მთავარისაქართველორამდენად ხელმისაწვდომია საზღვარგარეთ სწავლა ქართველი ახალგაზრდებისთვის

რამდენად ხელმისაწვდომია საზღვარგარეთ სწავლა ქართველი ახალგაზრდებისთვის

ძერასა სანაკოევა ერთ-ერთია იმ ათასობით ქართველ ახალგაზრდას შორის, რომელმაც უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიიღო.

საერთაშორისო გამოცდილების სურვილი მას სკოლის ასაკიდან ჰქონდა და ოცნების ახდენაში უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამა დაეხმარა, რომლითაც სრულად დაუფინანსდა საბაკალავრო პროგრამა და სტიპენდიაც მიიღო. უნგრეთში მან 4 წელი გაატარა და ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება იყო.

„სკოლის ასაკიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ საუნივერსიტეტო განათლებას საზღვარგარეთ მივიღებდი. მიმაჩნდა და ვიცოდი, რომ საერთაშორისო გამოცდილება, ურთიერთობები, კულტურული ცვლილებები დამეხმარებოდა ცხოვრებაში.

სკოლის დასრულების შემდეგ, იმავე წელსვე ჩავაბარე ბუდაპეშტში, კორვინუსის უნივერსიტეტში. მივიღე უნგრეთის სტიპენდიაც.

ეს დაფინანსება სამსახურთან ერთად სრულად მყოფნიდა ყველანაირი ცხოვრებისეული ხარჯების ანაზღაურებისათვის, რაც საჭიროა სტუდენტისთვის. მათ შორის, ხარჯებში ვატევდი მოგზაურობასაც.

რა აკადემიური ცოდნაც მივიღე, სამუშაო გამოცდილებასთან ერთად დამეხმარა იმაში, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემი ორი სტარტაპი დავაარსე’, – ამბობს ძერასა.

ამავე პროგრამით, ბაკალავრის ხარისხს მიიღებს კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა თეიმურაზ დოიაშვილი. უნგრეთში სწავლა და ცხოვრება მისივე თქმით, საერთაშორისო ავიაკომპანიაში მუშაობის დაწყებაში დაეხმარა.

„თავიდან, როდესაც სასწავლო პროგრამების ძებნა დავიწყე, ბაკალავრის სტუდენტისთვის სრულად დაფინანსებული პროგრამა ფაქტობრივად არ იყო.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ გადავაწყდი ინფორმაციას უნგრული დაფინანსებული სასწავლო პროგრამის შესახებ, რაშიც „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ დამეხმარა.

შესაბამისად, ამ პროგრამით მომიწია სწავლა და ეს იყო გამართლება. ეს ისეთი გამოცდილება არის და იმდენი კარგი რამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველას ვურჩევ გაითვალისწინონ სწავლის დაგეგმვისას“, – ამბობს თეიმურაზი.

ძერასა და თეიმურაზი ამბობენ, რომ ახალგაზრდებისთვის უცხოეთში სწავლის დაფინანსებული პროგრამების მოძიება ძალიან რთული და დამაბნეველი ინფორმაციით სავსე პროცესია.

„ახალგაზრდისთვის, რომელიც გადაწყვეტს, რომ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს, ჩაბარების პროცესი ერთ-ერთი ურთულესია, თუ რამე შეიძლება შეგხვდეს ამ ასაკში.

ძალიან რთულად იძებნება ისეთი საიტები, სადაც გაფილტრულად და დეტალურადაა სწორი ინფორმაცია ამა თუ იმ სასწავლო პროგრამისა თუ უნივერსიტეტის შესახებ.

არის ბევრი ყალბი ინფორმაცია, დამაბნეველი რეკლამა და მოკლედ, არ არის მარტივი შენთვის სასურველი პროგრამა მოძებნო.

თბილისში არის ბევრი ორგანიზაცია და პროგრამა, რომელიც თითქოს გეხმარება, მაგრამ ისინი შეზღუდულად გთავაზობენ უნივერსიტეტების და ქვეყნების არჩევანს და არ გეხმარებიან შენი სურვილით მოძებნო კონკრეტული“, – აცხადებს ძერასა სანაკოევა.

2023-2024 წლების განმავლობაში ქართველ სტუდენტებს არაერთი ქვეყანა სთავაზობს სასწავლო-სასტიპენდიო პროგრამას. ეს ინფორმაცია განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ასევე, ქართველ ახალგაზრდებს 2014 წლიდან დღემდე დახმარებას უწევს სახელმწიფო უწყება „განათლების საერთაშორისო ცენტრი“, რის ფარგლებშიც 2022 წლის ჩათვლით უკვე 1250-ზე სასწავლო სტიპენდია გაიცა.

უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა „ერასმუს +“-იც აგრძელებს განაცხადების მიღებას.

ქართველ ახალგაზრდებს პანდემიის შეზღუდვების შემდეგ, საზღვარგარეთ განათლება ახლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend