მთავარისაქართველოწინასაახალწლო სამზადისი - არჩევანი აგრარულ ბაზარსა და სუპერმარკეტებს შორის

წინასაახალწლო სამზადისი – არჩევანი აგრარულ ბაზარსა და სუპერმარკეტებს შორის

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება და მოსახლეობა უკვე იმარაგებს იმ პროდუქტებს, რაც საახალწლო სამზადისთვის სჭირდება. ზოგი ამისათვის აგრარულ ბაზარს ირჩევს შედარებით დაბალი ფასების გამო, ზოგი კი მაინც სუპერმარკეტებს ამჯობინებს. აგრარულ ბაზარში, მოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ ძირითადად დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ხალხი დადის. ისინი წუხან, რომ ხალხის რაოდენობა ბაზრის რიგებში მკვეთრად შემცირდა. თუმცა რეგიონებიდან ჩამოსულ მეურნეებს თავიანთი მცირე მოსავლის გასაყიდად, და საკუთარი ოჯახების შესანახად, აგრარული ბაზრების დახლები სჭირდებათ. დიდ სუპერმარკეტებს კი ფერმერები ამარაგებენ.

„რაც გაიხსნა სუპერმარკეტები, მოლები, დიდი სავაჭრო ცენტრები, ძირითადად უფრო ეს შემოსავლიანი ხალხი მიეძალა მოლებსა და სუპერმარკეტებს და ბაზარში დადის ამჟამად დაბალშემოსავლიანი და ჰა, საშუალოშემოსავლიანი ხალხი. საერთოდ, მესამედი ვაჭრობაც აღარ არის ბაზარში, რაც იყო თავის დროზე, ბაზარს რა დატვირთვაც ჰქონდა“ – წუხს ბაზარში მომუშავე თინათინ ნუგზარაშვილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში ნოემბერში ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა. გასულ წელთან შედარებით ფასებმა მოიმატა თითქმის ყველა პროდუქტზე, რაც საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

ახალ წელს ყველა ოჯახი ცდილობს ამჯერად მაინც მიიტანოს ოჯახში – ნიგოზი,  ჩურჩხელა თუ ჩირი… სწორედ ისინი მიდიან აგრარულ ბაზრებში.

„ბაზარში იმიტომ დავდივარ, რომ ქართულია, ჩვენს მიწაზეა მოყვანილი და თვალს უხარია რომ ვუყურებ. ვერცერთი სუპერმარკეტი ჩვენ ქართულ ბაზარს ვერ შეცვლის. სუპერმარკეტში ვერ შეევაჭრები, აქ შეევაჭრები, დაგიკლებენ მაინც რაღაცას, ბაზარი ყველა ვარიანტში უფრო იაფი გამოდის, ვიდრე სუპერმარკეტი“, – ამბობს თამილა სესიაშვილი.

და მაინც, ბაზრებში ქართველმა მყიდველმა იკლო, თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, იმატა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ. მართლაც ყოველ ნაბიჯზე ისმის რუსული საუბარი.  თბილისში რამდენიმე აგრარული ბაზარია, და ზოგ მათგანში თბილისის სტუმრები განსაკუთრებით მრავლად არიან, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები.

“მოსკოვიდან ვარ, პირველად ვარ თბილისში. სუვენირებს წავიღებ სახლში გემრიელობების სახით, სუნელებს, ყველს. ფასები მოსკოვთან შედარებით ფაქტობრივად ერთ დონეზეა, უბრალოდ აქ პროდუქტის ხარისხი ძალიან კარგია, სახლში დამზადებული პროდუქტების დიდი არჩევანია”, – ამბობს რუსი ვიზიტორი, გიორგი.

“ჩემი დაკვირვებით ძირითადი მომხმარებელი როგორც ქართველი, ისე უცხოელებიც არიან, მაგრამ მაინც ისე ითვლება, რომ ეს პროდუქცია უცხოელებზეა გათვლილი”, – ამბობს ირმა გოგობერიძე.

და უცხოელებიც აქ არიან… მიმოდიან რიგებს შორის და ხილს თუ ნუგბარს აგემოვნებენ.

პროდუქტებზე ფასების მატება  დიდ გავლენას არ ახდენს მათზე.  რაც ქართველებისთვის ძვირია, რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელმწისაწვდომია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend