მთავარისაქართველოდოკუმენტური ფილმი სტუდენტზე, რომელიც გაცვლითი პროგრამით ღაზის სექტორში ჩავიდა

დოკუმენტური ფილმი სტუდენტზე, რომელიც გაცვლითი პროგრამით ღაზის სექტორში ჩავიდა

დღეს ღაზის სექტორში შეღწევა არც ისე ადვილია, რიკარდო პირველი ევროპელი სტუდენტია, რომელიც ღაზაში ერასმუსის გაცვლითი პროგრამით 2019 წელს ჩავიდა. მას სურდა, უფრო მეტი ცოდნა მიეღო გადაუდებელი ქირურგიის შესახებ.

იტალიელი სტუდენტისთვის, მრავალი დაბრკოლებიდან პირველი, ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვრის გადაკვეთა იყო. ახალი იტალიური დოკუმენტური ფილმი „ერასმუსი ღაზის სექტორში“ რიკარდოს მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა ეს ისტორიაზე მეტია. ფილმი გვასწავლის, რა უნდა გააკეთო, რომ ოცნებები აისრულო.

„შეუძლებელია, მსგავს გამოცდილებას მომზადებული შეხვდე. ჩვენ არ გასწავლიან, როგორ ვმართოთ სიტუაცია სამხედრო იერიშების დროს, როდესაც 10 წუთში ერთდროულად 50 ადამიანი მოდის, ყველა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. როცა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდები… ემოციების მართვა ძალიან რთულია, ეს ყველაფერი შენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. თუმცა მე მივიღე ეს გამოცდილება და მივხვდი, რომ ეს არის ის, რისი კეთებაც მინდა ცხოვრებაში“, – ამბობს რიკარდო კორადინი.

ფილმის რეჟისორებს სურდათ იმ სტუდენტის ისტორია მოეყოლათ, რომელიც წინასწარი წარმოდგენების გარეშე ექიმად ომში წავიდა. რეჟისორებს დოკუმენტური ფილმით ერთ კითხვაზე სურდათ პასუხის გაცემა.

„შეუძლია თუ არა კულტურულ დიპლომატიას შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც პოლიტიკურმა დიპლომატიამ დატოვა, რადგან თავისი მისია ბოლომდე ვერ შეასრულა? ამ გამოცდილების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერასმუსის პროექტით ევროკავშირი დიდ პასუხისმგებლობას იღებს. ეს არის პროგრამა, რომელიც კედლების ნაცვლად ხიდების აშენებას ისახავს მიზნად”, – ამბობს რეჟისორი მატეო დელბო.

„ამ კონკრეტულ სიტუაციაში ერასმუსის პროგრამა მშვიდობის ინსტრუმენტია, რომელიც ევროპულ იდენტობას წარმოაჩენს. ეს ახალი ჰორიზონტია როგორც რიკარდოსთვის, ისე ღაზაში მცხოვრები ხალხისთვის. ისინი ყველასგან იზოლირებული არიან… ისინი ცხოვრობენ ციხეში და არ იციან, რას ნიშნავს სამყაროსთან ურთიერთობა. მათთვის რიკარდო სწორედ ეს არის. ის განასახიერებს დასავლურ სამყაროს, რომელთანაც შეხება მათ თითქმის არ აქვთ”, – ამბობს ფილმის კიდევ ერთი რეჟისორი კიარა ავესანი.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რიკარდო თვლის, რომ ყველა ომი ერთნაირია. მისი თქმით, ომი ჰგავს ავადმყოფობას, ვირუსს, რომელიც შეიძლება ყველას შეეყაროს.

„მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ხალხთან ერთად ერთ გაკვეთილზე დასწრება არის ერთგვარი საშუალება, რომელიც სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხს აერთიანებს. ასე ერთმანეთს უკეთ ვეცნობით. ამის შემდეგ უცხოსი აღარ გვეშინია. როცა შიში არ არსებობს, აღარც ომია“, – ამბობს რიკარდო კორადინი.

ორივე რეჟისორს იმედი აქვს, რომ რიკარდოს ისტორიის გაცნობის შემდეგ სხვა სტუდენტებიც ეცდებიან, მიიღონ მსგავსი გამოცდილება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20

ომის 1000 დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend