მთავარიმსოფლიოკავკასიასომხეთ-თურქეთს შორის სატვირთო გადაზიდვების აღდგენის ეფექტი

სომხეთ-თურქეთს შორის სატვირთო გადაზიდვების აღდგენის ეფექტი

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში, პირველი იანვრიდან სომხეთმა და თურქეთმა ორმხრივი სატვირთო ავიარეისები დაუშვეს.

აქამდე მათ შორის საჰაერო სატვირთო გადაზიდვები შეჩერებული იყო. ცოტა ხნის წინ თურქულმა მედიამაც დაწერა, რომ სატვირთო გადაზიდვები სომხეთთან უკვე აღდგენილია და ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ საექსპორტო ოპერაციებში ჩართულ ადგილობრივ ორგანიზაციებს აცნობა.

ამ მრავალწლიანი შეზღუდვის გამო თურქეთსა და სომხეთს შორის გადაზიდვები საქართველოს გავლითაც ხდებოდა. ამიტომ, საავიაციო სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ ამბავს შესაძლოა, საქართველოს ავიაბაზარზეც ჰქონდეს ეფექტი, თუმცა არა მყისიერი.

საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი, გიორგი მოლოდინაშვილი ამბობს: „არის რისკი, რომ ის თურქული ავიაკომპანიები, რომელთა ხომალდებიც საქართველოში სხდებოდნენ  და   აქედან ასრულებდნენ რეისებს, გრძელვადიან პერსპექტივაში გადაინაცვლებენ   სომხეთში. თუმცა, ამ შეზღუდვის მოხსნა ამ ეტაპზე ჩვენზე უცაბედ ეფექტს ვერ მოახდენს და შესაბამისად, ნეგატიურ შედეგებს არ ველოდები“.

აქამდე თურქეთი არ იძლეოდა არც მისი საჰაერო სივრცის ტრანზიტულად გამოყენების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო თვითმფრინავი სომხეთისკენ მიფრინავდა. ქართული ავია გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომლებიც არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებენ, ამ დაბრკოლებას ხშირად შეუქმნია პრობლემები.

სწორედ ამ ამბის გათვალისწინებით, სომხეთსა და თურქეთს შორის ავიაგადაზიდვებზე შეზღუდვის მოხსნა შესაძლოა ზოგ ქართულ ავია გადამზიდავს თავის საქმიანობაში წაადგეს  კიდეც, მაგრამ შეზღუდვების მოხსნიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ, რომ დადებული პირობა შესრულდება და თურქეთი მართლაც გაუხსნის საჰაერო სივრცეს სომხეთისკენ მიმავალ ტვირთებს.

სატვირთო ავიაკომპანიის Easycharter-ის დირექტორი რატი ძერია ამბობს: „ერთია ხელშეკრულების გაფორმება და მეორეა ის, თუ რამდენად ეფექტიანად იმუშავეს ეს ხელშეკრულება. ჩვენ გვახსოვს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ აზერბაიჯანს უნდა მიეცეს სომხეთის ტერიტორიის გავლით სახმელეთო ტვირთების გადაზიდვის უფლება, თუმცა ეს ხელშეკრულება არ მუშაობს. ეს შეთანხმება არასოდეს ამოქმედებულა“.

2021 წელს სომხეთმა და თურქეთმა ურთიერთობების მოსაგვარებლად  სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს. შარშან თებერვალში კი ქვეყნებს შორის სამგზავრო ავიარეისები აღდგა.

ჯერჯერობით უცნობია აითვისებენ თუ არა თურქული  მსხვილი ავიაგადამზიდი კომპანიები სომხეთის ტერიტორიებსა და ტერმინალებს.

საქართველოში კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2022 წლის ბოლო მონაცემებით  ავიაგადაზიდვების ბაზრის ლიდერი სწორედ თურქული კომპანია Turkish Cargo-ა.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend