ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები – საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ კრამპი, პროექტის მენეჯერი ანნე ბირგიტ ჰანსენი და პოლიტიკური ოფიცერი ოლიკო შერმადინი – საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკოსებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იყო.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მათ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დიდი პროგრესი საქართველოს არც ერთი მიმართულებით არ აქვს.
„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც აკვირდება ევროკავშირი ეს არის სახალხო დამცველის დანიშვნის თემა, კენჭისყრაზე უნდა დადგეს ეს საკითხი. რეალობა ისაა, რომ დღევანდელი მდგოამრეობით დიდი პროგრესი არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
„მე მაქვს საშუალება მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი და მათ ჰქონდათ კონკრეტული კითხვები. მეორე საკითხი ეს იყო ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული საკითხი. რაც შეეხება 12 პუნქტს, ძირითადად საკითხები ეხებოდა საარჩევნო კოდექსს“, – აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.
„მთავარი აქცენტი გავაკეთეთ მართლმსაჯულების სისტემაზე, ჩვენი აზრით რა არის გამოსავალი, რა შეასრულებდა 12 პუნქტიდან ამ მნიშვნელოვან პუნქტს. ჩვენი აზრით, ეს არის მსაჯულთა სისტემის გაფართოება“, – თქვა „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ.
მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. მათი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა მნიშვნელოვანია.
„საკმაოდ ბევრი მიმართულება გვაქვს შესრულებული, მათ შორის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე პარლამენტმა რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები მიიღო, ასევე ევროსასამართლოს პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებიც, პროცესის ნაწილი მიმდინარეა და ნაწილზე ველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დასკვნებს, ვენეციის კომისიამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან და მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. სანამ ეს დასკვნები არ მოვა, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს. საარჩევნო მიმართულებით იცით, რომ მივიღეთ წინასწარი დასკვნის პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც ხვალ ჩანიშნული მაქვს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და ამ დასკვნას დეტალურად განვიხილავთ, ზეგ უკვე გვექნება საშუალება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარვადგინოთ მეორე მოსმენის პაკეტი, რომელიც ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს. მიმდინარე წლის ბოლომდე საარჩევნო კანონმდებლობა სრულად იქნება მიღებული“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.
ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ 23 ივნისს მიიღო. საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.
ანა ალელიშვილი