ევროკავშირმა მილიარდობით ევროს ღირებულების შეიარაღება და აღჭურვილობა უკრაინაში უკვე გაგზავნა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ წევრი ქვეყნების არსენალი არასაკმარისია.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, იმოქმედონ ამ მიმართულებით.
ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა თითოეული მათგანი გამოაფხიზლა. ევროპაში უკვე გააცნობიერეს, რომ ინვესტიციების ნაკლებობის გამო ევროპის სამხედრო მარაგი სწრაფად იწურება. მისი თქმით, წლებია, ამ სფეროში არასაკმარისი ინვესტიციები იდება.
ევროპის ქვეყნები კვლავ დამოკიდებული არიან შეერთებულ შტატებსა და ნატოზე. რუსეთის აგრესიის გამო შეერთებულმა შტატებმა ევროპაში ჯარისკაცთა რაოდენობა გაზარდა.
ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად, საფრანგეთს სურს, რომ ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვა უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული.