიან ბომბზე ზის, რადგან უკვე მთელი თაობა დაიკარგა.
ლავდრიმ შეჰუ, იურიდიული ექსპერტი მიგრაციის საკითხებში:
„თუ მთავრობა ხელს არ შეუწყობს სკოლებს ლოგისტიკის, მომარაგების, სპორტის, შემოქმედების, ხელოვნებისა და მუსიკის კუთხით, ხალხი ვერ იგრძნობს თავს სრულფასოვნად იქ, სადაც არის, საკუთარ სკოლასა თუ სახლში. ამიტომ, სავარაუდოდ, სხვა რამეს მოძებნიან“.
თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია. 300 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში მხოლოდ 50 დადის. ამ ქალაქში ტირანის უნივერსიტეტის ფილიალია, რომელიც დაიხურა სტუდენტებისა და სახსრების უქონლობის გამო. ვალბონა აქ ეკონომიკას სწავლობდა. იგი ახლაც ხშირად ხვდება თავის ყოფილ პროფესორს. მათ ირგვლივ სულ მიგრაციის ამბები ისმის.
ვალბონა ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ გაოცებული დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ იმ გასტრონომის პატრონი რომელშიც საყიდლებზე დადიოდა, თავის ოჯახთან ერთად, ამერიკაში წავიდა, რათა ბავშვებს უკეთესი ცხოვრება მისცეს.
„არადა, საამისო არაფერი სჭირდა,“ – უკვირს ვალბონას. „თავიანთი ბიზნესი ჰქონდათ, მაგრამ აქ ყველაფერი მიატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ, შვილებისთვის უკეთესი მომავალი რომ შეექმნათ“.
ქალაქის მერი კატეგროიულად უარყოფს, რომ ეს „მოჩვენებათა ქალაქია.“ იგი მეუბნება, რომ როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა ხელისუფლებამ კარგად იცის აქაურობის პრობლემების შესახებ და აქტიურად მუშაობენ მათ აღმოფხვრაზე.
„ჩვენ ვეხმარებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამი ან 5 წელი მუშაობდნენ, როგორც მიგრანტები ინგლისში, გერმანიასა თუ სადმე სხვაგან,“ – ამბობს კუკესის მერი საფეტ გჟიჩი. „ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ დაბრუნდნენ იმით, რომ ვათავისულფებთ ადგილობრივი გადასახადებისაგნ ერთი, ორი ან სამი წლის განმავლობაში. ამისთვის მთავრობამ პირველ ეტაპზე 5000 ევროზე მეტი გამოყო“.
მიგრაციის ტალღის შესაჩერებლად კერძო სექტორიც იღვწის. კომპანია MIKO TEKSTIL-ის სამკერვალო 90 ქალს ასაქმებს. ზოგიერთი მათგანი სულ ახლახან დაბრუნდა გერმანიიდან ან იტალიიდან, სადაც ვერ შეძლეს ლეგალურად დასაქმება.
„უცხოეთში უკეთესი პირობების გამო წავედით,“ – ამბობს ნადირ გაში, კომპანია MIKO TEKSTIL-ის მკერავი. „იქ ცხოვრების ხარისხი მაღალია. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ…მეტი ვერ მოვახერხეთ. ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდული იყო“.
კომპანიის მენეჯერი მალინდა დულაი განმარტავს, რომ კომპანია MIKO TEKSTIL-ი გაფართოებას აპირბეს:
„ჩვენი მიზანია, რომ აქ ხალხი შევინარჩუნოთ, რომ აქ შეძლონ დასაქმება, უცხოეთში წასვლის ნაცვლად. ამის მიმართ ინტერესი უცხოურმა კომპანიებმაც გამოიჩინეს. მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. ჩვენი მიზანია, რომ აქ კიდევ ერთი ასეთი ფაბრიკა გავხსნათ. შესაძლოა მამაკაცებისთვის, განსხვავებული პროდუქციის საწარმოებლად“.
ქვეყნის დედაქალაქ ტირანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ოდნავ უკეთესია, მაგრამ ახალგაზრდები აქაც გზაჯვარედინზე დგანან. ალბანეთმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა. მოლაპარაკებები მხოლოდ გასულ წელს დაიწყო და დიდხანს გაგრძელდება, ახალგაზრდებს, რომლებსაც ევროპასთან უფრო ახლო კავშირი სურთ, მოთმინება აღარ ჰყოფნით.
„ჩვენს მეზობლად, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა, განათლება და დემოკრატია აქვს, ამ ქვეყნებში მეტი ერთიანობა და ნაკლები კორუფცია, ნაკლები ორგანიზებული დანაშაული და ნარკოტიკის პრობლემაა,“ – ამბობს გენტჯან ტუფა, ლიტერატურისმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. „ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა კი ისეთი ბუნდოვანია, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ვხედავთ“.
„თუ გინდა ქვეყნის დაქცევა, მისი განათლების სისტემა უნდა გაანადგურო,“ – ამბობს დრაგანა კურტი, საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტი. „ამით მის ახალგაზრდობას სპობ. ამიტომ მსურს, რომ მთავრობამ მეტი ინვესტიცია ჩადოს განათლებაში, არა მხოლოდ უმაღლეს და საუნივერსიტეტო განათლებაში, არამედ დაწყებითშიც“.
თუ პროგრესი არ იქნება, ეს სტუდენტები ამბობენ, რომ სხვა ახალგაზრდებიც ევროპაში მოძებნიან იმას, რასაც აქ ვერ პოულობენ. ისინი ითხოვენ, რომ სასწრაფოდ გატარდეს ცვლილებები პოლიტიკაში, სოციალურ ეთიკასა და განათლების სისტემაში.
ახალგაზრდა ფეხბურთელების საფეხბურთო გუნდ ALBANET U15-ის მწვრთნელი ამბობს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ბევრმა ბავშვმა დატოვა გუნდი, რადგან მათი მშობლები უცხოეთში წავიდნენ.
არლი დილჩე, საფეხბურთო გუნდ ALBANET U15-ის მწვრთნელი:
„ახლაგაზრდები ნებისმიერი ერის ჟანგბადია. მხოლოდ სპორტის კი არა, ნებისმიერი მიმართულებით. სწორედ ახალგაზრდები განაპირობებენ ნებისმიერი ქვეყნის წარმატებას. ჩემი აზრით, ეს საკითხი ძალიან დამაფიქრებელია. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამე უნდა გამოსწორდეს, რათა ჩვენი ახალგაზრდები ევროპელებს დაემსგავსონ.“
ავტორი: ხულიან ლოპეს გომესი