მთავარისაქართველოთბილისში ნაძვის ხე აანთეს, პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში ნაძვის ხე აანთეს, პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

“რა თქმა უნდა, არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. ლადო ასათიანის ცნობილი ლექსის არ იყოს, დიახ, “ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს”, მაშინაც კი როდესაც ვიბრძვით. არასდროს ვტოვებთ იმედს უკეთესი მომავლის, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე. სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა — ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს”, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საზეიმო ღონისძიების პარალელურად თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. იქ შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ სლოგანს „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“, რომელიც თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემოა განთავსებული. სლოგანმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს წარწერა უადგილოა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა მოქალაქეებმა წრიულად გაშალეს 170-მეტრიანი ბანერი ორი ალტერნატიული სლოგანით, “თბილისი – სოლიდარობის ქალაქი” და “თბილისი გმირების ქალაქი”.

“ჩვენ პეტიციით მივმართეთ თბილისის მერიას რომ შეეცვალა სლოგანი ან საერთოდ მოეხსნა ის. თუ სლოგანი კეთდება, ის უნდა იყოს შეთანხმებული თითოეულ მოქალაქესთან რადგან თითოეული მოქალაქე ვართ პასუხისმგებელი იმ სლოგანზე რაც ანთია ჩვენს ქალაქში. მხოლოდ წარწერაზეა საუბარი. ჩვენ გავაკეთეთ გამოკითხვა სოციალურ ქსელებში და გაიმარჯვა ამ ორმა სლოგანმა, ეს არის მოქალაქეების სლოგანი, თბილისი სოლიდარობის ქალაქი და თბილისი, გმირების ქალაქი”, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნატა ფერაძემ.

“სირცხვილია დაიკვეხნო მშვიდობით და გამოიყენო მშვიდობა პროპაგანდისთვის, როცა მეგობარ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, მაშინ როდესაც ქართველები ყოველკვირეულად იღუპებიან”, — განაცხადა აქციის მონაწილე ჯუბა ბერიძიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend