მთავარისაქართველოსაოკუპაციო ხაზთან... ახალი წელი ქერეში

საოკუპაციო ხაზთან… ახალი წელი ქერეში

ვიდრე ახალი წელი დადგება, რუსიშვილების ოჯახში ყველა საქმის დასრულება უნდა მოასწრონ… რაც მთავარია, ჭაჭის გამოხდის ტრადიციული რიტუალი უნდა შესრულდეს.

ჭაჭის გამოხდა ხანგრძლივი პროცესია და ამასობაში, სუფრაც იშლება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში მცხოვრები რუსიშვილები იმასაც მყარად მისდევენ, რომ საახალწლო სუფრაზე მხოლოდ საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტი და ოჯახში დაწურული ღვინო და ჭაჭა უნდა იყოს. კიდევ ერთი ტრადიცია აქვთ – პირველ სადღეგრძელოს ოჯახის უხუცესი წევრი ამბობს.

„ისეთი წელი დამდგარიყოს შვილო, რომ საქართველო გამთლიანებულიყოს, მშვიდობა ყოფილიყოს, როგორი ბავშვობაც მე მქონდა , უზრუნველი, უდარდელი, შეიძლება ბევრი არა გვქონდა, მაგრამ შიში და დარდი არა გვქონდა… მომავალ თაობას ეცხოვროს ეგეთ პირობებში“ – ამბობს ციცინო ოლუმბელაშვილი

საახალწლო სურვილებს შორის ყველაზე მეტად მშვიდობა ჭარბობს. მისი ფასი ამ სოფლის  მკვიდრებმა კარგად იციან. ქერე ომგამოვლილი სოფელია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ამ სოფლიდანაც შეეწირა ხალხი. აქ ახლა აღარ ისვრიან,  თუმცა არ დასრულებულა მცოცავი ოკუპაცია. ამაღლებული გორაკებიდან სოფელს ახლაც  დაჰყურებენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.

„სასაფლაოზე ვერ ავდივართ შიშითა… უნდათ ბავშვებს ასვლა, ახალგაზრდა ბიჭებს, შენი მიცვალებული რამდენი წელიც იმათთან ერთად გაატარე, რა დროსაც გინდა რომ ნახო და შენი გულისტკივილი უთხრა და დაათვალიერო მაგის საშუალება არ არის, გვეშინია“, – წუხს ციცინო ოლუმბელაშვილი

„2008 წლამდე ეს მხარე დუღდა, სოფლებია ისეთი დაკარგული, არ ვიცი როგორ ვთქვა და როგორ აღვწერო, თითზე ჩამოსათვლელი კი არა, ძალიან დიდძალი სოფლებია დაკარგული და ძალიან დიდი მხარე გვაქვს დაკარგული ჩვენ. რაც ჩვენ ვნახეთ არ მინდა მე რომ ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა ნახონ. მე იმათი შეშინებული თვალები არ გამომივა ცხოვრებაში, მაშინ პატარები იყვნენ, 5-6 წლისები იყვნენ და მამა, რატომ მივდივართ, რატომ ვტოვებთ სოფელს? რა გვინდა, სად მივდივართ, ხომ ვერ აუხსნი არა?! მე ვიცი რა მდგომარეობა იყო, მოხდა ასე და ნებით თუ უნებლიეთ დავტოვეთ ჩვენი სოფელი და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სოფელი შევავსეთ და დღესაც აქა ვართ“, – ამბობს ზაქარია რუსიშვილი

დღეს სოფელში 250-მდე კომლი ცხოვრობს. ახალ წელს ქერეს მცხოვრებლები ზეიმით ხვდებიან, თუმცა აქ ამბობენ, რომ ამ ზეიმს ყოველთვის  თან სევდაც ახლავს, ომგამოვლილი სოფლის სევდა…

გიორგი ბოლქვაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend