2022 წელი გამოირჩეოდა სითბური ტალღებით, გვალვით, ხანძრითა და წყალდიდობით. ასეთმა უკიდურესად ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დააზარალა, დაიხარჯა მილიარდობით ევრო.
პაკისტანში გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად თითქმის 8 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა სახლ-კარი.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალური სამხრეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან პასუხისმგებელი კლიმატის ცვლილებაზე, ყველაზე მეტად ზარალდებიან.
საშუალო გლობალური ტემპერატურა უკვე 1.2 გრადუსით მაღალია, ვიდრე წინაინდუსტრიულ პერიოდში იყო. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის მიხედვით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ 2030 წლისთვის გლობალური დათბობის ტემპერატურა 3 გრადუსს ცელსიუსს გადააჭარბებს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე პარიზის შეთანხმებაში დაფიქსირებული 1.5 გრადუსი. შედეგად დედამიწამ შესაძლოა რამდენიმე წითელი ხაზი გადაკვეთოს, რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვება.
შესაძლოა, უკვე გვიან იყოს გრენლანდიის ყინულის საფარის დნობის შეჩერება, რომელიც დიდი ხნის შემდეგ ზღვის დონის სწრაფ მატებას გამოიწვევს.
კიდევ ერთი ნელი მოქმედების ნაღმია ჩრდილოეთის პოლარული რეგიონის ნიადაგის მრავალწლოვანი მზრალობა, რადგან იქ დაგროვილია 1600 მილიარდი ტონა ნახშირბადი. მოცემულ მომენტში ეს ნახშირბადი ნიადაგშია ჩაკეტილი, მაგრამ თუ მზრალი ნიადაგი დნობას დაიწყებს, ნახშირბადი ატმოსფეროში გავა და გლობალურ დათბობას კიდევ უფრო დააჩქარებს.
როგორც ცნობილია, კლიმატის ცვლილება მხოლოდ ბუნებას კი არ აყენებს ზიანს, არამედ კაცობრიობას კრიზისში აგდებს. ის ასევე მიგრაციის მთავარი ფაქტორია. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის პროგნოზით, 2050 წლისთვის სულ მცირე მილიარდ 200 ათასი ე.წ. „კლიმატის ლტოლვილი“ იქნება. ეს კაცობრიობის უხმო კრიზისია, რადგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისაგან გაქცეული ადამიანები ვერ მიიღებენ ლტოლვილის სტატუსს.
კლიმატის კრიზისის ყველაზე უარესი სცენარი რომ თავიდან ავირიდოთ, 2030 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვი უნდა გავანახევროთ.
ეს კი მოითხოვს რადიკალური ზომების გატარებას, პირველ რიგში, იმ 10 ქვეყანაში, რომლებიც ცე-ო-ორის CO2 გამონაბოლქვის ორ-მესამედზე არიან პასუხისმგებელი.
არასამთავრობო სექტორი უკმაყოფილოა, რომ აუცილებლად გასატარებელი ზომები და რეალურად გადადგმული ნაბიჯები აცდენილია ერთმანეთს.
ეგვპიტეში ე.წ. COP-27-ის კლიმატის კონფერენციას წიაღისეული საწვავის არნახულად ბევრი ლობისტი ესწრებოდა. კონფერენციის ანგარიშიდან გამოაშკარავდა, რომ ნავთობისა და გაზის კომპანიები ბიზნესის „საშიშ“ გაფართოებას გეგმავენ, რის შედეგადაც 115 მილიარდი ტონა ცე-ო-ორი CO2 გაიფრქვევა ატმოსფეროში.
“ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთისკენ მივექანებით და ფეხი მაინც სიჩქარის პედალზე გვიდგას,” – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
წიაღისეული საწვავის მიმართ პროტესტის ნიშნად კლიმატის აქტივისტებმა მუზეუმებში გამოფენილი შედევრები ამოიღეს მიზანში. ამ აქტივისტების საქციელი დაგმეს და მათ „კლიმატის ტერორისტები უწოდეს.“
ჯერჯერობით ამ ხალხმა სერიოზული ზიანის მიყენება ვერ შეძლო, მაგრამ თუ პოლიტიკოსები არაფერს შეცვლიან, ეკოლოგიის მეგობრებმა შესაძლოა უფრო რადიკალურ ზომებს მიმართონ.