მთავარისაქართველო„მიშას სიცოცხლისთვის“ - სოლიდარობის აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში

„მიშას სიცოცხლისთვის“ – სოლიდარობის აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში

mj„მიშას სიცოცხლისთვის“ – ამ გზავნილით დღეს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართა. მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების შეკრების მთავარი ადგილი თბილისში, მშვიდობის ხიდი იყო. ამ აქციების ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი რუსი ბლოგერი მარკ ფეიგინია, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავად მესამე პრეზიდენტმა მისწერა წერილი. სოლიდარობის აქციების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩიც.

„მარკ ფეიგინის და ალექსი არესტოვიჩის ინიციატივა იყო, რომ მთელ მსოფლიოში – უკრაინელები, ქართველები და ყველა ის ადამინი შეკრებილიყო, ვისაც ესმის რა მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადარჩენას. ასევე, სიმბოლური მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვას მიხეილ სააკაშვილის მიმართ“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ გიორგი ბარამიძემ.

„ეს არის სოლიდარობის აქცია – საერთაშორისო, გლობალური კამპანია, რომლის მიზანია, მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველოში დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ“ – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ.

სოლიდარობის აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. აქციის მონაწილეებმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

„ერთი პრეზიდენტი უკვე მოვკალით 90-იანებში, რაც იყო უდიდესი ტრაგედია ქვეყნისთვის. ამან გამოიწვია ძალიან დიდი რყევები და იგივე ხდება ახლაც. ეს პროცესიც გამოიწვევს ძალიან დიდ პოლიტიკურ რყევებს, რაც არ უნდა დავუშვათ. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა, სადაც ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს“ – განაცხადა დღევანდელი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გუჯა ჩალიავამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლო პროცესები გრძელდება. მომდევნო სხდომა 9 იანვარს გაიმართება. უკვე დაიკითხნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ტოქსიკოლოგი და ფსიქიატრი, რომლებმაც სასამართლოს უთხრეს, რომ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდა და მისი მდგომარეობა რთულია. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებს.

დღეს მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მთავრობის ადმინისტრაციასთანაც მივიდნენ. ამ აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი იყო. ის დღეს პარტიის მიერ დაგეგმილ აქციებს არ შეუერთდა.

„პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი ციხეში არ უნდა კვდებოდეს, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების გარეშე. სწორედ ამიტომ ვართ აქ შეკრებილები და ამიტომ იყვნენ შეკვეთილში ჩვენი თანამებრძოლები“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღევანდელიო სოლიდარობის აქციების მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მათი პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend