მთავარისაქართველო430 მომხრე, 52 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია...

430 მომხრე, 52 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

რეზოლუციის ტექსტში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 430 მომხრე ჰყავდა, 52 კი წინააღმდეგ წავიდა. ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ რამდენიმე მიზეზის გამო. ისინი მიიჩნევენ, რომ  საქართველოში დემოკრატია სუსტდება.

ევროპელი დეპუტატები ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ასევე,  მათ დღეს მხარი დაუჭირეს  ბიძინა ივანისვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე.

“ეს ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. საქართველომ ვერ აჩვენა რომ ერთგულია ევროკავშირის თითოეული ღირებულების. ქართველი პოლიტიკური ლიდერები ჯერ კიდევ აყენებენ პერსონალურ კონფლიქტებს სტრატეგიულ ეროვნულ ამოცანებზე მაღლა. კარგად მესმის, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრეობა დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამიტომ… მის გათავისუფლებას ვუყურებთ, როგორც წმინდა წყლის ჰუმანიტარულ საკითხს და ჩვენი მოწოდება არ არის მისი საქმის სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასება. შეშფოთებული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის ბრალდებით, თითქოსდა ევროკავშირი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში. საქართველოს არასოდეს მოუწევს, აირჩიოს ევროპასა და მშვიდობას შორის. ევროპის არჩევა სწორედაც რომ მშვიდობის არჩევას ნიშნავს”, – განაცხადა სვენ მიკსერმა, ევროპარლამენტარმა.

“მიჭირს ამის აღიარება თუმცა საქართველო აღმოავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა იყო და ახლა აღარ არის. სახელმწიფო დემოკრატიის გზაზე უკუსვლას აგრძელებს. სასამართლოს კლანი მართავს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია. ამას ადასტურებს ნიკა გვარამიას, მთავარი არხის დამფუძნებლის უსაფუძვლო დაპატიმრება. ქვეყანაში ვრცელდება ტყუილი, რომ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს საქართველოს ომში ჩართვა სურთ. ეს სხვა არაფერი თუ არა უსირცხვილო ტყუილი. საქართველოში პრორულ რადიკალებს მისცეს საშუალება ეძალადათ მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე. 10 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას დაჰპირდა, თუმცა ეს არ შესრულდა”, – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა, ევროპარლამენტარმა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. გვინდა შევინარჩუნოთ ღია კარის პოლიტიკა და უზრუნველვყოთ საქართველოს გაწევრება ეროკავშირსა და ნატოში. ეს არის ის რაც ქართველ ხალხს სურს, თუმცა ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ არასდროს გავხსნით ევროკავშირის კარს, თუ ისინი ისე მოექცევიან პოლიტიკოსებს როგორც ახლა ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მხარს ვუჭერ მძიმედ დაავადებულ  მიხეილ სააკაშვილს, რომლის სხეულშიც მძიმე ლითონები აღმოაჩინეს. უარი მის სამკურანლოდ გაშვებაზე არღვევს დემოკრატიის სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს “პუტინის სტანდარტებით ექცევა და არა ევროპული ღირებულებების მიხედვით”, – ამბობს იოაჰიმ სტანისლავ ბრუჩინსკი, ევროპარლამენტარი.

“ეს რეზოლუცია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე თვის წინ, ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და 12 რეკომენდაცია, რამაც ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა. ეს რეკომენდაციები ძლიერი მამოძრავებელი ძალაა და მათი შესრულება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან დაახლოებას უწყობს ხელს. საქართველომ ეს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. რეფორმები უნდა გააძლიეროს და უნდა გააძლიეროს მონიტორინგი”, – განაცხადა ჰელენა დალიმ, ევროკომისარმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend