სხვადასხვა სტილში შესრულებული ნახატები, ქანდაკებები, ინსტალაციები და ცოცხლად შესრულებული მუსიკა – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს FEST I NOVA– Paradisiac მასპინძლობს.
აკადემიის სპარსულ ოთახებში გამოფენილია 10 მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც ერთმანეთისგან სტილით, იდეითა და თემატიკით განსხვავდება. მათ შორისაა ნიკა კოპლატაძის ნამუშევარიც. მან სხვადასხვა სტილის მხატვრებთან მუშაობით დიდი გამოცდილება მიიღო
„ასეთი ფესტივალები პრეცედენტს ქმნის. ახალგაზრდა მხატვრებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნონ. ამავდროულად, ასეთი ფესტივალების მეშვეობით თანამედროვე ხელოვნება უფრო ინტეგრირებული ხდება ყოველდღიურ ცხოვრებასთან. მხატვრები სახელოსნოებიდან გამოვდივართ და ბევრად უფრო დიდ მასშტაბებს ვეხებით“, – ამბობს ნიკა კოპლატაძე.
კურატორ დავით კოროშინაძის თქმით, გამოფენას წინ უძღოდა ანთროპოლოგიური და ურბანული კვლევა, რომელიც მხატვრების ჯგუფმა ჩაატარა. სწორედ ასე შეირჩა გამოფენის სახელიც – „Paradisiac“, რომელიც, კურატორის თქმით, სამოთხის მსგავსს ნიშნავს
„Paradisiac-ით“ აღვნიშნავთ ნებისმიერ ფორმას, მოვლენასა თუ მომენტს, რომელიც გარკვეულ სოციალურ კონტექსტში წმიდა ფორმით არის მოცემული. ამ კონცეფციას წინ უძღოდა 6-თვიანი ურბანული და ანთროპოლოგიური კვლევები, რომლებიც ხელოვანების ჯგუფმა ჩაატარა. შემდეგ უკვე სხვადასხვა მედიუმის საშუალებით შევეცადეთ, ეს თემატიკა გაგვეშალა და აქ წარმოგვედგინა. წლევანდელი ფესტივალი სამხატვრო აკადემიის სარკეებიან დარბაზში ტარდება. ამასაც პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს კონცეფციასთან. ჩვენ ვიმყოფებით სარკეებიან დარბაზში, რომელიც თავისთავად სამოთხისებრია“, – ამბობს ფესტივალის კურატორი დავით კოროშინაძე.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი FEST I NOVA წლების განმავლობაში გარიყულაში იმართებოდა. თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მან თბილისში გადმოინაცვლა. გამოფენას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია წელს პირველად მასპინძლობს. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მთავარი მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობაა.
„გამოფენა ძირითადად განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა მხატვრებისა და კურატორებისთვის. გამოფენა გვაძლევს საშუალებას, რომ მეტი საგანმანათლებლო ასპექტი მოიცვას. ამიტომაც ვართ სამხატვრო აკადემიაში. კურატორებმა ძალიან საინტერესო ხედვა შემოგვთავაზეს. აი, ამ დარბაზებში თანამედროვე ხელოვნება ძალიან საინტერესოდ ჩანს“, – ამბობს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე.
დამთვალიერებელს სამხატვრო აკადემიის ე.წ. სარკეებიან დარბაზში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ნახვა 17 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.
თორნიკე კოპლატაძე