თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მეორე დღეს ხუთი ქართული მოკლე თუ სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი. გიორგი ბერუაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მტვრის ნაწილაკები“ ფესტივალზე პირველად აჩვენეს.
„ფილმი სამ პერსონაჟზეა, რომლებიც თინეიჯერები, არასრულწლოვანები, სკოლის მოსწავლეები არიან. ჩვენ მათი ცხოვრება დოკუმენტურ სტილში გადავიღეთ“, – ამბობს ფილმის პროდიუსერი ლუკა კობალეიშვილი.
ხვიჩა და თინათინ ემირიძეების ფილმ „რესპუბლიკის“ პრემიერა ნიუ-იორკისა და ბათუმის შემდეგ თბილისშიც გაიმართა. ფილმის მთავარი გმირი დათოა. იგი ერთი წლის განმავლობაში ნაგავსაყრელზე ცხოვრობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, აეშენებინა უტოპიური რესპუბლიკა, სადაც ცხოველები და ადამიანები თანასწორები იქნებოდნენ.
„ფილმი არის ადამიანზე, რომელიც, ფაქტობრივად, შეუძლებელ გარემოში ცდილობს, რომ საკუთარი თავი იპოვოს. სურს, არაფრისგან ძალიან მნიშვნელოვანი რამ შექმნას და იქ საკუთარი თავი დაიმკვიდროს“, – ამბობს ფილმის თანარეჟისორი ხვიჩა ემირიძე
„რესპუბლიკის“ მეორე რეჟისორი თინათინ ემირიძე ამბობს, რომ მათთვის ფილმის თბილისში ჩამოტანა მნიშვნელოვანი იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლა. ჩვენ თვითონ ქობულეთში დავიბადეთ და გავიზარდეთ და გარემოსთან დაკავშირებით სულ სხვა დამოკიდებულება გვაქვს. ყველა ტიპის მაყურებელთან შეხვედრა საინტერესოა, მაგრამ შენი ქვეყნის მაყურებელი კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ის უფრო კარგად აღიქვამს ფილმში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ზოგადად ქვეყნის პრობლემებიცაა.“
ფესტივალის ფარგლებში გიორგი ვარსიმაშვილის ფილმის „მაინც ვითამაშებთ“ თბილისური პრემიერაც გაიმართა.
„თავიდან გვინდოდა, რომ თავისუფალი თეატრის 20 წლის იუბილესთვის გადაგვეღო შიდა მოხმარების საიუბილეო ფილმი, რომელსაც გახსნის დღეს დარბაზში ვუყურებდით და ამით დამთავრდებოდა. თუმცა მერე, როდესაც ეს არქივი მოვიძიე, აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ქვეყნის მთელი ისტორია, ბოლო ოცი წელია გადმოცემული. უცებ გამოვიდა ფილმი და ვიფიქრეთ, რატომ უნდა დავტოვოთ მხოლოდ შიგნით. ჩვენი აზრით, შეიძლება ამ ფილმის ფართო აუდიტორიისთვის ჩვენება“, – ამბობს ფილმის „მაინც ვითამაშებთ“ რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი.
კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში კი მაყურებელს ანა სარუხოვას ფილმის „აღუქმელი ნათება“ და კოტე კალანდაძის ფილმის „დრამერის“ ნახვა შეეძლო.
ქართულ პანორამასთან ერთად 23-ე საერთაშორისო ფესტივალზე ასევე მუშაობს სექციები: „ოსკარის მაძიებლები“ და „ქვეყანა ფოკუსში: რუმინეთი“. აქ ნაჩვენებია ის ფილმები, რომლებიც თავინთი ქვეყნებიდან ოსკარზეა წარდგენილი.
„მჯერა, რომ ასეთი კოლაბორაციები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნები ერთმანეთთან ახლოსაა. ბევრს, მათ შორის მეც, მიაჩნია, რომ ესთეტიკით, სტილითა თუ თემებით გამორჩეული რუმინული ფილმები ქართულ ფილმებს ჰგავს. განსაკუთრებით კომუნისტურ წარსულს თუ გაითვალისწინებ. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც კინოინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიონალი ერთად იკრიბება, რადგან სწორედ ასეთ დროს იქმნება ნამდვილი კოლაბორაცია“, – ამბობს ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მიჰაი კირილოვი.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება კვირის ბოლომდე გრძელდება. ხოლო ქართული პანორამის გამარჯვებულთა ვინაობა ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდება.
თორნიკე კოპლატაძე