მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლელი ექიმები საავადმყოფოში განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ

მარიუპოლელი ექიმები საავადმყოფოში განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ

მარიუპოლის საავადმყოფოსთან მარინა გორბაჩის ბოლო მოგონება უკავშირდება არა მის პროფესიას, არამედ მის ტრავმას. რუსი სნაიპერის ტყვია მას ყბაში მოხვდა, როცა საავადმყოფო რუსულმა ტანკებმა და ჯარმა ალყაში მოაქცია. იმ მომენტისთვის, როცა რუსმა სამხედროებმა მთელი საავადმყოფო დაიკავეს, მარინა უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა. კოლეგებმა ის არ მიატოვეს და ქალაქიდან გაიყვანეს. ეს იყო 16 მარტს.

„ჩვენ ყველამ ეს ერთად გადავიტანეთ. ამიტომ აქ ერთმანეთის ყველას უსიტყვოდ გვესმის, მზერით. მარიუპოლელებს ერთმანეთის სიტყვებით, თვალებით, ჟესტებით, ცრემლებით გვესმის.

რუსი სამხედროები მოდიოდნენ ჰოსპიტალში, საკუთარ წესებს ამკვიდრებდნენ. ყველა სართულს ისინი აკონტროლებდნენ. ისინი ითვლიდნენ პაციენტებს, თანამშრომლებს, რომ არავინ წასულიყო. ამბობდნენ, რომ თუ ექიმები წავლენ, დახვრეტდნენ“, – იხსენებს მარიუპოლის საავადმყოფოს მედდა, მარინა გორბაჩი

თვეების შემდეგ მარინა გორბაჩი და მისი თანამშრომლები, რომლებიც მარიუპოლის საავადმყოფოში მუშაობდნენ, ისევ შეიკრიბნენ კიევში. ისინი ხსნიან მცირე საავადმყოფოს, რომ დაშავებულ უკრაინელებს დაეხმარონ.

„ჩვენი ყველა ექიმი და მედდა მარიუპოლში მუშაობდა სროლების და დაბომბვების ქვეშ. ყველაფრის მიუხედავად ისინი ცდილობდნენ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.

ჩვენი ექიმები, სპეციალისტები, ყველას ვისაც ვიცნობთ, ერთმანეთს ვურეკავთ და ვეუბნებით რომ აუცილებლად დავბრუნდებით. მარიუპოლი – უკრაინაა“, – ამბობს მარიუპოლის საავადმყოფოს დირექტორი, ოლგა გოლუბჩენკო.

დმიტრი გავრო, მედძმა რომელიც კარდიოლოგიას სწავლობს, იხსენებს იმ ბავშვებს, რომლებსაც მარიუპოლის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ის ამბობს, რომ მარიუპოლიდან გამოიქცა, რადგან არ უნდოდა ემუშავა რუსებზე, ადამიანებზე, რომლებიც უმოწყალოდ ბომბავდნენ ქალაქს.

“ყველაზე მძიმე რისი ნახვაც ჩვენ მოგვიწია ეს ბავშვების სიკვდილია. ყველა მათგანი მახსოვს, პირველი გოგონათი დაწყებული, ბოლო ორი ბავშვით დამთავრებული”, – ამბობს დმიტრი გავრო, მედძმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკრაინის ჯანდაცვის ინფრასტუქტურაზე 715 თავდასხმა დააფიქსირა. კვლევამ, რომელიც უკრაინის ჯანდაცვის ცენტრმა გამოაქვეყნა, აჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებების თითქმის 80 პროცენტი მარიუპოლში დაზიანებული ან განადგურებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend