მთავარიევროპარუსეთირუსეთში პირველი და ერთადერთი ქვიარ მუზეუმი იხურება

რუსეთში პირველი და ერთადერთი ქვიარ მუზეუმი იხურება

რუსმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს ჰომოფობიური კანონი, რომელიც მათი თქმით ქვეყანაში ლგბტქ+ პროპაგანდას აღკვეთს

რუსეთში პირველი და ერთადერთი ქვიარ მუზეუმი იხურება. იხურება იმიტომ, რომ რუსმა კანონმდებლებმა საბოლოოდ დაამტკიცეს გამკაცრებული კანონი ლგბტქ+ პროპაგანდის წინააღმდეგ. ეს 24 ნოემბერს მოხდა, მუზეუმი კი სანქტ-პეტერბურგში 27 ნოემბერს გაიხსნა. იმის იმედით, რომ გამკაცრებულ კანონს გადაურჩებოდნენ და იტყოდნენ თავიანთ სიტყვას.

მუზეუმში ბევრი ექსპონატი არ ჰქონიათ. შესასვლელთან სტუმრებს რუსი კომპოზიტორის პიოტრ ჩაიკოვსკის პორტრეტი ხვდებოდათ, კიდევ რამდენიმე ქანდაკება, ჭურჭელი და წიგნები. სულ ეს იყო, დასტურად იმისა, რომ რუსეთში ქვიარ ადამიანები არსებობენ, მათ ხედავენ და მათ მხარს უჭერენ.

„სათითაოდ შევავხვევ ყველა ექსპონატს, ავიღებ მუყაოს ყუთს და შიგნით ჩავაწყობ. დავმალავ ისეთ ადგილას, რომელზეც ხელი ცნობისმოყვარე ე.წ. სამართალდამცველებს არ მიუწვდებათ. ვგეგმავ რომ სამომავლოდ კოლექციას საზღვარგარეთ გავაგზავნი, რადგან იქ რუსეთის საზღვრებს გარეთ მაინც გამოიფინოს. დამოუკიდებლად ან რომელიმე ევროპულ ქვიარ მუზეუმთან ერთად. ეს სისტემა გვჭამს. გვყლაპავს, არამარტო ლგბტქ+ თემს, არამედ ყველას. ეს სისტემა საზღვრებს გარეთაც აზიანებს ადამიანებს. ეს ტრაგედიაა. საშინელებაა“, – ამბობს პიოტრ ვოკრესენსკი, რუსეთში პირველი ქვიარ მუზეუმის დამფუძნებელი.

რუსეთში 2013 წელს მიიღეს კანონი, რომლის შედეგადაც აიკრძალა არასრულწლოვნებთან ლგბტქ+ თემის პროპაგანდა. ახალი კანონი კი რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შევიდა ძალაში აფართოებს აკრძალვას და ის 18 წელს ზემოთ ასაკის პირებზეც ვრცელდება.

იკრძალება რეკლამა, ფილმები, სპექტაკლები და წიგნები, ყველაფერი რასაც რუსი კანონმდებლები ჩათვლიან, რომ ლგბტქ+ თემის პროპაგანდაა.

„ვფიქრობ, ახლა გამომცემელთა უმეტესობა ახალი წიგნების გამოცემის დროს ამ კანონს გაითვალისწინებს. დიდი ალბათობით ისინი უბრალოდ არ ითანამშრომლებენ იმ ავტორებთან, ვისი წიგნებიც ლგბტქ+ თემზე გვიყვება, თუნდაც ეს პოტენციური ბესტსელერი იყოს“, – მიიჩნევს რუსული გამომცემელთა ჯგუფის, „ალპინას“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსი ილინი.

„ეს კანონი გავრცელდება ყველაზე, ვინც რაიმე სახით აწარმოებს ან ავრცელებს ინფორმაციას. კანონის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს და არ არსებობს მკაფიო საზღვრები რა არის პროპაგანდა და რა არა“, –  წუხს იურისტი მიხაილ ხოხოლკოვი.

სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში ბევრი ხალხია, საინტერესოა რას ფიქრობენ ისინი ახალ კანონზე:

„ვფიქრობ, ეს ძალიან სწორია. ჩვენ არ უნდა ვუბიძგოთ ბავშვებს და მით უმეტეს ზრდასრულებს ცდუნებაში“ – მარინა, სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი;

„ვფიქრობ ეს სრული სისულელეა და თავისუფლების შეზღუდვაა. იმიტომ რომ არცერთ წიგნს არ შეუძლია ადამიანის ორიენტაციის შეცვლა, სასაცილოა რომ ამის ეშინიათ“ –  ილონა გალემბო, სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი;

ჰომოფობიური კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ათასიდან 66 ათას დოლარამდე. არარეზიდენტები კი ჯარიმასთან ერთად შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ, ასევე შესაძლოა, ქვეყნიდან გაძევებამდე მათ 15 დღიანი პატიმრობა დაემუქროთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend