ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის სისხლის ნიმუშის დამატებით აღებაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ ეტაპისთვის უარი განაცხადა. ამის შესახებ, კლინიკა „ვივამედში“ მისულმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, სააკაშვილი გამოძიებისთვის საჭირო სისხლის ნიმუშის აღებაზე საბოლოო უარს არ აცხადებს. გამომძიებელმა თქვა, რომ დამატებითი ნიმუშის წარდგენა არის ექპერტიზის უფლება და რამდენჯერაც საჭირო გახდება, იმდენჯერ უნდა მოხდეს ამ პროცედურის განხორციელება.
„ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, დავუსვით ექსპერტს კითხვები იმ გაჟღერებულ მეტალებთან და უცხო სხეულებთან დაკავშირებით, რაც გაჟღერდა მედიასაშუალებებში. ექსპერტიზის ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა დამატებით ნიმუშის წარდგენა და რომ არ შეფერხდეს, ნიმუშის აღება არის ჩვეულებრივი ამბავი. დამატებითი ნიმუშის წარდგენა არის ექპერტიზის უფლება, თუ სურს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად გამოძიებამ დამატებით წარუდგინოს ნიმუშები, შეუძლია, მიმართოს დამნიშნავ ორგანოს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვეყრდნობით ექსპერტიზის ბიუროს. ჩვენ ექსპერტიზის ბიურომ მოგვმართა კონკრეტული ნიმუშის წარდგენის მოთხოვნით, რომლითაც ისინი თვლიან, რომ სავარაუდოდ გაგვცემენ პასუხებს ყველა გაჟღერებულ საკითხთან დაკავშირებით. საერთაშორისო გაიდლაინებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ვეყრდნობით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, – განაცხადა გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა.
სისხლის ნიმუშების აღებით შედეგის მიღწევას არ ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის უფლედამცველები. ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია სისხლში ნაკლებად ჩანს და საერთაშორისო პრაქტიკა, თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღებას ითვალისწინებს.
„პირველი საკითხი იყო ის, რომ დამატებით უნდა აეღოთ სისხლი. სააკაშვილმა უარი განაცხადა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა ჩემი განმარტება იყო, რომ ექსპერტები ჩამოყალიბდნენ, რა მეთოდით, როგორ ატარებენ. ყოველდღე ხომ არ აუღებენ სისხლს, განგრძობადი ექსპერტიზა ხომ არ არის. ამიტომ, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, როგორ უნდათ და წერილობით გამოგვიგზავნონ. ოფიციალურად მივიღებთ, გავეცნობით, ვიმსჯელებთ. ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარს არ აცხადებს, ჯერ კარგად გახდეს. მე, როგორც ადვოკატს მაინტერესებს, დააზუსტონ, რა მეთოდით ტარდება და როგორ. შემდგომ გვითხრეს, რომ მივმართოთ ჩვენი ექსპერტების დასწრების საკითხზე და განიხილავენ მაგასაც. დღესვე გავუგზავნით მოთხოვნას წერილის სახით. ტყუილად ატარებენ, ეს რეზულტატს არ იძლევა. აბსოლუტურად სხვა მეთოდით ტარდება მთელ მსოფლიოში. სტანდარტია დადგენილი თმისა და ფრჩხილების საშუალებით ექსპერტიზის ჩატარების, როცა მძიმე მეტალებზეა საუბარია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ისაუბრა კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ და ზონდით კვების საჭიროება არ დგას. მისივე განცხადებით, მასთან ექიმები მუდმივად საუბრობენ სრულფასოვანი კვების საჭიროებაზე.
„შემოსვლიდანვე, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შემდეგში უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. ამის შესახებ ყოველდღე გვაქვს პაციენტთან საუბარი. რაც შეეხება ზონდით კვებას, რაც იკითხეთ, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით!“, – აღნიშნავს ჩხაიძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, დასკვნა გამოაქვეყნა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმაც. მათი საერთო შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და ეს მოცემულობა ექვემდებარება სასამართლოს მიერ სასჯელის გადავადების დაკმაყოფილებას.
ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატის, ილია ლომიას განცხადებით კი, სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობისთვის სასამართლოს რამდენიმე სხდომა დასჭირდება. როგორც ლომია განმარტავს, შუამდგომლობის განხილვას, ასევე, მოწმეების დაკითხვას, მინიმუმ, 2 პროცესის ჩატარება დასჭირდება. ადვოკატების შუამდგომლობაზე, რომელიც სასჯელის გადავადებას შეეხება, სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს. აღნიშნულზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ უნდა მიიღოს.
ალეკო გვეტაძე