მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აეკრძალათ

ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აეკრძალათ

ავღანეთში „თალიბანის“ გადაწყვეტილებას, რომ ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალა, საერთაშორისო პროტესტი მოჰყვა. ამ გადაწყვეტილებით ქალებს კიდევ უფრო მეტად ეზღუდებათ განათლების მიღების შესაძლებლობა.

ბევრი მათგანი საშუალო სკოლებშიც ვეღარ დადიოდა. ქალებს საუნივერსიტეტო განათლების მიღება მას შემდეგ აეკრძალათ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გოგონამ და ქალმა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები ჩააბარა. ბევრ მათგანს სპეციალობად ინჟინერია და მედიცინა ჰქონდა არჩეული.

„თალიბანმა“ პირობა ისევ დაარღვია. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ქალების უფლებები სისტემატურად ირღვევა. ეს მხოლოდ განათლებას არ ეხება. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ ან იმუშაონ საჯარო ადგილებში. ქალები საჯარო დებატებშიც ვერ მონაწილეობენ”, – აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი მიიჩნევს, რომ „თალიბებმა“ ავღანელ ქალებს ბნელი მომავალი მიუსაჯეს.

„ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, როდესაც მისი მოსახლეობის ნახევარი დაკავებულია. განათლება არის ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლება და ის აუცილებელია ავღანეთის ეკონომიკური ზრდისთვის, მისი განვითარებისა და სტაბილურობისთვის”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

ავღანეთში ბევრი ქალი უკვე გაუშვეს სახელმწიფო სამსახურებიდან. ზოგს კი სახლში დარჩენა მოსთხოვეს და ამისთვის  შემცირებულ ხელფასს უხდიან.

გასულ თვეში მათ პარკებში, გართობის ადგილებში, სპორტულ დარბაზებსა და საზოგადოებრივ აბანოებში სიარული აეკრძალათ.

„თალიბანის“ წევრებისა და ავღანელი სასულიერო პირებისთვის მიუღებელია თანამედროვე განათლება, განსაკუთრებით კი მას გოგონებსა და ქალებს უკრძალავენ. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობა „თალიბანის“ რეჟიმის აღიარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, როცა ავღანეთში ყველა ქალს განათლების უფლება მიეცემა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend