მთავარისაქართველოოქროს პრომეთე სოსო ბლიაძის ფილმს „ჩემი ოთახი" გადაეცა

ოქროს პრომეთე სოსო ბლიაძის ფილმს „ჩემი ოთახი” გადაეცა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ერთი კვირის განმავლობაში კინომოყვარულებს 60-ზე მეტი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნამუშევრები – მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი,  დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია  კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.

ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს გადაეცა. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გამარჯვებული სოსო ბლიაძისა და თაკი მუმლაძის ფილმი “ჩემი ოთახი” გახდა.

„წელს, წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩატარდა ფესტივალი და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გვაჩუქეს ეს დღეები და მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ფილმი ქართველი მაყურებლისთვის გაგვეზიარებინა,“ – ფილმის “ჩემი ოთახი” თანასცენარისტი და მსახიობი თაკი მუმლაძე.

სოსო ბლიაძემ „ოქროს პრომეთე“ შარშანაც მოიპოვა  ფილმისათვის „ოთარის სიკვდილი“. წელს ეს მისი მეორე მთავარი ჯილდოა თბილისის საერთაშორისო კონოფესტივალზე.

„პირველ რიგში, ეს ფილმი საქართველოსა და ქართველებისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენთვის მთავარი სწორედ ეს არის, რომ ხალხმა ნახოს და იგრძნოს ის,  რისი გადმოცემაც ჩვენ მათთვის გვსურდა,“ – ფილმის “ჩემი ოთახი” თანასცენარისტი და რეჟისორი სოსო ბლიაძე.

წელს „ოქროს პრომეთე“ კიდევ სამ ფილმს გადაეცა. მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის გამარჯვებულად დასახელდა მხატვრული ფილმი „ჩემი მეგობარი ანდრო“ და დოკუმენტური ფილმი „ჰეი, გუნეშ!“. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში კი გამარჯვება მოიპოვა თეკლა ასლანიშვილის ფილმმა „სახელმწიფო სახელმწიფოში“.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირველი ჯილდოა, რომელიც საქართველოში მივიღე. ეს არის ქართული ფილმი. ზოგადად ეს არის პირველი საფესტივალო ფილმი და ძალიან გვიხარია, რომ ჯილდო მოიპოვა“, – რეჟისორი თეკლა ასლანიშვილი.

ირანელი რეჟისორი სადაფ ფორუღი ამბობს, რომ ჟიურის წევრებისთვის მუშაობა არ იყო მარტივი, რადგან მათ ბევრი გამორჩეული და განსხვავებული ფილმი ნახეს. მისი აზრით,  საქართველოში კინორეჟისორების ძალიან საინტერესო თაობა მოდის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და ჟიურის წევრი ვარ. საქართველოს შესანიშნავი და მდიდარი კინოისტორია აქვს, დაწყებული ფარაჯანოვიდან, შენგელაიადან. მიხარია,  რომ დღეს საშუალება მაქვს,  ვნახო ახალგაზრდა კინორეჟისორების თანამედროვე და მრავალფეროვანი ფილმები. ფილმები სხვადასხვა პრობლემას ეხება. ვიმედოვნებ, რომ ქალი რეჟისორების კიდევ უფრო მეტ ფილმს ვიხილავ. ფესტივალზე ასეთი ფილმები გვქონდა, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო მეტი იყოს”, – ამბობს ჟიურის წევრი სადაფ ფორუღი.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს ყოველ წელიწადს გადასცემენ  გამორჩეულ კინოხელოვანებს. წელს ეს ჯილდოები ოთარ იოსელიანსა და ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტს აგნეშკა ჰოლანდს ერგოთ.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend