მთავარისაქართველო„ჩაიხანას“ გამოფენა „ფრაგმენტები“

„ჩაიხანას“ გამოფენა „ფრაგმენტები“

დევნილები, უმცირესობების წარმომადგენლები, რუსეთ-უკრაინის ომი, მიგრაცია – ეს იმ თემების ნაწილია, რომლებიც „ჩაიხანას“ გამოფენაზე „ფრაგმენტები“ ფოტოისტორიებითაა მოყოლილი. „ფრაგმენტები“ მედიაპლატფორმაჩაიხანას” 2022 წლის საუკეთესო ფოტოამბებს აერთიანებს. ეს ისტორიები სამხრეთ კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს ასახავს.

ფოტოგრაფი ბასა მეტრეველი ეს პირველი გამოფენაა. ფოტოსურათებით ბასა იმ ორ ოსურ ოჯახზე მოგვითხრობს, რომლებიც რაჭაში ოსური სოფლებიდან ჭვაბერიდან და გადამშიდან არიან.

„მსურდა, მათი მხრდან გამეგო თუ რა ამბები გამოიარეს, 90 წლებიდან მოყოლებული დღემდე. რატომ არ წავიდნენ, რატომ დარჩნენ, და როგორი არის მათთვის ამ გახლეჩილ ორ იდენტობას შორის ცხოვრება“, – ამბობს ფოტოგრაფი ბასა მეტრეველი.

„ფრაგმენტები“ახალგაზრდა და გამოცდილი ფოტოგრაფების ისტორიებსა და ხმებს აერთიანებს. ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად დამთვალიერებელს უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრების ნახვაც შეუძლია. მათ შორისაა 19 წლის აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის სელჯან ჰაჯის პირველი პროექტი: „არ დავუშვათ, რომ ეს ბოლო იყოს.”

„ჩემი ფოტოსერია აზერბაიჯანში მუსიკის მოყვარულებზე მოგვითხრობს. ბევრს დასვენების დრო არ აქვს, ამიტომ მუსიკა განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა. ჩემთვის, ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ფოტოგრაფისთვის, გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აზერბაიჯანში ასეთი გამოფენები ხშირად არ იმართება. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა შენი ნამუშევრებია გამოფენილი. ეს დამწყებ ფოტოგრაფებს მომავლის იმედს გვაძლევს”, – ამბობს სელჯან ჰაჯი.

თბილისამდე ნამუშევრები 1 თვის წინ დანიის ქალაქ არჰუსშიც გამოიფინა. გამოფენის დანიელი მონაწილე, ტიმ ბერტამი ფოტოებით მამის ისტორიას გადმოგვცემს, მას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ფოტოგრაფის თქმით, გადაღების პროცესმა ის მამასთან უფრო დააახლოვა.

„მამას პირველად, რომ ვუთხარი იდეის შესახებ, დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი, რადგან საავადმყოფოში იყო. ეს ერთგვარი ბიძგი იყო, რომ მასთან მივსულიყავი, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა. მე მასთან ყოველდღიურად მივდიოდი, ჩვენს ემოციებსა და ურთიერთობაზე ვსაუბრობდით. ეს პროცესი ძალიან დამეხმარა, რასაც ნამდვილად არ ველოდი“, – ამბობს ტიმ ბერტამ ფისკერ გიულდუ.

გამოფენაზე, რომლის მხარდამჭერი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ოფისია, ასევე წარმოდგენილია „ჩაიხანას“ მიერ გამოცემული პირველი ფოტოწიგნი “მთელის ნაწილაკები“, რომელიც საქართველოს რელიგიურ, ეთნიკურ და ენობრივ მრავალფეროვნებას ასახავს.

„ჩვენი მიზანია, რომ სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე ავამაღლოთ ცნობიერება. ასევე ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ფოტოგრაფებს თავიანთი უნიკალური სტილით გადმოსცენ სხვადასხვა ამბები. წელს უკვე ძალიან აქტიურად ჩავრთეთ ახალგაზრდები. გვქონდა რამდენიმე სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებში ჩაერთნენ მონაწილეები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და წელს უკვე დანიიდანაც“, – „ჩაიხანასფოტორედაქტორი ნონი-ანა სამხარაძე.

გამოფენაზე დამთვალიერებელს 19 პროექტის ნახვა „არტარეას“ სივრცეში 21 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend