გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე, შეერთებულმა შტატებმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციას მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისროს უკრაინაში შეჭრის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა ასევე ისაუბრა ჩინეთის მომეტებულ აგრესიაზე ტაივანთან მიმართებაში. მისი თქმით, არასტაბილური საომარი ვითარების საშიშროება მთელ მსოფლიოში იზრდება, რაც უნდა აღიკვეთოს და მშვიდობა შენარჩუნდეს.
„რუსეთი გაეროს წესდებას არღვევს და მისი სამხედრო ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებებს სჩადიან. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მკაცრი რეზოლუცია, რომელიც ნათლად ადასტურებს და გმობს რუსეთის სისასტიკეს. ჩვენ დავგმეთ რუსეთის მიერ მოწყობილი ე.წ. უკანონო რეფერენდუმი უკრაინის ტერიტორიებზე. ჩვენ რუსეთს სხვა დანაშაულებებზეც უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა. რუსეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, ნიკარაგუასა და სირიაში, აკავებენ, აწამებენ და კლავენ პოლიტიკურ ოპონენტებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს. ეს უნდა დასრულდეს”, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში.
ჩინეთის მუსდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას კი თქვა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას ეწევა, რაც საერთაშორისო სამართლის პრონციპებს არღვევს. დიდი ალბათობით, ჟანგ ჟანი ამ განცხადებაში აშშ-ს გულისხმობდა.
„საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაოესობის გასაძლიერებლად აუცილებელია საერთასორისო სამართლის პრინციპების დაცვა. ამ ყველაფერს გაეროს წესდება სხვადასხვა ქარტიით კარგად ადგენს. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ უგულებელყო ეს პრონციპები და საკუთარი მიზნებისთვის ბოროტად ცდილობს გამოიყენოს სხვადასხვა მიდგომები. ეს ორმაგი სტანდარტია და კარგს არაფერს მოიტანს. ასეთი ქმედებები და მიდგომები არღვევს საერთაშორისო სამართლის ავტორიტეტს და ძირს უთხრის სახელმწიფოთაშორის ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს“, – თქვა ჟანგ ჟანიმ.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს ვასილ ნებენზიას, მისი თქმით, ამერიკას სურს, რომ დასავლური სტანდარტებით მოხდეს მსოფლიო წესრიგის დამყარება, რაც ერთპიროვნული მიდგომაა და სადაც რუსეთის ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული, იქ რუსეთის მხრიდან თანხმობა ვერ და არ იქნება.
”ეს განცხადებები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, ადასტურებს, რომ კანონის უზენაესობის შესახებ კითხვის დასმისას, ყოფილ დასავლელ პარტნიორებს უბრალოდ სურთ გაყიდონ ნარატივი რუსეთის აშკარა პასუხისმგებლობის შესახებ. თითქოს რუსეთი ზიანს აყენებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამ დროს თავად არღვევენ შეთანხმებებს. ცხადია, ასეთ ინტერპრეტაციას, რომელიც სრულად ემთხვევა მსოფლიო წესრიგის დასავლურ კონცეფციას, სადაც წესებს თავად დასავლეთი ადგენს, ჩვენ ვერ და აღარ დავეთანხმებით”, – განაცხადა ვასილ ნებენზიამ.
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით „უკანონობის უზენაოესობად“ გადაქცევას ვერ დაუშვებენ. მან რუსეთის შეჭრას უკრაინაში არალეგალურად სასტიკი ქმედება უწოდა და თქვა, რომ მსგავსი უკანონობების საშიშროება მთელს მსოფლიოში დადგება.