როგორია საქართველოში ქალების პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერები – ამ თემაზე 8 დეკემბერს კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევაში საუბარია, რომ საქართველომ ქალთა გაძლიერების კუთხით 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით პოზიცია მცირედით გაიუმჯობესა.
ამავდროულად, ქვეყანაში ისევ არსებობს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების დამაბრკოლებელი და ძირეული გამომწვევი მიზეზები.
მაგალითად, საუბარია, რომ პოლიტიკური პარტიები თავს იკავებენ მაჟორიტარ კანდიდატებად ქალების წარდგენისგან, რადგან ფიქრობენ, რომ ამომრჩევლები მათ არ მისცემენ ხმას. კვლევის მიზანია, საქართველოს საარჩევნო კომისიას დაეხმაროს ამ ცვლილებების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაში.
„კველვამ ცხადყო, რომ გარკვეული პოლიტიკის არ არსებობა, ამ თვალსაზრისით, იგივე პოლიტიკურ პარტიებში, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მაღალ ჩართულობას ამ პროცესებში, არის გასავითარებელი. ასევე გამოიკვეთა სხვა ისეთი შემთხვევები, რომელიც უკავშირდება სიძულვილის ენის გამოყენებას, სექსიზმს, ეკონომიკურ პრობლემებს, ცნობიერების საკითხებს და ეს არის ის ყურადსაღები ფაქტორები, რომლებიც, ვფიქრობ, როგორც ჩვენი ინსტიტუციის მხრიდან, ასევე სხვადასხვა ჩართული მხარეების მხრიდან, საჭიროებს გარკვეულ, მეტ ყურადღებას იმისთვის, რომ სათანადო აქტივობები იყოს სწორად დაგეგმილი და შერჩეული“, – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა და მას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კი იმის შესახებ ისაუბრა, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა.
„რაც შემიძლია ევროპის საბჭოს ოფისის პერსპექტივიდან ვთქვა, არის ის, რომ ქართულ პოლიტიკაში კვოტების განხორციელება მნიშვნელოვანია. რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა? ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი შედგება ქალებისგან და ეს უკვე არის მიზეზი იმისთვის, რომ დაახლოებით 50 პროცენტს ქალები წარმოადგენდნენ იქნება ეს მთავრობის თუ მუნიციპალურ დონეზე. ევროპის საბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს გენდერული თანასწორობა. ჩვენ არ განვიხილავთ ქალები პოლიტიკაში უკეთესები არიან თუ უარესები, საქმე ეს არ არის. საქმე ის არის, რომ მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი მათი საკითხებით, პრობლემებით, გამოწვევებით და ასევე იდეებით, თუ როგორ გახდეს საქართველოს საზოგადოება უკეთესი“, – განაცხადა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ნატალია ვუტოვამ.
კვლევის მიხედვით, ეს სიტუაცია იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ გენდერის შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებთან მოხდება დაპირისპირება.
ასევე, საზოგადოება და ინსტიტუტები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები და პარლამენტი ვალდებულებას აიღებს, რომ განახორციელოს რეალური სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც ქალებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე თანაბარ წვდომას უზრუნველყოფს.
დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ქალები საკუთარი აზრის გამოხატვას და მათი ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება ნორმალიზებული.
ანა ალელიშვილი