მთავარიაფრიკანიგერიანიგერიაში ფასების მკვეთრმა ზრდამ ცხოვრება გაუსაძლისი გახადა

ნიგერიაში ფასების მკვეთრმა ზრდამ ცხოვრება გაუსაძლისი გახადა

რიგითი ნიგერიელისთვის ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა და გართულდა. საკვებ და სხვა სახის სამომხმარებლო პროდუქტებზე, ფასების მკვეთრი ზრდა განსაკუთრებით ნოემბრის თვიდან შეინიშნება.

გაძვირდა ყველაფერი – ბრინჯი, ლობიო, იამი, ბოსტნეული და ფრინველის პროდუქტები. მილიონობით ნიგერიელს გაძვირებულ ცხოვრებასთან ადაპტაცია უკვე აღარ შეუძლია.

მცირე მეწარმე და შვიდი შვილის დედა პრიციუს ჩინედუ ამბობს, რომ ოჯახის გამოკვება გაუჭირდა.

„ზოგჯერ, დღეში ორჯერ ვიღებთ საკვებს. თუმცა, ბოლო პერიოდია მხოლოდ ერთხელ ვჭამთ. ან დილით, ან ღამით. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ჩემი ოჯახი არ არის. ირგვლივ ბევრს უჭირს ელემენტარული კვება. პატარა მაღაზია მაქვს, სადაც მიწისთხილს ვყიდი. ისე გამიჭირდა, რომ გასაყიდი პროდუქტის შესაძენი ფული აღარ მაქვს“, – წუხს პრიციუს ჩინედუ.

ამის მიზეზი კი აფრიკულ ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონეა. ნიგერიის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასების უახლეს ინდექსში, ინფლაცია 21%-ზე მეტს შეადგენს. სურსათის გაძვირება ქვეყანაში მისი წარმოების მნიშვნელოვნად შემცირებამაც გამოიწვია. ახლა ნიგერიის საკვები პროდუქტებით მომარაგება, ფაქტობრივად იმპორტზეა დამოკიდებული. ეკონომიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემას შედარებით მოაგვარებს ადგილობრივი წარმოების ზრდა.

„ინფლაცია სულ უფრო და უფრო იზრდება. ამან ნიგერიელები უკიდურეს სიღარიბემდე მიიყვანა. იმის გარდა, რომ გარე გავლენები მკვეთრად აწვება წნეხად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ვითარებას შიდა წარმოების შემცირებაც ართულებს. სურსათის ინფლაცია ყველა შტატშია და ყოველთვიურად უარესდება. გაძვირებულია დიზელიც, რომელიც საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ველოდებით, რომ ინფლაცია კიდევ გაიზრდება“, – აცხადებს ეკონომისტი.

ნიგერიის მთავრობა ვარაუდობს, რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი მომდევნო წელსაც შენარჩუნდება, ოღონდ დაიწევს და 17-18%-ის ფარგლებში იქნება. მსოფლიო ბანკის შეფასებით კი, აფრიკაში სურსათის ყოველწლიური იმპორტის ღირებულება 43 მილიარდ დოლარს აღემატება. 2025 წლისთვის კი სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი 110 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend