მთავარისაქართველოსაქართველოს ეკონომიკა 2022 წელს

საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს

საქართველოში  2022 წელს ცხოვრება გაცილებით ძვირი იყო  ვიდრე 2021-ში. საქსტატის  ნოემბრის მონაცემებით,  წლიური ინფლაციის დონე 10,4 % იყო. გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით კი ცხოვრება საქართველოში 7.1%-ით  მეტი ღირდა.

ინფლაცია 2022 წელს გამოწვევა იყო  სარესტორნო ბიზნესისთვისაც. პანდემიის შემდეგ ამ სფეროს წარმომადგენლებმა მომხმარებელი დაიბრუნეს, თუმცა ახლა კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები გაძვირდა. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასები წლის განმავლობაში ძალიან სწრაფად იცვლებოდა.

შეფ-მზარეული გიორგი მანჯავიძე ამბობს:  „ბოლო დროს მეტნაკლებად ეს ყველაფერი დასტაბილურდა, ზოგი ფასი მაღალი დარჩა, ზოგმა დაიწია.  მაგალითად ზეთის ფასმა საგრძნობლად დაიკლო და ეგ ძალიან კარგია, თუმცა რაღაც პროდუქტებზე ისევ მაღალი დარჩა ფასი… არჩევანი არის, შეგიძლია უფრო იაფიან პროდუქტზე შეაჩერო არჩევანი, თუმცა ეს არჩევანი კარგი არ არის, რადგან საბოლოო ჯამში პროდუქტი, რაც ჩვენს სტუმარს უნდა  მივართვათ  არ არის იმ ხარისხის რაც უნდა იყოს. ამიტომ,  ცდილობ მაქსიმალურად კარგი ხარისხი მოძებნო და შეძლებისდაგვარად იაფად, მაგრამ ეს რთული ამოცანაა“.

წლიური ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლის მიუხედავად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ამკაცრებს. ლარი კი  2022 წლის ბოლოს მეტად მყარი იყო,  ვიდრე შარშან იგივე პერიოდში. საქსტატის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა.  19 დეკემბრის წინასწარი მონაცემებით, წლის მესამე კვარტალში ქვეყნის რეალურმა  შიდა პროდუქტმა  9.8%-ით იმატა  და 19,3 მილიარდი  ლარი შეადგინა, რისი ნახევარიც მხოლოდ დედაქალაქზე მოდის. ეკონომისტების აზრით, 2022 წელს ეკონომიკაზე გადამწყვეტი გავლენა საგარეო ნაკადებს ჰქონდა, რაშიც მოიაზრება უცხოური ინვესტიციები, ექსპორტის  მაჩვენებელი,  ტურიზმის აღდგენა და რა თქმა უნდა მიგრანტთა  დიდი ნაკადი.    შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით მხოლოდ ნოემბერში, მხოლოდ რუსეთიდან  121 454 მოქალაქე შემოვიდა.

ასე გამოვიდა, რომ 2022 წლის ბოლოს  რუსეთში კიდევ უფრო მეტი ქართული ღვინო გაიყიდა, ვიდრე შარშან. ომმა 2022-ში  წელს ღვინის ექსპორტიორებს დიდი თავისტკივილი გაუჩინა. მსხვილი მწარმოებლების ნაწილი რუსული ბაზრიდან საერთოდ გამოვიდა, მაგრამ 11 თვის განმავლობაში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი მაინც 26%-ით გაიზარდა.

„თბილღვინოს“ პრეზიდენტი, გაგა მარგველაშვილი ამბობს:  „ჩვენ ვაკვირდებით მზარდ სტატისტიკას რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების. რუსეთში გადატვირთვები იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის დარგის მდგრადობას. ჩვენი კომპანიის მაგალითზე – ჩვენ შევაჩერეთ და ვეძებთ უფრო მდგრად ბაზრებს. ქართული ღვინის  ხარისხი დღეს საკმაოდ მაღალ საფეხურზეა იმისთვის, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს ევროპის ბევრ ქვეყანაში.  ესეც ხდება ეტაპობრივად, უბრალოდ ზრდის მასშტაბი ჯერჯერობით დიდი არ არის, იმიტომ რომ მოთხოვნა რუსეთიდან კვლავ დიდია“.

2022 წელს გაიზარდა საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე. დასავლეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირების გამო  რუსული ურალი გაიაფდა, ამიტომ ქართველი იმპორტიორების უმეტესობა  არჩევანს სწორედ რუსულ  ნავთობზე აკეთებდა. საქართველოში მიგრანტთა ნაკადის ზრდასთან ერთად მოიმატა უძრავი ქონების ფასმაც. ეს ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, თუმცა არა ერთადერთი. წლის ბოლოს ბინის დაქირავებაც  და შეძენაც საქართველოში ბევრად  მეტი ღირდა ვიდრე შარშან იგივე  დროს.

სოფო მაქაცარია


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend