მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესზე კვლავ ექიმებს გამოკითხავენ

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესზე კვლავ ექიმებს გამოკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროცესები მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. მორიგი სხდომა 9 იანვარს ჩატარდება, სადაც კვლავ ექიმები უნდა დაიკითხონ, თუმცა კონკრეტულად რომელ ექიმებსა და ექსპერტებს მოუსმენს სასამართლო, ჯერ ცნობილი არ არის.

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე მოითხოვს სასამართლო პროცესები დაჩქარებული წესით ჩატარდეს, რათა სასამართლომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე სამართლიან განაჩენს გამოიტანს.

„მოვითხოვთ, პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურად, რაც შეიძლება გვიანობამდე მოხდეს სამუშაო რეჟიმის განსაზღვრა, რომ ყოველდღე რამდენიმე მოწმის დაკითხვა მოხერხდეს. თუ ყოველდღიურად ჩაინიშნება სხდომები, შესაძლებელია ერთ კვირაში ან კვირა-ნახევარში დასრულდეს ეს პროცესი და მივიდეთ დასკვნით სიტყვამდე. რაც შეეხება მოსამართლეს – დიახ, არევაძე დამოუკიდებელი მოსამართლეა და ის შედის იმ მოსამართლეთა რიგებში, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ არ არის კლანის წევრი და მისი სამოსამართლეო საქმიანობა ყოველთვის გამოირჩეოდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.

კლინიკა „ვივამედში“ 8-თვიანი მკურნალობის შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს უკვე მიაწოდეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა – ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა და ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა.

დღეს მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ცნობიერება დაკარგა და მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ ამ წუთში გონება დაკარგული არ ჰქონდა და ცოტა ვისაუბრეთ კიდეც. 9-ში კვლავ უნდა იყოს სასამართლო, თუმცა რა თქმა უნდა, პროცესზე ვერ წავა, რადგან ძალიან დასუსტებულია. გუშინდელმა ეპიზოდმა (ცნობიერების დაკარგვა) კიდევ უფრო დაასუსტა. რაღაც კვლევები ჩაუტარდა, შედეგები ალბათ დღის განმავლობაში იქნება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ მსჯავრდადებული მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ საჭიროებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. უწყებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. მესამე პრეზიდენტის ოჯახისა და დაცვის მხარისა მთავარი მოთხოვნა კი სწორედ მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend