მთავარიგადაცემებიFocusყაზახეთის განახლებადი ენერგია: რამდენად შეძლებს ყაზახეთი 2060 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური ქვეყნის სტატუსის მოპოვებას?

ყაზახეთის განახლებადი ენერგია: რამდენად შეძლებს ყაზახეთი 2060 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური ქვეყნის სტატუსის მოპოვებას?

ყაზახეთმა ამბიციური მიზანი დაისახა – 2060 წლისთვის ქვეყანა ნახშირბადნეიტრალური უნდა გახდეს. ბოლო წლებში ამ ქვეყანაში განახლებადი ენერგორესურსების წილი ელექტროენერგიის წარმოებაში 4 პროცენტამდე გაიზარდა.

ეს თვალუწვდენელი ქვეყანა მწვანე ენერგიაზე გადასვლას მზისა და ქარის ენერგიის ათვისებით აპირებს.

Astana Expo 2017  ქარის ერთ-ერთი  ყველაზე დიდი ელექტროსადგურია ყაზახეთში. ქარის  29 ტურბინას საერთო ჯამში  100 მეგავატი  მწვანე  ელექტროენერგიის წარმოება შეუძლია. ტურბინები ყაზახეთის დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით არის განლაგებული.

ბაღდათ ორალი, კომპანია CAEPCO JSC-ის ხელმძღვანელი

“კვლევები აჩვენებს, რომ ყაზახეთის ქარის ენერგიის პოტენციალი დაახლოებით 1 ტრილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგიაა წელიწადში,“- განაცხადა ბაღდათ ორალმა, კომპანია CAEPCO JSC-ის ხელმძღვანელმა. „ეს ნიშნავს, რომ პოტენციალი არსებობს და ის უნდა ავითვისოთ დაბალანსებულად.  თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად  ქარის ელსადგურ „ასტანაზე“, მისი გენერაცია წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი კილოვატ/საათია. უკეთ რომ გაიგოთ, ეს სიმძლავრე უდრის დაახლოებით 80 ათასი ბინის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას.“

ქარის ტურბინები, რომლებიც აქ ევროპიდან ჩამოიტანეს, აღჭურვილია ყინულის დეტექტორის სისტემით, რომლის წყალობითაც ტურბინები უსაფრთხოდ მუშაობენ ყაზახეთის უკიდურესად ცხელი ზაფხულისა და ცივი ზამთრის პირობებში. აქ წარმოებული მწვანე ელექტროენერგია საშუალებას იძლევა, რომ ყაზახეთში სათბური აირების გამონაბოლქვი 270 ათასი ტონით შემცირდეს წელიწადში.

მწვანე ელექტროენერგია ეროვნული ელექტრომომარაგების ქსელს მიეწოდება. სახელმწიფო 20 წლის განმავლობაში ამ ელექტროენერგიის შესყიდვის გარანტიას იძლევა და ტარიფების ინდექსირებას ახდენს. განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, 2018 წლიდან ყაზახეთში დაინერგა ელექტრონული აუქციონის სისტემა.

“ელექტრონული წესით ჩატარებულ გამჭვირვალე აუქციონებში მსოფლიოს 9 ქვეყნის 200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 60 კონტრაქტზე მეტი დაიდო, რაც ნიშნავს, რომ ყაზახეთი ნამდვილად იზიდავს საერთაშორისო ინვესტორებს მწვანე ენერგიის სექტორში,“ – განმარტავს ნურლან კაპენოვი, QAZAQ GREEN ASSOCIATION-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

საერთაშორისო ენერგოკომპანია  Eni ყაზახეთში 1992 წლიდან მუშაობს. ოთხი წლის წინ კომპანია Eni Plenitude-მ  კომპანია Arm Wind-ის საშუალებით განახლებადი ენერგიის სექტორში დაიწყო ინვესტირება. Badamsha 1   ამ კომპანიის მიერ აშენებული ქარის პირველი ელექტროსადგურია, რომელიც ყაზახეთის აქტობეს რეგიონში ააშენა. წელს ქარის მეორე  ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა.

“ჩვენმა კომპანიამ შემოიტანა ინვესტიციები, ტექნოლოგია და ინდუსტრიული სიმძლავრე, რათა განხორციელდეს მწვანე ენერგიის განვითარების პროექტები, რომლებიც დეკარბონიზაციას და ამ ქვეყნის მიერ მწვანე ენერგიაზე გადასვლის სტრატეგიის განხორციელებას უწყობს ხელს“, – ამბობს  ალექს სტილავატო, კომპანია  ENI PLENITUDE-ის შვილობილი კომპანიის  ARM WIND-ის მმართველი დირექტორი.

ეს ყაზახეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ასევე მწვანე ენერგიაზე გადასვლას ემსახურება. ეს არის მზის ელექტროსადგური  SES Saran ყარაღანდის რეგიონში.  იგი გერმანულმა კომპანია Goldbeck Solar-მა ააშენა. ეს მზის ელსადგური 2019 წელს ამოქმედდა და წელიწადში 125 მილიონ კილოვატ/საათზე მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს.

„ეს პროექტი იმით არის  უნიკალური, რომ ის მზის პირველი ყველაზე მსხვილი  ელექტროსადგურია ყაზახეთსა და მთელ შუა აზიაში. ეს იყო პირველი დადებითი გზავნილი უცხოელი ინევსტორებისთვის, რათა ყაზახეთის მზის ენერგიაში ჩადონ ფული,“ – ამბობს ევგენი გრებენიკოვი, კომპანია SES SARAN LLP -ის ხელმძღვანელი.

ეს ბოლო თაობის მზის პანელებია  და მათ ლითონის ჩარჩო არ გააჩნიათ. ამის წყალობით პანელის ზედაპირზე არ ჩერდება  არც თოვლი, რომელიც ყაზახეთში უხვად მოდის, და არც  წვიმა.

ახლა ყაზახეთში  130-ზე მეტი განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული გენერაციის ობიექტია და ამ ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

ბოლატ აკჩულაკოვი, ყაზახეთის  ენერგეტიკის მინისტრი:

“ჩვენი პრიორიტეტია ქარის, მზის, ჰიდროელექტროსადგურების განვითარება, ამის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩვენ განუწყვეტლივ ვაკვირდებით ტექნოლოგიების განვითარებას. ჩვენი მეცნიერებიც მუშაობენ იმაზე, თუ როგორ ჩაანაცვლონ მომავალში წიაღისეული საწვავი სრულად  განახლებადი ენერგიის წყაროებით. ეს არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არა მხოლოდ ყაზახეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“.

ფუტურისტულ მეჩეთს ასტანაში სინათლე და გათბობა მთლიანად მასზე დამონტაჟებული მზის პანელებიდან აქვს. ასეთი მცირე ეკომეგობრული პროექტები განსაზღვრავენ მწვანე ენერგიის მიმართულებას თანამედროვე  ყაზახეთში და ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

“ამ მეჩეთს ეკომეჩეთს უწოდებენ, რადგან ის თავად უზრუნველყოფს საკუთარ ენერგომომარაგებას. ყველაზე კარგი ამბავი ის არის, რომ ამით არც გარემო ზიანდება და არც ხალხი, მხოლოდ სარგებელს ვიღებთ,“ – ამბობს რაშიდ ალპისბაიევი, ირისკელდი კაჟი მეჩეთის იმამი.

ყაზახეთის კიდევ ერთი მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის  15 პროცენტი განახლებად ენერგიაზე მოდიოდეს.

ავტორი:  გალინა პოლონსკაია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend