უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს ხოლმე. თუმცა, წელს, ადგილობრივი ეკლესიის ლოცვა-კურთხევით, ზოგიერთმა უკრაინელმა, შობის დღესასწაული 25 დეკემბერს იზეიმა.
უკრაინაში იესოს დაბადებას დეკემბერში არავინ აღნიშნავდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბევრი რამ შეცვალა.
„ჩვენ გავმართეთ სათემო შეხვედრები. საზოგადოებას ვკითხეთ, უჭერენ თუ არა მხარს შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის იდეას. საზოგადოების უმრავლესობამ ეს იდეა მოიწონა. ამიტომაც ვზეიმობთ შობას 25-ში. ეს არის საზოგადოების, ხალხის უმრავლესობის, ჩვენი მოქალაქეების, ამ სოფლის მოსახლეობის სურვილი“, – ამბობს მღვდელი როსტისლავ კორჩაკი.
რუსი სამხედროების არნახული სისასტიკის გამო უკრაინის სოფელ ბობროვიციის მოსახლეობას რუსეთთან არანაირი კავშირი აღარ სურს, მათ შორის არც საეკლესიო. რამდენიმეთვიანი ძალისხმევისა და ბიუროკრატიის შემდეგ ადგილობრივი ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა და მოსკოვის საპატრიარქოსთან მრავალსაუკუნოვანი კავშირები გაწყვიტა.
კვირას დილით ბობროვიციაში, განგაშის სიგნალის მიუხედავად, ადგილობრივები ეკლესიაში მაინც მივიდნენ. შობის დღესასწაული 25 დეკემბერს პირველად აღნიშნა ანა ნეზენკომ.
„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი. ჩვენ გვსურს გამარჯვება. არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთი იარსებებს თუ არა. უკრაინა მაინც იცოცხლებს და აყვავდება”, – ამბობს ანა ნეზენკო.
ბობროვიციის ადგილობრივი დეპუტატი რომან ივანენკო შობის თარიღის შეცვლის მომხრეა. მისი თქმით, ცვლილება მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის არ არის.
„ყველაფერი, რასაც რუსები აკეთებენ, რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ისინი იარაღად იყენებენ ყველაფერს, რასაც კულტურის, რელიგიისა და ეკლესიის ან თუნდაც ენის სახელით აკეთებენ“, – განაცხადა რომან ივანენკომ.
ამიერიდან ბობროვიცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების რუკაზე აღარ გამოჩნდება და არც შობის დღესასწაულს აღნიშნავს მოსახლეობა მოსკოვთან ერთად.