მთავარიგადაცემებიSoul of The Southმისისიპის დელტა - ბლუზისა და ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მოძრაობის სამშობლო

მისისიპის დელტა – ბლუზისა და ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მოძრაობის სამშობლო

მისისიპი ის ადგილია, სადაც ბლუზი დაიბადა და ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მოძრაობა წარმოიშვა.

მუსიკოსი, რომლის სახელიც ბლუზის სინონიმად იქცა, არის ბი ბი კინგი, რომელიც მისისიპის დელტაში დაიბადა და რომელმაც მდინარისპირა ჭალებში ცხოვრების ამბავი მთელ მსოფლიოს გააცნო საკუთარი ლექსებით.

მისისიპისთვის ჩვეული ცხოვრების წესი, რომელმაც ბლუზი წარმოშვა, გადაჯაჭვულია ადამიანის სამოქალაქო უფლებათა დაცვის  მოძრაობასთან.

“ ბლუზი ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი იყო,“ – ამბობს დოქტორი ალფონსო სანდერსი, ბი ბი კინგის მუზეუმის ხმის ჩამწერი სტუდიის ყოფილი დირექტორი. „ბი ბი კინგი ხვდებოდა მოძრაობის ზოგიერთ გამოჩენილ ხელმძღვანელს, ასე რომ, ადამიანის უფლებები ყოველთვის წითელ ხაზად გასდევდა ამ მუსიკას. ამ დერეფნებში ბევრი რამის ნახვა, მოსმენა, წაკითხვა და თქმა შეიძლება.  შესაძლებელია, მიხვდე, თუ რას წარმოადგენდა დელტა როგორც ასეთი, რადგან ბი ბი აქ გაიზარდა“.

ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მოძრაობა და ბი ბი კინგის კარიერა კარგად არის წარმოჩენილი ბი ბი კინგის მუზეუმსა და დელტას განმარტებით ცენტრში, რომლებშიც უამრავი ფასდაუდებელი  ფოტო და აუდიო მასალაა დაცული. კინგის ცხოვრება და მისი გამდიდრების ამბავი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ამ სამხრეთული რეგიონის უნიკალურობით არის ნასაზრდოები.

ბლუზის ადგილობრივი ლეგენდა მისისიპი მარშალი უკვე 50 წელზე მეტია ისეთი ლეგენდებისთვის უკრავს, როგორიც თავად ბი ბი კინგი იყო. ამიტომ მარშალს ბევრი რამის მოყოლა შეუძლია.

მისისიპი მარშალი, ბლუზის შემსრულებელი:

„მე მქონდა შესაძლებლობა, დამეკრა ბი ბი კინგის ერთ-ერთ წარმოდგენაზე, რომლებსაც საკუთარ შტატში მართავდა ხოლმე. მე ვუთხარი, შემიძლია ბი ბი კინგის ნებისმიერი შესრულება გავიმეორო, მაგრამ შენსავით მაინც არ გამომივა-მეთქი. ბი ბიმ მიპასუხა, მარშალ, არც უნდა გამიმეოროო. შენ შენებურად უნდა დაუკრაო. თუკი საკუთარ თავს არ უღალატებ, საკუთარი შესრულებითაც კმაყოფილი დარჩებიო“.

ადგილები, სადაც ისევ ცოცხალი ბლუზი ჟღერს

მისისიპიში რთული ცხოვრებისა და ბრძოლის ამბები ყოველთვის მუსიკის საშუალებით გადმოიცემოდა.

ბლუზი დრესაც ცოცხლად სრულდება მსოფლიოში ბლუზის სახელგანთქმულ  კლუბში Ground Zero Blues Club, რომელიც ქალაქ კლარკსდეილში მდებარეობს.

ერიკ მეიერი, კლუბ  Ground Zero Blues Club-ის თანამესაკუთრე:

„საინტერესო ის არის, რომ ეს კლუბი გადაიქცა ადგილად, სადაც ხალხს უკან დაბრუნება და მუსიკის მოსმენა სურს სრულიად ავთენტურ გარემოში. ეს კლუბი ძალიან რეალურია, უკვე საკუთარი დი-ენ-ეი DNA ჩამოუყალიბდა. აქ არაფერია ხელოვნური. ეს კლუბი უკვე 21 წელია არსებობს შენობაში, რომელიც 100 წლისაა და აქ ყველაფერი ისტორიით სუნთქავს.“

კლუბი დიდი არ არის. 175 კაცი თავისუფლად ეტევა. კლუბი, როგორც წესი, სავსეა ყოველ პარასკევსა და შაბათ საღამოს.

„ რომ ვკითხო დამსწრეებს შორის  ვინ არის ევროპიდან, ალბათ 30 პროცენტი აწევს ხელს,“  – ამბობს ერიკი, „აქ უკვე საკმარისად განვავითარეთ ინფრასტრუქტურა და თავი მოვუყარეთ ტალანტებს, რათა ხალხს აქ დროის გატარება მოუნდეს.

ეს არის ასევე ადგილი, სადაც ხალხს სურს დაბრუნდეს და იკითხოს, მაინც სად დაიწყო ეს ყველაფერი?“

ემეტ ტილი: მკვლელობა, რომელმაც სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობის გაჩენას შეუწყო ხელი

მისისიპის ისტორიაში კიდევ ერთ შავ ლაქად რჩება აფროამერიკელი მოზარდის ემეტ ტილის ლინჩის წესით დასჯა. ეს 14 წლის ბიჭი მხეცურად მოკლეს რასისტებმა 1955 წელს, თუმცა მკვლელები  სასამართლომ გაამართლა, მიუხედავად იმის, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის უამრავი სამხილი არსებობდა. ამ ამბავმა მსოფლიო შეძრა და ითვლება, რომ სწორედ მან მისცა ბიძგი  სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობას.

ახლა  ქალაქ სუმნერში  ემეტ ტილის განმარტებითი ცენტრი მოქმედებს, რომელიც მნახველებს ისტორიას აცნობს.

„ჩვენი აზრით, აქაურობა იმით არის განსაკუთრებული, რომ აქ მოსულ ადამიანს ისტორია სისხლხორცეულად აგრძნობინოს, რაც  მხოლოდ წაკითხვით შეუძლებელია,“ – ამბობს  ბენჯამინ სოლსბერი, ემეტ ტილის განმარტებითი ცენტრის საჯარო ჩართულობისა და მუზუემის განათლების მენეჯერი. „არაფერი შეედრება იმ შთაბეჭდილებას, რომელსაც იმ ისტორიული ადგილის მონახულება გაძლევს, სადაც თავად ამბავი მოხდა.“

მისისიპის დელტა მართლაც რომ დაუვიწყარი ადგილია ამერიკის შეერთებულ შტატებში – სავსე მდიდარი ისტორიით, მუსიკითა და ემოციებით. ნამდვილად ღირს იქ ჩასვლა.

ავტორი:  ჯონი პიტსი და ტიმ კალაჰერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend