მთავარიევროპახორვატიაროგორ ეგუება ხორვატია ევროს?

როგორ ეგუება ხორვატია ევროს?

2023 წლის პირველ იანვარს ხორვატია ევროზონის მეოცე წევრი გახდა. ადგილობრივი ვალუტა კუნა ოთხმა მილიონმა ხორვატმა ევროთი შეცვალა. ერთიან ვალუტაზე გადასვლით ამ ქვეყანას იმედი აქვს, რომ მისი ეკონომიკა უფრო ძლიერი და სტაბილური გახდება, მოსახლეობის კეთილდღეობა კი გაუმჯობესდება.

ზოგიერთს გული სწყდება კუნას გამო. ზაგრების ბაზარზე მრავალნაირი განწყობაა.

„მე მიხარია ცვლილება, ეს რაღაც ახალია“, – ამბობს ერთი მოვაჭრე.

„არ არის მართალი, რომ ფასები მკვეთრად გაიზარდა,“ – ამბობს მეორე. „შეიძლება, რამდენიმე ცენტით მოიმატა, უმნიშვნელოდ.“

ზოგს ჯერ ისევ ორჭოფობს.

„ ფასები შესაძლოა ოდნავ მაღალია, სულ ეს არის. მე ვალუტის გადაცვლა არ მიჭირს. მთავარია, ფული გქონდეს!“ – ამბობს ერთი მყიდველი.

ზოგს კი გულის სწყდება ეროვნული ვალუტა რომ აღარ იქნება მიმოქცევაში.

„ჩვენ უკმაყოფილო ვართ, ჩვენი კუნა გვერჩია. თუ ქვეყანას საკუთარი ვალუტა არ აქვს, ჩემი აზრით, ის არც არის ქვეყანა,“ – განაცხადა ერთმა დახლიდარმა ქალმა.

უმრავლესობა ევროს მომხრეა

ხორვატების 45 პროცენტი მსხვილ საყიდლებზე ისედაც იყენებდა ევროს ანგარიშს, მაგრამ ახლა ყოველდღიური საყიდლების შეძენაც ევროთი მოუწევთ.

ანა კნეჟევიჩი ხორვატიის მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტია.

„მოხუცებისთვის რთულია, დათვალონ, რამდენი გამოდის ფასი ევროში,“ – ამბოსბ იგი. „ჩვენი ფასები ორმაგია, ამიტომ შედარება ადვილია“.

მართალია, ხანშიშესულები კუნას არიან შეჩვეული, მაგრამ ევრობარომეტრის მიხედვით, ხორვატიელების  55 პროცენტი ევროზე გადასვლას ემხრობა. თუმცა მათ 80 პროცენტს ფასების ზრდის ეშინია.

„ყავისა და პურის ფასი უფრო ძვრია, ვიდრე ახალ წლამდე იყო,“ – აგრძელებს ანა.   „ხალხს არ აქვს საკმარისი ფული, საკვები, გათბობა და ელექტროენერგიაც ძალიან ძვირია. ამიტომ ცხოვრება ძალიან გართულდა. ხორვატია პატარა ქვეყანაა, პენსიები არ არის მაღალი და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ცხოვრობენ პესნიონერები“.

ტურიზმი და წარმოება წახალისდება

ამჟამად ხროვატიაში ნებისმიერი პროდუქტისა და სერვისის ფასი  ევროთი განისაზღვრება. ეროვნული ვალუტის ევროზე გადაცვლის სავალუტო კურსი ფიქსირებულია.  ერთი ევრო 7.53 კუნას უდრის. კუნას მონეტები და ბანკნოტების გადაცვლა ხორვატიის ბანკებში საკომისიოს გარეშე ხდება.  ბიზნესი ვალდებულია, რომ 2023 წლის ბოლომდე  ფასი ორივე ვალუტაში აჩვენოს, რათა ახალ ვალუტაზე გადასვლის პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი იაფფასიანი პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს. მომხმარებელთა უფლებების დამცველი ასოციაცია აკვირდება, რომ მანიპულაციებს არ მიმართონ.

რეპორტი 2

ევროზე გადასვლა და შენგენის ზონაში შესვლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებს გარკვეულ სექტორებს, მათ შორის ტურიზმს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 24 პროცენტს შეადგენს და წარმოებას, რომლის წილიც მშპ-ში 12 პროცენტს აღემატება. წარმოება ხროვატიის მნიშვნელოვანი საექსპორტო სექტორია.

Končar Group-ი ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის ელექტროვაგონების წარმოების სექტორში მუშაობს. ამ კომპანიას თავისი პროდუქციის 60 პროცენტზე მეტი ექსპორტზე გააქვს. ამ ექსპორტის 70 პროცენტი კი ევროზონის ქვეყნებზე მოდის.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ვალუტა კუნა ევროს სულ მცირე 21 წლის წინ მივაბით, ვერ ვიტყვით, რომ დიდი ცვლილებაა მოსალოდნელი,“ – ამბობს გორდან კოლაკი,  კომპანია Končar Group -ის ხელმძღვანელი. „სამაგიეროდ ჩვენი ბიზნესის ოპერირება ბევრად გაადვილდება, რადგან ჩვენი მომხმარებელი ადვილად მიხვდება რას  ვთავაზობთ“.

2020 წელს ექსპორტის 70 პროცენტზე მეტი ევროზე მოდიოდა, ამერიკულ დოლარზე კი – მხოლოდ 16 პროცენტი.

„როდესაც პროდუქციის წარმადობაზე, მოდერნიზაციასა და გაციფრულებაზე ვსაუბრობთ – ეს ყველაფერი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე ევრო, როგორც ვალუტა,“ – განმარტავს გორდან კოლაკი.

ევროზე გადასვლა ბუნებრივი ჩანს იმ ქვეყანაში, რომელშიც ეს ერთიანი ვალუტა ისედაც დანერგილია. ხორვატიის მშპ 2022 წელს 6 პროცენტით გაიზარდა, თუმცა 2023 წლის პროგნოზით, ზრდა მხოლოდ 1 პროცენტი იქნება ნაწილობრივ მაღალი ინფლაციის გამო.

ინტერვიუ ხორვატიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ ბორის ვუიჩიჩთან

„ევრონიუსი“ ესაუბრა ხორვატიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ბორის ვუიჩიჩს, რათა გაეგო მისი მოსაზრება ქვეყნის ევროზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ბორის ვუიჩიჩი,ხორვატიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი: „ბედნიერი ვარ, რომ ხუთი წლის წინ დაწყებული პროექტი დავასრულეთ. ეს მეტ სიმტკიცეს შესძენს ეკონომიკას. ამის შედეგად ხორვატიის ეკონომიკა უფრო მიმზიდველი გახდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისთვის. ტრანზაქციების ღირებულება შემცირდება. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ, რომელშიც ტურისტების 70 პროცენტი ევროზონიდან ჩამოდის. ამიტომ მრავალი თვალსაზრისით არის ეს ხორვატიისთვის კარგი“.

ფანი გორე, „ევრონიუსი: „თუ ევროზონის მიმდინარე ინფლაციას გავითვალისწინებთ, როგორ გგონიათ, რამდენად კარგი დროა ახლა ევროზე გადასასვლელად?“

ბორის ვუიჩიჩი,ხორვატიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი:  „ძალიან კარგი დროა. ჩემი აზრით, უფრო ადრეც რომ გადავსულიყავით, უკეთესი იქნებოდა. ხორვატიის მსგავსი მცირე და ღია ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დროს ევროზონაში იყოს. თუ გადავხედავთ ჩვენს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ ევროზონისა –  არა, წელს უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის შემდეგ, მათზე წნეხი საგრძნობლად გაიზარდა უცხოურ სავალუტო ბაზარზე ცვლილებების გამო. თუ გადახედავთ სესხის ფასს, მისი ხარჯი ახლა კომპანიებისთვის 8-11 პროცენტის ფარგლებშია, ფიზიკური პირისთვის – 6-9 პროცენტისა. მაშინ, როცა ხორვატიის სავალუტო ბაზარზე წნეხი ასეთი არ არის. და ამის საპასუხოდ არც საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა არ დაგვჭირვებია, როგორც იმ ქვეყნებს მოუწიათ. ასე რომ, უკვე ვგრძნობთ ამ ცვლილების სარგებელს, რადგან ბაზარმა უკვე გაითვალისწინა ის ფასი, რომელიც წლის დასაწყისში ევროზონაში შესვლის შემდეგ გვექნება.“

ფანი გორე, „ევრონიუსი:  „საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის უფლება რომ აღარ გექნებათ, ამაზე რას იტყვით?“

ბორის ვუიჩიჩი,ხორვატიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი:  „როგორც წესი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი მონეტარული პოლიტიკა ინარჩუნებდა გაცვლით კურსს ევროსთან, ჯერ გერმანულ მარკასთან და შემდეგ ევროსთან. როდესაც ევროსთან გაცვლითი კურსის შენარჩუნება გიწევს და ამ დროს კაპიტალის თავისუფალი შემოდინება გაქვს, საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკა ვერ გექნება სრულად დამოუკიდებელი. ამიტომ იმას დავკარგავთ, რაც არც გვქონია.“

ფანი გორე, „ევრონიუსი: „რა სირთულეებს გამოიწვევს დიდი მოცულობით კაპიტალის შემოდინება ხორვატიის ეკონომიკაში, მაგალითად, უძრავი ქონების ბაზარზე?“

ბორის ვუიჩიჩი,ხორვატიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი:  „ეკონომიკის გადახურების საფრთხეს ვერ ვხედავთ. თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, ფასები სწრაფად იმატებს. ჩემი აზრით, მომავალ წელს, როდესაც საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, უძრავი ქონების სექტორიც დამშვიდდება. ერთი რამ, რაც არ შეიცვლება, უცხოელების მხრიდან მოთხოვნაა, რომელიც მოსალოდნელია, რომ ისევ გაიზარდოს. ამჟამად უძრავი ქონების გაყიდვების დაახლოებით 20 პროცენტი უცხოეთზე მოდის, ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხდებით.“

ფანი გორე, „ევრონიუსი: „და ბოლოს, რა პრობლემებს ელოდებით?“

ბორის ვუიჩიჩი,ხორვატიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი:  „ჩემი აზრით, ეკონომიკის სტრუქტურულ ასპექტებს ხელის ერთი მოსმით ვერ მოვაგვარებთ. ახლა სწორედ ამ ტიპის სტრუქტურული რეფორმები უნდა გავატაროთ, ამაში კი  დაგვეხმარება უკეთესი ეკონომიკური გარემო, რომელსაც ევროზე გადასვლა და შენგენის ზონაში შესვლა შექმნის“.

ავტორი: ფანი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend