უკრაინა ომში

მარტის ბოლოს, მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა უკან დაიხია, უკრაინის დედაქალაქის მახლობლად მდებარე  ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალეების ცხედრები იპოვეს.

ბუჩაში ჩადენილმა სისასტიკემ მსოფლიოს რისხვა გამოიწვია.

რუსეთმა არცერთ დანაშაულზე არ აიღო პასუხისმგებლობა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბუჩაში მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა სისატიკე ჩაიდინეს ოკუპანტებმა უკრაინაში.

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლში რუსულმა არმიამ სამშობიარო სახლი დაბომბა. ეს საპორტო ქალაქი თითქმის სამი თვე იყო ალყაში მოქცეული და უმოწყალოდ იბომბებოდა. იქ ჩარჩენილი ხალხი იხსენებს,  რომ ეს იყო „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“.

მაისის ბოლოს რუსებმა შეძლეს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის აღება.

მაისში რუსებმა დაიკავეს ზაპორიჟიის  ბირთვული ელექტროსადგური, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი ბირთვული ელსადგური რამდენჯერმე მოყვა ჯვარედინ ცეცხლში. ცეცხლის გახსნას კიევი და მოსკოვი ერთმანეთს აბრალებდნენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გააფრთხილა მხარეები, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო თავდამსხმელი, ის „ცეცხლს ეთამაშებოდა.“

სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ რუსი მამაკაცები გადავიდნენ მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, რათა უკრაინის ომში მონაწილეობა არ მიეღოთ. არსებული ინფორმაციით,  სამხედრო სამსახურისთვის გამოსადეგმა 260 ათასზე მეტმა მამაკაცმა დატოვა რუსეთი.

“არ მინდა, რომ 26 წლის ასაკში შინ ცინკის კუბოთი მიმასვენონ, ან ვინმეს სისხლში დავისვარო ხელები ერთი კაცის ომში,“ – ამბობს მოსკოველი ვსევოლდი.

ოქტომბრის დასაწყისში ქერჩის ყირიმის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს. ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. ეს ტაქტიკური და სიმბოლური დარტყმა იყო მოსკოვისთვის.

ამასობაში უკრაინის არმიამ დრო იხელთა და დასავლეთ ხერსონზე კონტროლი აღადგინა.

გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქ ხერსონში უკრაინის ჯარს სიხარულით შეხვდნენ. რუსეთის უკან დახევა გარდამტეხი მომენტი იყო უკრაინის მიერ მოსკოვისთვის გაწეულ წინააღმდეგობაში.

მაგრამ ხალხმა მხოლოდ მცირე ხნით მოითქვა სული. რუსეთმა ხერსონის დაბომბვა გააძლიერა. რესურსების ნაკლებობის გათვალისწინებით წინ რთული ზამთარი დგას.

ნოემბერში რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე გააძლიერა იერიშები. შედეგად მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის  გარეშე დარჩა. როგორც ჩანს, რუსეთს სურს, ზამთარი ერთგვარ იარაღად გამოიყენოს და უკრაინის მოსახლეობა ასე გატეხოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend