მთავარისაქართველოსაერთაშორისო სამართლებრივ დავაში რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ გაიმარჯვა

საერთაშორისო სამართლებრივ დავაში რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ გაიმარჯვა

თბილისში ამ გამარჯვებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანიმ, 2008 წლის აგვისტოს ომზე, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება საქართველოსთვის სასარგებლო პოზიციით დაასრულა. არც ერთ საქმეში, არც ერთი ქართველი პირი არ ცნო ბრალდებულად და ყველა ეპიზოდში დამნაშავედ რუსული და ოსური სეპარატისტული ძალები მიიჩნია.

ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ რუსულ და „ქართული ოცნების“ სინქრონულ პროპაგანდას, რომლის მიხედვითაც „ომი ქართულმა მხარემ დაიწყო“, საბოლოოდ დაესვა წერტილი.

“ეროვნული ინტერესი არ ჰყოფს არც პოზიციას არც ოპოზიციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა ვითარება, როდესაც ხელისუფლება სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებასაც იყენებს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 2008 წლის ომის რეზოლუციის ნებისმიერი სახით პროპაგანდისტულად ხსენება არის მცდელობა, რომ გადაიფაროს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. საერთოდ სხვა უნდა ყოფილიყო ეროვნული ხელისუფლების სულისკვეთება და გზავნილები, საერთოდ სხვა უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან ის გზავნილები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების თანმდევი იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებით მათი პროოანდისტული ხაზი მთლიანად ჩამოიშალა“, – განაცხადა პარტია „ენმ“-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.

საერთო ოპოზიციურ პოლიტიკურ შეფასებებს უერთდებიან „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ ლიდერები. ამის გარდა, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ, რომ რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ერთობლივად დაიწყონ საერთაშორისო სამართალწარმოება. მათივე თქმით, ამ მოთხოვნის იმედი მმართველი პარტიის მხრიდან არ აქვთ.

„10 წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 10 წლის მანძილზე ეს ადამიანები ჩვენ გვადანაშაულებდნენ 2008 წლის ომის საომარ მოქმედებებში. ამით ხაზი გადაესვა მათ უსამართლო, მტრულ ბრალდებებს. ფუნდამენტურად შეიცვალა საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული აქტივობა. მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის იურიდიულ ორგანიზაციებს, არასამთავრობო თუ იურიდიულ კომპანიებს, მოდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ მოხდეს ზიანის ანაზღაურება არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად რუსეთთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკურად მოღალატეობრივი გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით, უკუბრალდებას უყენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველი პარტია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს გამარჯვება ჰააგაში მთლიანად მათი დამსახურებაა და წინა ხელისუფლებამ, მხოლოდ ხელი შეუშალა ამ გამარჯვების უფრო ადრე მიღწევას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მაშინდელმა მთავრობამ, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშაული, ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუციით.  მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო – ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა რა შარში არიან და მცდელობა აქვთ, რომ ეს შეატრიალონ. ეს გამარჯვება არის ქართველი ხალხის და ჩვენი გუნდის. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს, ყველა მინისტრს, საქართველოს მთავრობას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში საქართველოს სიმართლე გაგვეტანა და დაგვემტკიცებინა“, – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ.

იმის მიუხედავად, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანიმ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, საქმის წარმოება მაინც გრძელდება. სასამართლო დავა ოსი სეპარატისტი ეჭვმიტანილი პირების მიმართ მიმდინარეობს. კერძოდ, კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend