მთავარისაქართველოანაკლიის პორტის ასაშენებლად მთავრობამ ხელახალი კონკურსი დააანონსა

ანაკლიის პორტის ასაშენებლად მთავრობამ ხელახალი კონკურსი დააანონსა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი კვლავ გააქტიურდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პორტის ასაშენებლად საქართველოს მთავრობა მორიგ საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ანაკლიის პორტის მშენებლობაში სახელმწიფო ჩაერთვება და 51 პროცენტიანი წილის მფლობელი საქართველოს მთავრობა იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გაიხსენა კონტრაქტი, რომელსაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობის მიზნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს მოაწერა ხელი, და განაცხადა, რომ კონსორციუმმა „ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება“.

“რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, სამჯერ, ოთხჯერ და ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს, სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით. დანარჩენი თანხები, დაახლოებით 20-25 მლნ.

ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ანაკლიის განვითარების კონსირციუმის” დამფუძნებლები და ახლა უკვე პარტია ლელოს ლიდერები კი საქართველოს პრემიერმინისტრს სიცრუეში ადანაშაულებენ. ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროექტში ინვესტირებული იყო 75 მლნ დოლარი, საიდანაც მან და მამუკა ხაზარაძემ 40 მლნ ჩადეს და არა სამი, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„არამხოლოდ ჩამოართვეს 75 მლნ დოლარი ინვესტორებს, არამედ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა, სასამართლო და პროკურატურაში განუწყვეტელი ტარება სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენი რეპუტაცია შელახულიყო, რათა თავის დროზე გაეჩერებინათ ანაკლიის პროექტი.

სინამდვილეში ევროკავშირთან შევთანხმდით, რომ უზრუნველყოფდნენ ანაკლიის პროექტისთვის 50 მილიონი ევროს გარანტიას, თუკი სახელმწიფო და ჩვენც იმავეს გავაკეთებდით, რაზეც ჩვენ თანახმა ვიყავით და მთავრობას თქვა უარი.

კონსორციუმი მზად იყო, ამ 50 მილიონი გარანტიის სანაცვლოდ უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის და პროექტში მონაწილეობაც დაეთმო. დღეს ვისმენთ, რომ სახელმწიფო ჩადებს ინვესტიციას — ანუ 5-ჯერ მეტ ინვესტიციას განახორციელებს იმ დროს, როდესაც 50 მილიონ გარანტიაზე უარი თქვა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსირციუმთან” პორტის მშენებლობის ხელშეკრულება 2020 წელს, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზით შეწყვიტა, რის გამოც კონსორციუმი“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი სახელმწიფოს მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს ედავებიან, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი ეს თანხა 800 მილიონს შეადგენს, რაც საერთაშორისო წესებით დათვლილი ინვესტორთა ზარალია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend