ზამთარში, მაშინ როცა ტემეპერატურა 0 გრადუსის დაბლა ეცემა და თან თოვს, განსაკუთრებით რთულდება ავტომობილით გადაადგილება. საავტომობილო გზებზე ამ დროს განსაკუთრებით შეიმჩნევა მწყობრიდან გამოსული ან ნელი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები. ამის ძირითადი მიზეზი სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში არსებული მოძველებული და ამორტიზებული ავტოპარკია.
თოვლიან და მოყინულ გზებზე რომ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ, ავტომობილების მფლობელები სახელოსნოებს აკითხავენ. მათი თქმით, თუ თავიანთი ოთხთვალასთვის ახალ დეტალებს შეიძენენ, ეს არც ისე იაფი დაუჯდებათ.
„ახალი ნაწილებით და დეტალებით რომ ჩაანაცვლო ძველი, რა თქმა უნდა ძვირი სიამოვნებაა ჩვენს პირობებში. განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს ახალ საბურავებს რა ტიპის მანქანაც არ გყავდეს. ამიტომ, ბევრი ვირჩევთ მეორად ნაწილებს და საბურავებს. მინიმუმ ნახევარფასად ვყიდულობთ და იმიტომ. კარგ მდგომარეობაში თუ გინდა გყავდეს მანქანა, ნამდვილად არ არის მცირე ფასებთან დაკავშირებული“, – ამბობს ავტომობილის მფლობელი ზურა ხურცილავა.
ავტოსახელოსნოებში რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს, მომხმარებელთა ზრდა შეიმჩნევა. არაბრენდირებულ გასამართ პუნქტებში დასაქმებული ხელოსნები ამბობენ, რომ მოქალაქეები ძირითადად სავალი ნაწილების შესაკეთებლად და საბურავების შეცვლისთვის აკითხავენ. მათივე თქმით, ბრენდირებულ სახელოსნოებთან შედარებით მათი მომსახურება მძღოლებს გაცილებით იაფი უჯდებათ.
„ასეთ ამინდებში ძირითადად საბურავებს და სავალ ნაწილებს ცვლიან, რაც აუცილებელია უსაფრთხო მოძრაობისთვის. მაგრამ, მოთხოვნა უფრო მეტად საბურავების შეცვლაზეა გაზრდილი. კლიენტებისთვის პრიორიტეტულია ძრავის ზეთის გამოცვლაც. თან ახლა, ტექდათვალიერებაც ბევრს უწევს და მწყობრში უნდა ჰყავდეთ მანქანა. მოჰყავთ რა თქმა უნდა უფრო მეტად ძველი ავტომობილები, ბევრს უფრო ძველი ჰყავს. ახალი მანქანებიც მოჰყავთ, მაგრამ უფრო მეტად მიჰყავთ ბრენდირებულ ავტოცენტრებში. თუმცა, ჩვენთან უფრო იაფი ჯდება შეკეთება ან ნაწილის გამოცვლა და უფრო მეტად მაინც ჩვენთან მოდიან. კლიენტი ფასითა და მომსახურებით კმაყოფილი რჩება“, – აცხადებს ავტომობილის ხელოსანი ირაკლი მაჭარაშვილი.
იმისათვის, რომ ავტომობილი ზამთრის პირობებისთვის მოწესრიგდეს და მისი მართვა უსაფრთხო იყოს, ბაზარი მომხმარებელს სხვადასხვა ფასისა და ხარისხის უამრავ პროდუქციას სთავაზობს. სედანის ტიპის ავტომობილის სავალი დეტალების საშუალო ფასები არაბრენდირებული მომსახურებით კი ასე გამოიყურება:
4 საბურავი – 600 ლ
ძრავის ზეთი – 120 ლ
ანტიფრიზი – 20 ლ
სამუხრუჭე ხუნდები – 80 ლ
ხელოსნის მომსახურეობა: 50-100 ლ
მოქალაქეების ნაწილი, დაბალი დანახარჯების გათვალისწინებით მეორად ნაწილებს ირჩევს. უსაფრთხო გადაადგილების ქართული რეალობა ფაქტობრივად ამინდზეა დამოკიდებული.
ალეკო გვეტაძე