პოლონეთში, ესტონეთში, გერმანიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში პოლიციამ ევროპოლთან თანამშრომლობით დააკავა პირები, რომლებსაც ბელარუსის საზღვრიდან არალეგალურად გადაჰყავდათ მიგრანტები პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ბოლო ინფორმაციით, პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან დაცვა გააძლიერა.
პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის სპიკერი ანა მიჩალსკა აღნიშნავს, რომ ეს იყო მორიგი ოპერაცია მიგრანტებთან დაკავშირებით. სასაზღვრო პოლიციამ მიმდინარე წელს უკვე დააკავა 39 პირი – ორგანიზატორები და ის ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან და სხვადასხვა დონეზე მოქმედებდნენ. ანა მიჩალსკას თქმით, ეს ადამიანები ერთმანეთს არც იცნობენ, ისიც არ იციან, სხვები რა სახის სამუშაოებს ასრულებენ.
დანაშაულებრივი ჯგუფისთვის თურქეთი მოქმედების საწყისი წერტილი იყო. აქედან აგზავნიდნენ ისინი მიგრანტებს თვითმფრინავით რუსეთში, რუსეთის დედაქალაქიდან კი – ბელარუსში. ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ გასაიდუმლოებული გზით ისინი დანიშნულების საბოლოო ადგილას, გერმანიაში, ჩაჰყავდათ.