მთავარიევროპათურქეთისტამბოლის მერს პატიმრობა მიუსაჯეს

სტამბოლის მერს პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთში სტამბოლის მერს ექრემ იმამოღლუს პატიმრობა შეეფარდა და, შესაბამისად, პოლიტიკური საქმიანობაც აეკრძალა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ექრემ იმამოღლუ უკვე დიდი ხანია, ამჟამინდელი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძლიერი კონკურენტია.

მას პატიმრობა ორი წლით, შვიდი თვითა და 15 დღით მიესაჯა. იმამოღლუს ბრალდება იმ განცხადების გამო წაუყენეს, რომელიც მან სამი წლის წინ გააკეთა. მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იმამოღლუმ ოფიციალურ პირებს “სულელები” უწოდა.

სასამართლო პროცესის წინ მისმა ათასობით მხარდამჭერმა საპროტესტო აქცია მოაწყო. მათი ლოზუნგი იყო „სიმართლე, კანონი, სამართალი“. სასამართლოს შენობის წინ სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

იმამოღლუს თქმით, ქვეყანას უკანონო ხელისუფლება ჰყავს და ეს შექმნილ მდგომარეობაზეც აისახება. 2019 წლის სტამბოლის მერის არჩევნებში მისი გამარჯვება ერდოღანის ხელისუფლებისთვის დიდი დარტყმა იყო.

იმამოღლუს განაჩენი ჯერ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს. მანამდე კი იმამოღლუ თურქეთის უდიდესი და ზღაპრული ქალაქის მერის თანამდებობაზე რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend