სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები პროტესტს განაგრძობენ. მათ დღეს აქცია გამართეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან. ეს 2023 წელს მათ მიერ გამართული პირველი აქციაა. დღესვე ექიმებმა გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ამ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ექიმები ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ. არ გაჩერდებიან, მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მთავარი მოთხოვნა კი იგივეა რაც ბოლო 9 თვის განმავლობაში. ხელფასების გაზრდა.
“სასწრაფო დახმარების ექიმებს მეორე სამსახურის ძიება უწევთ, რადგან ხელფასი ძალიან დაბალი გვაქვს. ჩემი კოლეგები მუშაობენ ტაქსის მძღოლებად და მიტანის სერვისებში კურიერებად. XXI საუკუნეში ექიმი მიტანის სერვისში არ უნდა მუშაობდეს. თუმცა რა დაგიმალოთ, რამდენიმე დღეში მეც ვიწყებ მეორე სამსახურს კურიერად.”
“საპენსიო ასაკი მაქვს, მაგრამ პენსიაზე ვერ გავდივარ რადგან ჩემს შვილებს ფინანსური დახმარება სჭირდებათ. მაშინ როცა ყველაფერი 100 და 200%-ით არის გაძვირებული, ჩვენ აპრილში ხელფასები შეგვიმცირდა. ვერ ვფარავთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯებს.”
“გადაუდებელი დახმარების ხელმძღვანელებმა იმ ექიმებს რომლებიც ახალი წლის ღამეს მორიგეები იყვნენ ახალი წელიც კი არ მიულოცეს. ეს უკვე ხელფასზე აღარ არის, ეს არის უპატივცემულობა. 30 წელზე მეტია სასწრაფო დახმარებაში ვმუშაობ და ასეთი ფაქტი არ მახსოვს. დაენანათ რომ ერთი კანფეტი შემოეგდოთ ფილიალში”, – გვიყვებიან სასწრაფო დახმარების ექიმები.
დღეს, 11 იანვარს გამართულ აქციას პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ექიმებს მხარს, სრულად უჭერენ და ამბობენ, რომ ექიმების ხარჯზე ხელფასი, მათ ზემდგომებს ეზრდებათ. პროფკავშირების ინფორმაციით, 2017 წლიდან 2022 წლამდე, უფროს ექიმებს ხელფასი მხოლოდ 319 ლარით გაეზარდა, მაშინ როცა ცენტრის დირექტორს ხელფასი ბოლო 5 წელიწადში 5,150 ლარით გაიზარდა.
„13 წლის განმავლობაში სასწრაფოში დასაქმებული პირი იღებდა მე-13 ხელფასს, თუმცა 2022 წელს ისინი დაისაჯნენ იმისთვის რომ არიან პროფკავშირებში გაწევრებულები და მათ მიიღეს მე-13 ხელფასის მხოლოდ 70%. მათ ასევე გაუუქმეს ჯანმრთელობის დაზღვევა. აღარც სასწრაფო დახმარების მანქანის დეზინფექცია აღარ ხდება. სასწრაფოში დასაქმებულები მხოლოდ ხელფასის ზრდას ითხოვენ… ის 10%-იანი ზრდა რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, პროპორციულად არასამართლიანად გადანაწილდა. თუ შევადარებთ ექიმისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ხელფასებს, ვნახავთ რომ ექიმს ხელფასი მხოლოდ 140 ლარით გაეზარდა, მის დამსაქმებელს კი 800 ლარით. ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ და სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში, აგრესია ადმინისტრაციის მიმართ უნდა ჰქონდეთ. მათ მიმართ ვინც თბილად და ტკბილად არის მოკალათებული ტყავის სავარძელში“, – ამბობს ირაკლი ამირანაშვილი, მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ და ამბობენ, რომ მზად არიან პროტესტის ყველა ფორმას მიმართონ.
ანანო ღუდუშაური